… ფარისეველნი…ხელისუფლებამ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთებთ

gerbi1• არჩევნები და ხალხის მოტყუების სურვილის ძალა
• დავფიქრდეთ, ვის ვირჩევთ!
• გამარჯვების შემთხვევაში ორი წლისთავზე ვატარებთ „ნდობის რეფერენდუმს“ და თუ დანაპირებს არ შევასრულებთ, არც ხალხი გამოგვიცხადებს ნდობას და ყოველგვარი ქუჩის რევოლუციების გარეშე დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.
• მივესალმებით, თუ ყველა პოლიტიკური ძალისაგან და განსაკუთრებით „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისაგან“ ექნება მხარდაჭერა „ნდობის რეფერენდუმის“ იდეას.

„ღირსების ულტიმატუმი“ დღეს უკვე ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილია .

1997 წლიდან ვითხოვ მის შესრულებას „მოქკავშირ“-„ აღოძინება“ –„ ნაციონალ „- ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ . ესენი იყვნენ, არიან და ჩვენდა საუბედუროდ კიდევ აპირებენ, რომ იყვნენ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა.

1997 წლიდან მიხეილ სააკაშვილი თავის სატელიტ პარტიებთან ერთად ყოველი არჩევნების წინ ამ საკითხების შესრულებას პირდება ხალხს. სამწუხაროდ, დღემდე ატყუებს.

2009 წლის 23 ნოემბერს, ამ ფორმით „ღირსების ულტიმატუმი“ გავუგზავნეთ პრეზიდენტს, „ნაცმოძრაობას“. გთხოვთ ნახოთ ორი წერილი, რომელიც პირადად პრეზიდენტს გავუგზავნეთ, ანუ კანცელარიას პირადად მე ჩავაბარე და ღია წერილის სახით პრესაშიც გამოვაქვეყნეთ. მთავარი, რასაც ვეუბნებოდით: ამ პუნქტების შესრულება ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების კონსტიტუციური მოვალეობაა, ხოლო შეუსრულებლობა, საკუთარი თავის კონსტიტუციის გარეთ დაყენება, ანუ ჩვენ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას ბრალს ვდებდით ფაშისტური პრინციპის დამკვიდრებაში : „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენს – კანონი“.

არჩევნების გამოცხადებამდე სრული უყურადღებობა და იგნორირება… არჩევნების წინ ხელისუფალნიც და არა მარტო ისინი მხოლოდ იმას პირდებიან ხალხს, რაც „ღირსების ულტიმატუმში“ ჩავწერეთ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად პარტია „თეთრების“ შექმნიდან ნახევარი წლის შემდგომ. სწორედ ამას ჰქვია ფარისევლობა. არჩევნებამდე ხალხის სატკივარის სრული იგნორირება, არჩევნების წინ კი ე.წ. „ფოჩიან კამფეტებად“ გამოყენება.

თავისთავად, ფარისევლურია „ნაცმოძრაობის“ მთავარი, როგორც თვითონ ამბობენ, სლოგანი, ქართულად კი – გზავნილი: „მეტი სარგებელი ხალხს“. როგორც ჩანს, არჩევნებამდე მეტი სარგებელი მოაქვთ საკუთარი თავისა და პარტიისათვის, არჩევნების წინ კი ხალხზე გულდათუთქულის განწყობით საუბრობენ. გავიხსენოთ, რით დაიწყო თავისი მოღვაწეობა „ნაცმოძრაობის“ წინამორბედმა „მოქკავშირმა“ და რას პირდებოდნენ ხალხს ყოველი არჩევნების წინ „მოქკავშირ – აღორძინება“ და „ნაცმოძრაობა“ -„ქრისტიან-დემოკრატების“ ე.წ. ლიდერები.

„ანარქიიდან სტაბილურობისაკენ“, ამით დაიწყეს. შემდგომი იყო „სტაბილურობიდან კეთლდღეობისაკენ“. გავიხსენოთ „ერთი მილიონი სამუშაო ადგილი“. ეს 2003 წლამდე იყო. „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი მიხეილ სააკაშვილი ამ ლოზუნგების, სწორედ ლოზუნგების ქადაგად იყო ქცეული. უცბად, 2003 წლსი ნოემბერში აღმოჩნდა, რომ არც სტაბილურობაა, არც კეთილდღეობა, მილიონი სამუშაო ადგილის ნაცვლად ერთი მილიონი უმუშევარი საქართველოში და ერთ მილიონზე მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ქვეყნის გარეთ გასული.

2004 წელს „მოქკავშირ -ნაცმოძრაობის“ იდეოლოგები ახალი პოლიტიკური ინგრედიენტებით გაჯერებულ „ფოჩიან კამფეტს“ გამოუშვებენ ხალხისათვის: „საქართველო სიღარიბის გარეშე“. 2011 წელს აღმოაჩინეს, რომ ხალხის ცხოვრების დონე უარესია და გამოცხვა ახალი ლოზუნგიც: „მეტი სარგებელი ხალხს“ . დავაკვირდეთ „ნაცმოძრაობის“ პლაკატებს, რომლითაც მოფენილია მთელი საქართველო: „ხელმისაწვდომი მედიცინა“ , „ძლიერი სოფელი“, „ათასლარიანი ვაუჩერი“.
ყოველივე ამით შეურაცხყოფილი მოაზროვნე ადამიანებისათვის ცხადზე უცხადესია, რომ პლაკატზე გამოკვეთილი ამ ფრაზებით „ მოქკავშირის“ მემკვიდრე „ნაცმოძრაობამ“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს: „მოქკავშირის“ 20 წლისთავზე და „ნაცმოძრაობის“ მეათე წლისთავზე ხელისუფლება ვაუჩერებით, პოლისებით, სამედიცინო დაზღვევით ყიდულობს ხალხს და 20 წლის მმართველობის თავზე სთავაზობს გაუგებარ სოფლის პროგრამას. დიდი ექსპერტობა და ფილოსოფოსობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ ქვეყანა, რომლის ხელისუფლებასაც ეს საარჩევნო გზავნილები აქვს – დამშეული და დაუძლურებულია, რომ მხოლოდ დამშეულს და ამავე დროს ღირსებადაკარგულ ადამიანს შეუძლია ასეთი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა.

რეალობა უფრო მძიმეა, ვიდე მე ვსაუბრობ. ნახეთ „ღირსების ულტიმატუმი“ , რომელიც 2009 წლის 23 ნოემბერს გადავეცით პრეზიდენტს, ხელისუფლებას და ამაში ადვილად დარწმუნდებით. ჩვენ ვითხოვდით:

• მოსახლეობის სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფას

• სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფას. (10%-ის გამოყოფას, რაც თავისთავად ერთი მილიარდი იყო მაშინ და ბიუჯეტის ზრდის პარალელურად უნდა გაზრდილიყო და არა ერთი მილიარდით აპელირებას)

სამი წელი ამ წინადადებების სრული იგნორირება და არჩევნების წინ კი მთვარ პროგრამულ მდგენელებად მათი გადაქცევა – ეს არის სწორედ ფარისევლობა. ეს არის დასტური იმისა, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და არჩევნების წინ ხალხის მოტყუებაზე, სკამების შენარჩუნებაზე

მართლაც რა მაგიური ძალა აქვე არჩევნებს და სკამის შენარჩუნების მიზნით ხალხის მოტყუების სურვილს.

„ღირსების ულტიმატუმი“ დღეს არა მარტო „თეთრების“, არამედ კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის ნაწილია, ხაზს ვუსვამთ მხოლოდ ნაწილია და პროგრამა გაცილებით მასშტაბურია.

ჩვენ ვპირდებით მის შესრულებას ხალხს, სრულიად საქართველოს.

გთხოვთ, კარგად ნახოთ „ღირსების ულტიმატუმი“, რომ დარწმუნდეთ როგორც ზემოაღნიშნულში, ასევე იმაში, თუ რა კონკრეტული ხალხისთვის ნამდვილად საჭირო პროგრამით მოდის კოალიცია „თავისუფალი საქართველო“. ვაზუსტებთ მხოლოდ ერთს: პრეზიდენტისადმი გაგზავნილ „ღირსების ულტიმატუმში“ 2010 წლის ნაცვლად ჩავწერთ 2013-ს. ეს არის იმის ხაზგასმა, რომ რაც არ გააკეთა ბოლო სამი წლის და საერთოდ ბოლო 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ, ჩვენ – გამარჯვების შემთხვევაში მას 2013 წელს შევასრულებთ.

სად არის ამის გარანტია?

ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ არჩევნებზე მივდივართ კონკრეტული პროგრამით. არავის დღემდე არ უთქვამს ერთი პუნქტიც კი, რომელიც დღევანდელ ჩვენს პროგრამაში და პრეზიდენტისთვის სამი წლის წინ წარდგენილ“ღირსების ულტიმატუმში“ არ გვეწეროს და რაც მთავარია, ხალხს და სრულიად საქართველოს ვპირდებით: გამარჯვების შემთხვევაში ორი წლისთავზე ვატარებთ „ნდობის რეფერენდუმს“ და თუ დანაპირებს არ შევასრულებთ, არც ხალხი გამოგვიცხადებს ნდობას და ყოველგვარი ქუჩის რევოლუციების გარეშე დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

მივესალმებით, თუ ყველა პოლიტიკური ძალისაგან და განსაკუთრებით „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისაგან“ ექნება მხარდაჭერა ნდობის რეფერენდუმის იდეას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *