მიმართვა: ქუთაისმა უნდა იქუთაისოს!

quTaisiქუთაისში სრულიად ქართველთა დიდი თავყრილობა იგეგმება ხვალ.

თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი აზრი აღნიშნულზე, ვიტყვი, ეს არ არის ერთი პიროვნების, ერთი პოლიტიკური ძალის, ერთი რეგიონის შეკრება. ეს არის ქართველთა კიდევ ერთი შესაძლებლობა ერთად ყოფნის სურვილის დასტურისა.

დადგა დრო, ერი და ბერი გაერთიანდეს დაქუცმაცებული, დაძაბუნებული, შინაური და გარეული მტრის ხელში ჩავარდნილი სახელმწიფოს ასაღორძინებლად.

ქუთაისმა, როგორც მას ჩვევია, უნდა იქუთაისოს.
ქუთაისმა, როგორც მას ეკადრება, სამშობლოსათვის მკერდი უნდა შეუშვიროს მტრის ისარს და გულის სითბო აფრქვიოს სამოყვროდ მოსულთ.
ქუთაისმა, როგორც დავითის და ბაგრატის ქალაქს შეშვენის, გაენათის მირონით გაბრწყინებულმა 10 ივნისს უნდა ჩაიბაროს ის სიტყვა, რომელიც 27 მაისს ითქვა თბილისში.

ეს სიტყვა არის დიდი ქართული შემოძახილი ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მკვდრეთით აღდგენის ბრძოლის დასაწყისისა.

თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი აზრი, ეს არის უდიდესი სურვილი და იმედი ქუთაისის ღირსეული წვლილისა ამ ჭეშმარიტად ისტორიულ საერთო- სახალხო საქმეში.

თუ ვინმეს აინტერესებს, სად ვიქნები მე. როგორც ყოველთვის, მე ვიქნები იქ, სადაც დგას ქართველი ერი. ვიქნები, როგორც სრულიად რიგითი ქართველი, თხემით ფერხთამდე ქუთაისელი. ვიქნები და ჩემი ყოფნით ერთი კაცით მეტი იქნება იმ მრავალათასიან თავყრილობაზე, რომელმაც ხელისუფლებას უნდა დაუგუგუნოს გაენათის რისხვის ზარები. მე ვიქნები ჩუმად, არ გავაკეთებ არავითარ პოლიტიკურ განცახდებას, არ მივცემ ინტერვიუს. ეს ჩემის მხრივ იქნება მკერდიდან ამოხეთქილი მდუმარე პროტესტის ის გამოვლენა, ყველა სიტყვაზე რომაა მეტი.

ამერ-იმერნო, ერთად სამშობლოსათვის!

თემურ შაშიაშვილი
9 ივნისი, 2012 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *