25 მარტი – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა, სრულიად საქართველოს, ჩვენს დედაეკლესიას ვულოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯი, რასაც ეყრდნობოდა ქართული სახელმწიფოებრიობა. დღესაც ის დანაწევრებული სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.
ჩვენი დიდი წინაპარი, წმიდა ილია მართალი ასე აფასებს მართლმადიდებლობის როლს ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში:
•••
“ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.
•••
ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად.
•••
საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.
•••
ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა…”



