ბრძოლა სკამის შენარჩუნებისთვის, დაბრუნებისათვის, მოპოვებისათვის

ქუჩის აქციებიდან მცირე ტაიმ-აუტის შემდეგ, ქვეყანაში კვლავ გამოჩნდა მცდელობა, პრობლემების სამართლებრივი და კონსტიტუციური გზით გადაჭრის ნაცვლად, გარკვეულ პროცესებზე ზოგჯერ სამართლიანი, ზოგჯერ უსამართლო პროტესტით ქუჩაში გაირჩეს მტყუან-მართალი.
ჩვენ აქ არ შევეხებით, თუ ვინ რა ზომით და დოზით არის მართალი.
სახეზეა მიტინგომანიისა და ბარიკადოფილიის სურვილის ახალი ტალღა.
ამასთან, გააჩნია, ვინ აკეთებს ყველაფერ ამას და რატომ! პროტესტი ხომ არ არის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ღრმა პრობელმების მიჩქმალვის მცდელობა და ზედაპირული თუ კეტძო ხასიათის გაუგებრობებით გადაფარვის სურვილი.
ცალ-ცალკე ქუჩის აქციები დღეს აწყობს ყველა მოთამაშეს – გარდა საზოგადოებისა;
ნაცმოძრაობას აწყობს იმიტომ , რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება და უცხოეთის უდიდესი მხარდაჭერა გააჩნია;
„ქართულ ოცნებას“ აწყობს იმიტომ, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანს ინფლაციითა და უმუშევრობით გაუბედურებული მოსახლეობის ყურადღებას;
ოპოზიციას აწყობს იმიტომ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის ახლავე იწყებს ქულების დაგროვებას;
სამართლიანობა მოითხოვს, აქვე ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ შუალედური არჩევნების იმგვარად ჩატარებით, თავად მოახდინა ქუჩის პროცესების პროვოცირება. ეს მით უფრო თვალნათელია, რომ საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის არაერთი პირის უკადრისი საქციელი… და მაინც, ქვეყანა არაერთხელ დაანგრია ქუჩაში პოლიტიკის გატანამ. ქვეყანა არაერთხელ დაანგრიეს ქუჩის პოლიტიკოსებმა… ერთნი იბრძვიან სკამის შენარჩუნებისთვის, მეორენი – დაბრუნებისათვის, მესამენი – მოპოვებისათვის. სამთავე, პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევით ამგვარად ებრძვის სახელმწიფოს სიძლიერეს.
დღეს ხომ სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ნარჩენები და ერთგული მომსახურენი არიან ქუჩაში, ან გვევლინებიან მათ მაპროვოცირებლად, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, სწორედ ქუჩით მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ისინი ხომ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცალკეული რგოლები გახლავან მოქკავშირ – აღორძინება – ნაცმოძრაობა – ქართული ოცნება სახელისუფლო ჯაჭვისა. რომელმაც გათანგა ქართველი ხალხი და ბუნებრივი განვითარების გზით მომავლისაკენ სწრაფვა შეუზღუდა ქართულ სახელწმიფოს.
ქუჩის პოლიტიკოსებს ჯერ არც ერთი ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანიათ/ ჩვენში კი ან თავად არიან ქუჩის პოლიტიკოსები, ან აწყობთ ქუჩის პოლიტიკოსების პარპაში და არად დაგიდევენ მოსახლეობის გაუსაძლის სიდუხჭირეს, სახელმწიფოს კატასტროფულ დასუსტებას, საერთო-ეროვნული ინტერესების სრულ იგნორირებას.



