სასოწარკვეთილი დიქტატორი

gerbi1ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში შინაარსითა და განწყობით იყო ხელისუფლების მზადყოფნის ნიშანი ნებისმიერი გზითა და ხერხებით, თუნდაც სრული გაყალბების ფასად,  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა.

ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ პარლამენტში დაწყებული სერიალი გრძელდება პრეზიდენტის ვოიაჟებით დაღდასმულ დაბებსა და ქალაქებში. ჯერჯერობით უკანასკნელი მინორული აკორდი გახლდათ ბატონ სააკაშვილის, უკაცრავად პასუხია და, ბღავილი. ჩვენთვის ასეთი სიტყვების ხმარება უცხოა და კარგად გვესმის, პოლიტიკოსებმა არ უნდა ვიკადროთ ასეთი შეფასებები. მაგრამ… ასე რომ არის?! თელავში პრეზიდენტის გამოსვლა შინაარსით, განწყობით, ჟესტიკულაციით,  მიმიკით, ტემბრით – ეს იყო საბოლოოდ ფორმირებული და ჩამოყალიბებული დიქტატორის ბღა-ვი-ლი

 

დიქტატორისა, ვინაიდან მისი და მისი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის ნიშნებია უხეშობა, უხამსობა, ძალადობა, ველურობა.

დიახ, დიქტატორისა, შეშინებული და სასოწარკვეთილი კაცისა, რომელმაც შესანიშნავად იცის, რა ელოდება პოლიტიკური მარცხის შემთხვევაში. ელოდება კი: პასუხისმგებლობა ჩადენილი უკანონობებისათვის; დაკარგვა ყოველივე უკანონოდ მითვისებულისა; დანგრევა „დომინოს პრინციპით“ უკანონოდ შექმნილი სახელმწიფო ჩინოვნიკების ვერტიკალისა.

დიახ, დიქტატორისა, ვინაიდან „ნაციონალები“ ემზადებიან ძალაუფლების უზურპირების გზით ხელისუფლების მორიგი  მიტაცებისათვის, ვინაიდან პატიოსან არჩევნებში ქართველი ხალხი მათ არასდროს დაუჭერს მხარს

დიახ, დიქტატორისა და არა სახალხოდ არჩეული პრეზიდენტისა, რამეთუ მხოლოდ დიქტატორი თუ მისცემს თავს უფლებას, ერთპიროვნულად, მრავალჯერადად დაარღვიოს კონსტიტუცია.

ბოლო ფაქტი კონსტიტუციაზე ერთპიროვნული ძალადობისა გახლავთ კონტროლის პალატისათვის კონსტიტუციურად მინიჭებულ უფლებამოსილებაში ცვლილებების შეტანა და მისი ერთადერთი ფუნქციის, საბიუჯეტო თანხების კონტროლის პარალელურად პოლიტიკური პარტიების საფინანსო ოპერაციების და რეზერვების კონტროლი.

კონტროლის პალატა დღეს გვევლინება საფინანსო პრობლემატიკის შირმას ამოფარებულ პოლიტიკურ პოლიციად.

არჩევნების გაყალბებისათვის  გამალებულ მზადებაზე მეტყველებს სულ ახლახან მომხდარი ორი გადაადგილება:

„მოქკავშირის“ ყოფილი გენერალური მდივანი, „მოქკავშირისა“ და „ნაცმოძრაობის“  საყოველთაოდ აღიარებული მთავარი ბანკირი, ბატონი მიხეილ მაჭავარიანი  „ნაცმოძრაობის“ გენერალურ მდივნის სავარძელში ჩააბრძანეს. ნურვინ იფიქრებს, რომ ეს შიდაპარტიული გადაადგილება და „ნაცმოძრაობის“ შიდაპარტიული საქმეა. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გამყალბებლის და გაყალბების ფინანსური ორგანიზატორის მმართველი პარტიის მეორე ნომრად გამომზეურება პირდაპირი ნიშანია უკანონო  გამარჯვებისაკენ „ნაცების“ ცხოველური ლტოლვისა.

სულ ახლახან ჯანდაცვის მინისტრად  მიგვევლინა მართალია არა მედიკოსი, მერე რა, რომ ფილოსოფოსი, „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი „კაშკაშა“ სახე – ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ორი რამის გამო შერისხა ერმა: 2003 -2004 წლებში ცესკოს დავმჯდომარეობის პეროდში შეთავსებით არჩევნების მთავარ გამყალბებლად მუშაობისათვის და „ქართლის დედისადმი“ უკადრისი დამოკიდებულებისათვის. ორთავ საქმეში ნაწრთობი და გამოცდილი კიდევ ერთი „ნაცი“ ჩადგა მშობლიური პარტიის უკადრისი საქმიანობის სამსახურში.  ისე, თუ ვინმე მისგან ჯანდაცვის სფეროში სიკეთეს ელოდება, უკომენტაროდ მოვუტანთ მის სიტყვებს: „ჯანდაცვის სფერო კერძო რელსებზეა გადაყვანილი და ამას უნდა შევხედოთ, როგორც ჯანსაღ  ეკონომიკურ გარემოს“.

მისასალმებელია, რომ ბევრმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ გამორჩეულმა სახემ, ირაკლი ალასანიამ დაინახა ჩვენი სიმართლე და ის საფრთხე, რომლის თაობაზე „თეთრები“და მთლიანად „სახალხო კრება“ ქვეყანას ვაფრთხილებდით ყველა ჩვენს გამოსვლაში, აქციაზე, შეკრებაზე, განსაკუთრებით  26 მაისს, როცა არა პოლიციამ, არამედ სწორედ იმ გასამხედროებულმა ფორმირებებმა დაგვარბიეს, რომელთა შესახებ დღეს ბატონი ირაკლი საუბრობს დიპლომატებთან შეხვედრის დროს. ჩვენის მხრივ დავუმატებთ, რომ 26 მაისი იყო უვერტიურა იმ დიდი სამოქალაქო სისხლისღვისა, რომლისთვისაც მზდებას ხელისუფლება განაგრძობს.

სასიამოვნოა, რომ ახლა მაინც ირწმუნა ზოგმა „ურწმუნო თომამ“ ჩვენი სიმართლე, რომ:

– ხელისუფლებასთან გარიგება არ შეიძლება;

– არსებული კანონით დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება;

– არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება.

ამიტომ, ქვეყნის გადარჩენის გზა გადის არჩევნებში არჩევნებამდე გამარჯვებაზე  ვინაიდან, სხვა შემთხვევაში ქვეყანა მიიღებს ან უფრო მაღალ ხარისხში აყვანილ დიქტატურას, ან რევოლუციას. ორთავ გზა ქვყნისათვის დამღუპველია. ამას უკვე საქართველო ვეღარ გაუძლებს.

 

“თეთრები“

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 16 მარტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *