საგანგებო განცხადება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

 

ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ იმ დარღვევების გამო, რომელიც ზედაპირულადაც სჩანს საარჩევნო სიებში და რის შესახებ ყოველდღიურად უმძიმეს ფაქტებს აქვეყნებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ სახელისუფლებო პარტიამ აბსოლუტურად უკონტროლო გახადა პარტიის ფულადი შემოსავლები და ხარჯები, პარტიის საარჩევნო ინტერესებს დაუქვემდებარა ხალხის ფული – ქვეყნის ბიუჯეტი და ამ დროს დანაშაულებრივ კონტროლს დაუქვემდებარა ოპონენტი პარტიების ფულადი შემოსავლები და ხარჯები.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს არაერთი საერთაშორისო კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგები, რომლებიც აშკარად ტენდენციურია სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ხალხშია.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ხალხის ფულით დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებების მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის და ხალხის ყოფის გაშუქება, რომელიც აშკარად სახელისუფლებოა და არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და უამრავი სხვა ნეგატიური ფაქტორის ფონზე ჩვენ გვაფიქრებს:

1. რეალური ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობა და ერთმანეთთან დაპირისპირება.
2. აშკარად არასახელმწიფოებრივი 30%-ანი ბარიერის არსებობა მაჟორიტარი დეპუტატებისათვის.
3. დანაშაულებრივი ფორმით ამომრჩეველთა აღრიცხვა როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის უმთავრესი უფლების დარღვევა…

ვაფრთხილებთ საზოგადოებას – მზადდება არჩევნების ტოტალური გაყალბება, არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ სადღაც, ქვეყნის გარეთ უკვე დაწერილია არჩევნების შედეგები.

ჩვენ სოლიდარული ვართ იმ პოლიტიკურ ძალებთან და ვდგევართ იმ ხალხთან, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის გადარჩენა სამართლიან, კონკურენტულ და მშვიდობიან არჩევნებშია, რომ ამისთვის რეალურ ოპოზიციურ ძალთა ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შექმნა და მოქმედების კოორდინაციაა საჭირო… ვდგევართ იმ პოლიტიკურ ძალებთან და იმ ხალხთან, რომლებიც თვლიან, რომ ამ ხელისუფლებასთან გარიგება და არჩევნების გაყალბების პატიება არ შეიძლება.

რეალურ ოპოზიციურ ძალებს პირველ ეტაპზე ვთავაზობთ:

1. დავიწყოთ რეალური კონსულტაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს მეგობრებთან იმისათვის, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობის დრაკონული მუხლი მაჟორიტარი დეპუტატებისათვის 30%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე და მივაღწიოთ 50% -იანი ბარიერის დაწესებას. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ მოვიფიქროთ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის პრინციპები და მაჟორიტარულ დონეზე შევქმნათ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი დემოკრატიული ფრონტი.

2. საქართველოს მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე უცხოეთშია ანუ ქვეყნის გარეთ გაცილებით მეტი ამომრჩეველია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. საჭიროა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც საერთაშოისო ორგანიზაციებთან ერთად მიაღწევს საკანონმდებლო ცვლილებებს და როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია – შესაძლებელს გახდის ან ქვეყნის გარეთ გასული საქართველოს მოქალაქეების მიერ დეპუტატის არჩევას, ან სრულად დაიცავს ყოველი მოქალაქის საარჩევნო უფლებას. თუ ეს საკანონმდებლო დონეზე შეუძლებელი გახდება, ერთობლივად ვიფიქროთ ამ ადამიანთა საარჩევნო უფლების დაცვაზე, ეს მით უფრო საშურია იმ აშკარა ანტისაარჩევნო გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამ დღეებში მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3. ჩვენ გვჭირდება ერთიანი დემოკრატიული ფრონტი, რომ სახალხო კონტროლს დაექვემდებაროს როგორც ჩვენი, ასევე მმართველი პარტიის ფულადი შემოსავლები და მისი ხარჯვა, განსაკუთრებით კი ხალხის ფულის – საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვა.

ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას – საჯარო გახდეს იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გავიდნენ საქართველოდან და დღემდე არ დაბრუნებულან.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, ევროგაერთიანებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგვეხმარონ საქართველოს იმ მოქალაქეთა სიების მოპოვებაში, რომლებმაც გადაკვეთეს თურქეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ამერიკის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები და შემდგომ აღარ გასულან ამ ქვეყნებიდან.

ჩვენ მოვითხოვთ ერთობლივი ძალისხმევით არჩევნების მეორე დღესვე შესაძლებელი გახდეს იმ ამომრჩეველთა საჯაროობა, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე.

ჩვენ დღეს სახალხოდ და საჯაროდ ვაკეთებთ საგანგებო განცხადებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით და როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საზოგადოებას, საქართველოს მთელს მოსახლეობას, ჩვენს მეგობრებს ვთავაზობთ რეალურ მოქმედებას ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის. მდგომარეობა აშკარად საგანგაშოა იმ მოჩვენებითი სამართლიანობის ფონზე, რომელსაც ასე აგრესიულად აწარმოებს ხელისუფლება, სატელიტ პარტიებსა და მათ უცხოელ ლობისტებთან ერთად.

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ: მოჩვენებითი სამართლიანობა ყველაზე დიდ უსამართლობას ნიშნავს და თუ იგი არ შეიცვლება, ჩვენ ვიქნებით იმ პოლიტიკურ ძალებთან და იმ ხალხთან ერთად, ვინც განწყობილია, რომ ამ ხელისუფლებას არ ეპატიოს მოჩვენებითი სამართლიანობით არჩევნების გაყალბება და მისი დაკანონება.

აკაკი ასათიანი კახა კუკავა თეიმურაზ შაშიაშვილი

ტრადიციონალისტთა თავისუფალი თეთრები
კავშირი საქართველო

24 ივლისი, 2012 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *