15 ნოემბრის ლუსტრაციას ხელი არ უნდა შევუშალოთ!

12დღეს მთელი საინფორმაციო სივრცე 15 ნოემბრის მიტინგთან არის დაკავშირებული. ეს კატასტროფაა. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს აწყობს „ნაცმოძრაობას“  .  უკვე მერამდენედ, ქვეყნის პოლიტიკური პროცესი და ხალხის რეალური ყოფა, ქვეყნის რეალური მდგომარეობა სხვადასხვა სიბრტყეზეა.  უკვე მერამდენედ, აფხაზეთისათვის ბრძოლის საბაბით გაცილებით ვცილდებით აფხაზეთს… ყალბია ეს ბრძოლა… ყალბია პოლიტიკური პროცესიც და პოლიტიკოსთა პათეტიკით სავსე საინფორმაციო სივრცე.

აშკარაა, რომ პოლიტიკოსებმა ხალხს წავართვით საქართველო და, სამწუხაროდ, ხალხიც  ეგუება ამას. ხალხი პოლიტიკოსებს აყვა საუბარში – რაზე, მაშინ, როცა მთვარია – რატომ? ამ უკანასკნელზე საუბარი პოლიტიკოსებს არ გვაწყობს, რადგან ეს უკვე ჩვენზე – პოლიტიკოსებზე საუბარს ნიშნავს.

დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოსთვის მთავარია არა ის, თუ რა ხდება და რა დღეში ვართ, არამედ ის, თუ  რატომ ხდება და რატომ ვართ ამ დღეში –   რომ 20 წელია არჩევნებით მოგებულია პარტიები და წაგებულია ხალხი და საქართველო. დამანგრეველი კი ეს 20 წელი იმიტომ იყო და სამწუხაროდ, არის, რომ: ჩვენ 20 წელზე მეტია მუდმივ საარჩევნო რეჟიმში ვართ და 20 წელზე მეტია, ყოველი არჩეული პარლამენტი მის წინაზე უარესია… 20 წელზე მეტია არნახული მასშტაბით იზრდება პოლიტიკაში სოციალური დემაგოგია… 20 წელზე მეტია, გადარჩენას სხვაგან  და ბელადში ვეძებთ… 20 წელზე მეტია, პოლიტიკოსები ვეგუებით გარედან მართვას. 20 წელზე მეტია, ხალხი იმ პოლიტიკოსებს ირჩევს, რომლებიც გარედან იმართებიან ოცწლიანმა საარჩევნო რეჟიმმა პოლიტიკოსებს სახე დაგვაკარგვინა, სოციალურ დემაგოგებად გვაქცია… 20 წელზე მეტია, პარტიები იყიდებიან და მყიდველებიც ჰყავთ… 20 წელია საქართველოში დიდ პატივშია პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, მოღალატე  პოლიტიკოსები… 20 წელია, ბიზნესის წარმომადგენლები უგულებელყოფენ ეროვნულ ძალებს, ქედს იხრიან გარედან მართვადი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების  მედიის საშუალებების წინაშე.

ყოველივე ამის შედეგია, რომ საქართველოში პოლიტიკამ გონებაც დაკარგა და ზნეობაც. სწორედ ამის შედეგია, რომ 20 წელია არჩევნებით მოგებულია პარტიები და წაგებულია ხალხი და საქართველო.

ღირს დაფიქრებად ყოველივე ეს!

ღირს დაფიქრებად, რატომ ხდება, რაც ხდება და ვის ხელშია საერთოდ, ხალხის და ქვეყნის ბედი. 15 ნოემბერს დიდი ლუსტრაცია მოხდება საქართველოში. მთავარია, ამ პროცესს ხელი არ შევუშალოთ ზედმეტი აქტივობებით. ვინც ზედმეტ  აქტივობას გამოიჩენს, ესეც ლუსტრაცია იქნება, რადგან ქვეყნის მტრული ძალები მხოლოდ „ნაცმოძრაობით“ არ შემოიფარგლებიან.  

პარტია თეთრების თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი 31.10.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *