საცოდავი საქართველო ასეთი პრეზიდენტის ხელში


მართლაც ბევრი რამით გამორჩეული სააკაშვილი

2000 წლის აპრილში ტელევიზიის პირველ არხზე, ინგა გრიგოლიას საავტორი გადაცემაში „პირისპირ“ დებატები მიხეილ სააკაშვილთან ასე დავამთავრე: „ საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში“

ეს იყო ჩემი შეფასება სააკაშვილის ტრაბახისა, რომ „მოქკავშირმა“ საქართველო ააყვავა…

არ ვიცი, ვინ როგორ თვლის: როდის იყო მიხეილი მართალი, მაშინ, როცა ის -„მოქკავშირის“ გენერალური მდივანი ამბობდა, რომ „მოქკავშირმა“ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანა და საქართველოში დემოკრატია დაამყარაო, თუ დღეს, როცა უკვე პრეზიდენტი თავის გამოსვლებში გმობს ძველ პერიოდს და ამბობს, რომ ქვეყანა დაქცეული იყო და 2003 წლის მერე ავაყვავეთო.

მე კი ვიცი, მაშინაც ტყუოდა და დღესაც ტყუის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ სააკაშვილის გამონათქვამების სერიოზულად აღქმა უკვე არასერიოზულობაა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტი, თუმცა ზოგიერთი რამით მართლაც გამორჩეული: გამორჩეული დემაგოგიით, გამორჩეული ტყუილებით, გამორჩეული ხალხის დამონებისა და მისი პირადი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებით, გამორჩეული სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის მსახურებით, გამორჩეული მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღებით.

თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო „მოქკავშირ“ – აღორძინება“ – „ნაცმოძრაობის“ მმართველობამ სააკაშვილის რვაწლიანმა პრეზიდენტობამ საქართველო, შეგიძლიათ ნახოთ „თეთრების“ ვებგვერდზე www.tetrebi.org „საქართველო დღეს – სააკაშვილის პრეზიდენტობის 8 წლისთავზე“ .

როგორც ჩანს, საზღვარი აქვს ყველაფერს, სააკაშვილის ტყუილებს გარდა. ამის დასტური მისი ბოლოდროინდელი გამოსვლებია მახათას მთით დაწყებული – ქუთაისით დამთავრებული.

თუ 2000 წელს მწუხარებით ვამბობდი: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში“, დღეს გაცილებით მეტად გამოკვეთილი მწუხარებით ვამბობ: „საცოდავი საქართველო ასეთი პრეზიდენტის ხელში“.

ეს იქნება იმ ბრიფინგის მთავარი თემა, რომლის გამართვასაც 8 მაისს ვგეგმავთ და იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი პრეიზდენტობის პერიოდში უკვე მერამდენედ ეხება ჩემს მერობასა და გუბერნატორობას – კარგი იქნება, თუ საქართველოს ტელევიზიები აჩვენებენ ჩემს გამოსვლებს საქართველოს პარლამენტში 1997 და 2000 წლებში, დებატებს მიხეილ სააკაშვილთან ინგა გრიგოლიას გადაცემაში, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მოქკავშირის“ საარჩევნო პროგრამას, რომელიც იმერეთისა და ქუთაისის წარმატებებზე იყო აგებული და ჯანსუღ კახიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში მაშინდელი „მოქკავშირის“ მიხეილ სააკაშვილის გენერალური მდივნობით ორგანიზებულ შეხვედრას პერზიდენტობის კანდიდატად ედუარდ შევარდნაძის დასახელების მიზნით, სადაც შევარდნაძე „მოქკავშირმა“ წარმოაჩინა, როგორც ერის მამა, ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი. თუ გვინდა ვნახოთ ვინ მართავს ქვეყანას, თუ რა მრავალსახოვანი იანუსია სააკაშვილი და მართლაც რა საცოდავია ასეთი ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური პოტენციალის, მქონე საქართველო მიხეილ სააკაშვილის ხელში.

ვწუხვარ, რომ ინგა გრიგოლიამ მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი თხოვნებისა, დღემდე ვერ მოახერხა ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დებატების ვიდეოჩანაწერის გადმოცემა.

გასაგებია, რატომაც მალავენ ბევრ რამეს, რატომაც დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი“, რატომ ამოიღეს ბევრი მასალა სატელევიზიო არქივებიდან.

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 3 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *