ორსახოვნება მიხეილისა

393432_224256134309777_1118206631_nიანუსი – ორსახოვანი ღმერთი რომაელთა, ღმერთი კარისა, გასასვლელისა, დასაწყისისა და დასასრულისა, მან ასწავლა ხალხს დროის აღრიცხვა. – დაახლოებით ასეთ განმარტებას იძლევა თითქმის ყველა განმარტებითი ლექსიკონი, ენციკლოპედია და საცნობარო საიტი „იანუსის“ შესახებ.

ჩვენ, ქართველებს, ქრისტეშობიდან 2 000 წლის შემდგომ ჩვენი იანუსი მოგვივლინა განგებამ – გამოსაცდელად, განსაცდელად, თუ ცოდვათა გამო დასასჯელად.

ღმერთობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბატონი სააკაშვილი რომ 21 -ე საუკუნის ბოროტი პოლიტიკური იანუსია, ამაში დიდი ხანია ეჭვი აღარ ეპარებათ თავად მის გარემოცვაშიც კი.

მიშიანუსმა დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა საქართველოში, ანუ „ვარდების რევოლუციის“ წელთაღრიცხვა 2003 წლიდან

მიშიანუსმა საქართველოსაგან შექმნა პოლიტიკურ-ეკონომიკური პატრონ-ყმობის, ანუ ბატონ-ვასალობის ისტორიისათვის ჯერ კიდევ უცნობი ფენომენი, როდესაც ქვეყანა ( თუ ქვეყნად ყოფილისაგან დარჩენილი) ეკონომიკურად ერთი უცხო ქვეყნის მფლობელობაშია, პოლიტიკურად – მეორესი.

რა თქმა უნდა, რუსეთი და ამერიკა გვაქვს მხედველობაში. ასეთი დასკვნის გამკეთებელი ზოგს არც რუსს უყვარს და არც ამერიკელს. მაგრამ ვერც ასეთი რუსი და ვერც ასეთი ამერიკელი იქნება ქართველის მეგობარი.

ჩვენ, თეთრები“ ვოცნებობთ, ერთხელ მაინც არ ჩაერიოს ამერიკა და რუსეთი ქართველი ხალხის არჩევანის გაკეთების საქმეში. დარწმუნებულნი ვართ, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება გაცილებით უფრო კეთილად განაწყობს ქართველებს ამერიკისა და რუსეთის მიმართ, ვიდრე მათივ დასმული მარიონეტი.

ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ გაანადგურა ამერიკის ავტორიტეტი ამერიკის ხელდასმულმა დღევანდელმა პრეზიდენტმა.

ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო უაზრო ლანძღვით, როგორ გაანადგურა რუსეთის ავტორიტეტი რეალურად რუსეთის მსახურმა დღევანდელმა პრეზიდენტმა.

დიდია სხვაობა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფალთა მისწრაფებებს შორის – ქართველი ხალხი პატივს სცემს ამერიკელ ხალხს, ხელისუფლებას კი თავისი არსებობისათვის სჭირდება ამერიკა. ხალხს სურს ურთიერთობა რუსებთან, მთავრობას კი სჭირდება ურთიერთობა რუსეთთან;

პარტიული ინტერესებიდან რომ გავიდეთ, „თეთრებს“ და მრავალ სხვა პარტიასაც შეუძლია დაარწმუნოს ამერიკაც და რუსეთიც – ქართველთა არჩეული ხელისუფლება გაცილებით შედეგიანად დაიცავს ორი ზესახელმწიფოს რეგიონულ ინტერესებს, ვიდრე მათი შექმნილი მარიონეტი მთავრობა.

ჩვენ გვინდა არა ამერიკისა და რუსეთის მსახური მთავრობა, ჩვენ გვინდა საქართველოს მსახური ხელისუფლება.

ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც ბალანსირების პოლიტიკის გატარებით სარგებლობას მოუტანს ჯერ თავის ერს, შემდეგ ამერიკას, რუსეთს, მეზობლებს და მეგობრებს. მაგალითისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო. ჩვენი მეზობელი სომხეთიც კმარა, რომელმაც მიუხედავად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა, ამერიკის, ევროპისა და ვატიკანის (!) ჩარევით იმდენი რამ აკადრა საქართველოს, რაც კომუნისტების დროსაც არ უკადრებიათ ჩვენი სამშობლოსათვის. მაგალითად, სტრატეგიული გზებისა და უღელტეხილების საკითხი, ეკლესიებზე პრეტენზიები, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებები, ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე არაქართველი ადამიანების სულ ახლახან გაჟღერებული მუქარა , მიმართული საქართველოს ტერიტორიის ხელყოფისაკენ.

საქართველოში დღეს არც ერთი ამერიკული ბანკი არ ფუნქციონირებს, რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ სომხეთში მუშაობს მძლავრი ამერიკული ბანკი, მართლა ამერიკული ბანკი, რომელიც სომეხი ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

საქართველოდან გავიდა უდიდესი ინგლისური ბანკი, მას ანაცვლებს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის ბანკი.

რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა დასავლეთის დახმარებით საქართველოში თავისი სტრატეგიული ინტერესების დაცვა შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს ბაქია და დოყლაპია ხელისუფალი, რომელიც ნიღაბს ნიღაბზე იცვლის, სკამი რომ შეუცვლელი ჰქონდეს.

ამის გამო, დღეს საქართველო ასრულებს იგივე გეოპოლიტიკურ როლს რუსეთთან მიმართებაში, რასაც კუბა – ამერიკის მიმართ.

დავფიქრდეთ, პრეზიდენტი აქებს ამერიკას – მის პოლიტიკურ გავლენას ორმაგად აძლიერებს;

დავფიქრდეთ, პრეზიდენტი ლანძღავს რუსეთს – მის ეკონომიკურ გავლენას ორმაგად აძლიერებს.

დღევანდელ მსოფლიოში ამერიკის ხელისუფალთა სალანძღავად გამოიგონეს უგო ჩავესი, ხოლო რუსეთის ხელისუფალთა სალანძღავად – მიხეილ სააკაშვილი.

სხვისი ვერც ლანძღვით და ვერც ქებით ვერ ააშენებ სამშობლოს, დანგრევით კი – დაანგრევ.

კატასტროფაა, ერის დამცირების ტოლფასია ის, რაც ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ სახელისუფლო ტელევიზიებში ხდება. ახლა თუ არის პირველი შეხვედრა, მაშ წინა შეხვედრები რა იყო? ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ტელევიზიები რომ იტყუებოდნენ? ტელევიზიები ხალხს ახლაც უმალავენ, რომ ოვალურ კაბინეტში ობამა უკვე ორ-ორჯერ შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს. შემთხვევით კი არაფერი ხდება. ქართველი ხალხისათვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვევას – ვისთან არის ამერიკა: საქართველოს დამაქცევარ სააკაშვილთან, თუ სამშობლოს მოყვარულ ქართველ ხალხთან. ამ დღეს დადასტურდება ამერიკის ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ქართველი ერი პატივს სცემს ამერიკის ხალხს, მაგრამ ორსახოვანი სააკაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში ის გადაწყვეტს, რომ ასეთი არც ამერიკა გვჭირდება და არც მისი ადმინისტრაცია.

ორსახოვანი იანუსის ორსახოვანი პოლიტიკა, მიუღებელი ქართული მენტალიტეტისათვის, თავმოყვარეობისათვის, მამულიშვილობისათვის, უმოწყალოდ ანგრევს ამერიკის და რუსეთის რეალურ ავტორიტეტს ქართველთა თვალში, ვინაიდან ეს უკანასკნელნი, ნებსით თუ უნებლიედ, მხარს უჭერენ არაქართული ბუნების ხელისუფლებას.

არაქართულობის მაგალითად ისიც კმარა, რომ:

წყალი, რომელსაც სვამს თბილისი – რუსთა ხელშია;

ბუნებრივი გაზი, რომლითაც თბება თბილისი – რუსთა ხელშია;

ელექტროენერგია, რომლითაც მარაგდება თბილისი – რუსთა ხელშია;

ნაგვის გადასახადიც კი, ელექტროენერგიაზე მიკერებული – რუსს ამდიდრებს!

ეს ეკონომიკა, ისიც ფრაგმენტულად. ახლა პოლიტიკას მივხედოთ:

მმართველი პოლიტიკური პარტია – ჭინჭებიანად ამერიკულია;

საპარლამენტო “ოპოზიციური” ქრისტიან-დემოკრატია, ედპ და ძნელად დასამახსოვრებელი ერთკაციანი პარტიები – ამერიკულია;

ყველა საკვანძო სამინისტროს სამუშაო პროგრამა – ამერიკულია;

ტელევიზიები, არასამთავრობოების დიდი ნაწილი, ქვეყნის დამქცევი რეფორმების ჯგუფები – ამერიკული პროექტებია, მაგრამ არა ამერიკელი ხალხისა, არამედ საქართველოთი არაჯანსაღად დაინტერესებული ცალკეული გავლენიანი ჯგუფებისა.

ეკონომიკურად – რუსების ვართ! პოლიტიკურად – ამერიკელების ვართ!

მაშ, ჩვენ ვინღა ვართ?!

მწარე, მწარე, ძალიან მწარე პასუხი მაქვს ენის წვერზე, მაგრამ ვერ ვაკადრებ ვერც მკითხველს და ვერც საკუთარ თავს. ისიც გვეყოფა, რომ ასეთ უკადრის რეალობაში ჩაგვაგდო გაურკვეველი მსოფლმხედველობის, სულიერების, ზნეობისა და ოჯახიშვილობის მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენმა ორსახოვანმა პრეზიდენტმა: მიშ-ი-ანუსმა.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 21 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *