საახალწლო განწყობა

 

7დიდზე დიდი ხანია, ყოველი ახალი წლის მოახლოებისას, წლის შედეგებს ისეთი ზეაღმატებული განწყობით ვაფასებთ და ისეთ საახალწლო სურვილებს ვაფრქვევთ ხალხს თავზე, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენზე ბედნიერი ერი მართლაც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე. ვაი, რომ ყალბია ერთიც და მეორეც. და სწორედ ამის შედეგია, რომ მივიღეთ ბუტაფორიულ-პროპაგანდისტური სახელმწიფო – ეროვნულისა და ადამიანურის გარეშე.

ვაი, რომ 2012 წლიდან, წარმოუდგენელი სისწრაფით ვკარგავთ ოცნების უნარსაც და იმედსაც. სწორედ ამიტომ, 2015 წლის მილოცვის ნაცვლად, ჩემს განწყობას ვადასტურებ. ეს განწყობა არ არის პესიმისტური. ის ადასტურებს გასული წლის საახალწლო მილოცვის პათოსს და აყალიბებს მოკლე ფორმულას: მოქმედების დროა!

სწორედ რომ მოქმედების დროა. ამ ურთულეს, უმძიმეს, პირდაპირ ვიტყვი, გაუსაძლის ეპოქაში, როცა ყოველდღურად ძლიერდება ბრძოლა არსებობისათვის და სულ უფრო ვცილდებით  ეროვნულ იდეას. სულ უფრო აუხდენელი ხდება ცხოვრება ქართულ ეპოქაში, როცა საქართევლოს მოქალაქეები საკუთარი თავის რეალიზაციისთვის ვიბრძოლებთ.

სამწუხაროდ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ნიჭითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქვეყანაში, უნიჭობა ბატონობს, როცა თურაშაულის პატრონნი ტყეში ვეძებთ პანტას. როცა სიკეთე არნახულად გათითოკაცდა, ბოროტება კი, ერთ მუშტად შეიკრა.

სწორედ რომ მოქმედების დროა, მაგრამ ვისი და ვისთან ერთად?

ანტიქართული იდეოლოგიის ძალები არნახული სიძლიერით და ულმობელობით მოქმედებენ.

მოქმედება უნდა დავიწყოთ შეკავშირებით იმ ადამიანებისა, რომელთაც გააცნობიერეს, რომ ქვეყანა, რომელიც ქრისტეშობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21-ე საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულობებს და აფეტიშებდეს სხვისას.

სრულად ვეთანხმები დიდ მოღვაწეებს, სწორედ რომ პლანეტარული აზროვნების მოღვაწეებს, ბატონებს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ჩხეიძეს, ანზორ ერქომაიშვილს გივი თოიძეს, ტარიელ ხარხელაურს, თემურ გუგუშვილს, ომარ მხეიძეს, არნოლდ გეგეჭკორს, რომან რურუას, რამაზ   ყურაშვილს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთ ადამიანთა ერთობას და მოქმედებას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა და სიყვარულით.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანებთან ერთად, უამრავ ქართულად მომართულ ადამიანთან ერთად, ხელი მოვაწერე „მოქმედების მანიფესტს“: „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და დიდი იმედით შევყურებ იმ კონგრესს, რომელიც 8 თებერვალს მეფეთმეფის,დავით აღმაშენებლის დღეს – ყოველთა ძლიერთა დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს, გაიხსნება გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში და 9 თებერვალს, გაგრძელდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

დიდი იმედით შევყურებ ამ მოღვაწე ადამიანთა ხელდასმით შექმნილ ტელევიზია „ქართულს“. მართლაც, როგორ სჭირდება სიძულვილით გაჟღენთილ სატელევიზიო სივრცეს, მართალი, თბილი, სიყვარულით სავსე ტელევიზია. ტელევიზია,  რომელსაც უფროსად სიმართლე და ნიჭიერება ეყოლება.

მართლაც ბედნიერებაა, რომ სახელმწიფო კაცებმა ასეთი დიდი ქართული შემოძახილი გააკეთეს და ასევე თქვეს თაობათა ისტორიული სიმართლე: ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას, ვინაიდან ის თავისი არსით, შინაგანი ბუნებით შორს დგას, როგორც კოსმოპოლიტიზმის, ისე ვიწრო ეროვნულ ჩარჩოებში ჩაკეტილი ნაციონალიზმისაგან.

სწორედ რომ მოქმედების დროა, ასეთად უნდა ვაქციოთ 2015 წელი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში მოვიყვანოთ საქართველოს მოსახლეობის მსახური, ეროვნული ცნობიერების, დემოკრატიული ბუნებისა და რწმენით სავსე ხელისუფლება.

გავერთიანდეთ ეროვნული იდეით მომავლის საქართველოსათვის!

მოქმედების დროა!

თემურ შაშიაშვილი

30.12.2014წ

იხ. ასევე:

მოქმედების მანიფესტი

ტელევიზია “ქართული” 

ვისურვებდი, გვეცხოვრა ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოში

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *