საქართველოში განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა

ხალხმა განსაჯოს!
(ბათუმის შეხვედრები)

batumiდღევანდელი საქართველო, ეს არის დაქუცმაცებული ტერიტორიისა და დაპირისპირებული მოსახლეობის სახელმწიფოდყოფილი ამორფული ფორმირება.

და აქ აბსოლუტურად უმართებულოა ურაპატრიოტული აღშფოთება. პატრიოტი არის ის, ვინც სულ ცოტა, ამბობს მაინც სიმართლეს და სილაში თავი არ აქვს ჩაფლული.

მოსახლეობა ამ თვალსაზრისით იყოფა არათანაბარ, მაგრამ ორ ნაწილად. ერთნი იმეორებენ ხელისუფლების მოსაზრებას, რომ ქვეყანა შენდება, სამშობლო აღმავლობის გზაზეა. მეორენი ფიქრობენ, რომ ქვეყანა დაინგრა.

პირველ პასუხს ძირითადში მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, ანუ ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღებთა ნაწილი და ხელისუფალნი იძლევიან. მეორე ნაწილს კი ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც რეალობას გონების თვალით უყურებენ, გონებით აანალიზებენ, უბრალოდ, აზროვნებენ. გასაკვირი არ არის, რომ მშიერ, დაუძლურებულ და გათითოკაცებულ ქვეყანაში პირველი მძლავრობდეს. ისინი იმაზე არ ფიქრობენ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არ არის და რამე შენდება – ინგრევა სახელმწიფო, რადგან ყველაფერი ეს მოჩვენებითია, ვალებით და სესხებით კეთდება. , შენდება ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად.

როგორც არაერთგზის გვითქვამს: საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია, რომ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებადმიჩნეული ძალის მიერ ზეწარმატებულად ხორციელდება ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამა, რომლის შედეგია გათითოკაცებული სიკეთისა და ერთ მუშტად შეკრული ბოროტების საქართველო. „ნაციონალურ ბოროტებას“ შეუძლია ასე ებრძოლოს ქართულ ცნობიერებას, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ასე სხვისად აქციოს საკუთარი ქვეყანა , ასე ერთგულად ემსახუროს სხვის ინტერესს.

ხელისუფლება ამბობს – ქვეყანა აშენდა, აყვავდა, აღორძინდა,
ჩვენ ანალიზებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ – ქვეყანა საბოლოოდ დაინგრა, გაჩანაგდა, განადგურდა. ან ხელისუფლება ტყუის, ან ჩვენ ვცდებით. ვინ უნდა განსაჯოს მტყუან-მართალი, თუ არა ხალხმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ხალხისათვის გვეკითხა და პირველი ასეთი შეხვედრის ადგილად ბათუმი შევარჩიეთ.

რატომ ბათუმი?
იმიტომ, რომ ხელისუფლება ბათუმს თვლის ქალაქად, სადაც ძირფესვიანად შეიცვალა ხალხის ცხოვრება, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, „ყველაზე მაგარია შავი ზღვისპირეთში“, უკეთესია, ვიდრე ნიცა და მონაკო.

არადა, ბათუმში, აჭარაში ზოგადად, ცოდვის კალო ტრიალებს, აქაური ქალბატონები გადახვეწილები არიან თურქეთში ჩაის საკრებად. იმ ჩაის, რომელიც საქართველოში ძირიანად ამოიღეს, ან გადაწვეს. თურქეთის ხელისუფლება ისე შეაწუხა ქართველ უმუშევართა ნაკადმა, რომ იღებს გადაწყვეტილებას სამი თვით თავისუფლად შეუშვას ქართველები, სანაცვლოდ კი შემდეგი სამი თვე თურქეთში ყოფნა აუკრძალოს. ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც მალავენ ქართული ტელევიზიები და საქართველოს ხელისუფლება, დამღუპველია არაერთი ქართული ოჯახისათვის. ხაზგასასმელია, რომ ეს ხდება მაშინ, როცა საქართველომ სრულად გაუღო კარი თურქეთის მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს, თურქულ ინვესტიციებს. და აჭარელები, აჭარაზე შეყვარებული ადამიანები უკვე აღარ მალავენ და ღიად ამბობენ, რომ ეს გახლავთ აჭარის სრული დამორჩილება თურქეთის ინტერესებისათვის.

რას ფიქრობს ხალხი ბათუმში – აჭარის, ანუ საქართველოს საუკეთესო შვილები, შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენცია, ჟურნალისტთა კორპუსი, მრავალფეროვანი პარტიული და არასამთავრობო სპექტრი?

საბედნიეროდ, არიან ადამიანები, სოფლადაც და ქალაქადაც, ახალგაზრდებშიც და უფროს თაობებშიც, პენსიონერებშიც, მეცნიერებშიც კულტურაშიც, ხელოვნებაშიც, განათლებაშიც, მედიცინაშიც, სპორტშიც, არიან პარტიებშიც და არიან პოლიტიკაშიც, რომლებსაც ეს ხელისუფლება ვერ მოათვინიერებს, რომლებსაც ვერ შეაშინებენ აჭარაში და ზოგადად მთელს საქართველოში. სხვაგვარად მოაზროვნენი დღეს არიან მხოლოდ მმართველ კლანთან დაახლოებული მცირე ჯგუფები და გაცილებით მრავალრიცხოვანი დაბალი ინტელექტისა და პოლიტიკური კულტურის ადამიანთა ჯგუფები, რომელთა გაბრიყვებისათვის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ცენტრალურ ტელეკომპანიებს, არამედ რეგიონალური ტელემაუწყებლობის აბსოლუტურ უმრავლესობას. საქართველოში ორი-სამი კეთილი გამონაკლისიც არსებობს და ერთ-ერთი აჭარის 25-ე არხია.

რამდენად უნდა გძულდეს შენი ხალხი, რომ ასე ატყუებდე?!

ტელევიზიები იქცნენ მოსახლეობის გათითოკაცების, ხელისუფლების ნებისადმი მონური მორჩილების ჩამოყალიბების უმძლავრეს ინსტრუმენტად. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დამღუპველ შედეგებს, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ, ტელევიზიებს თამამად შეიძლება ეწოდოს დივერსიული იარაღი, მიმართული ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

„თეთრების“ ვებ.გვერდზე (www.tetrebi.org) გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალა „საქართველო დღეს – სააკაშვილისა და „ვარდების რევოლუციის“ 8 წლისთავზე“ , სადაც საუბარია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ სახელისუფლო ტყუილზე. ქაღალდზე გადატანილი ანალიტიკური მასალები დატოვებულ იქნა ბათუმში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გადასაცემად და მათი სურვილის შემთხვევაში, პასუხის გასაცემად საჯაროდ, სახალხოდ. თუმც არ დააყოვნა ბათუმელთა მოსწრებულმა რეპლიკამ: ტყუილად უტოვებთ, მაინც ვერაფერს გაიგებენ და პასუხს როგორ გაგცემენო. რასაც საქართველოსა და ქართველთა საერთო უბედურება ვუწოდეთ.

ვინ ტყუის და ვინ არის მართალი, უნდა განსაჯოს ხალხმა. ამისათვის კი აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საერთო-სახალხო დისკუსია, რათა არჩევნების წინა პერიოდში უფრო რელიეფურად გამოჩნდეს ვინ-ვინ არის. ჩვენის მხრივ, გამოიქვა ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობის მზადყოფნა. მზადყოფნა, დაიწყოს მძლავრი სოლიდარული მოძრაობა გათითოკაცებული ქართველების, გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრისათვის.

დამძიმებული ვიჯექი მეგობრებთან საუბრის მოსმენის შემდგომ. მოსმენილი გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ჩვენ გვაქვს ანალიტიკურ ნაშრომში „ნაციონალების“ ხელისუფლების 8 წლისთავთან დაკავშირებით. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ყველა პოლიტიკოსს მოეკრიბა ძალა და მოესმინა აჭარაში შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ.

როგორ მინდოდა ბიძინა ივანიშვილს მოესმინა, ერთის მხრივ, რასაც იქ ყვებოდნენ საერთო უბედურების თაობაზე და მეორეს მხრივ – როგორი დიდი იმედი აქვთ მისი. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იცის მათი ასეთი განსხვავებული იმედიანი განწყობის შესახებ მის მიმართ. აქ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ ახვლედიანის სიტყვებს მოვიშველიებდი: „კატასტროფა იქნება, რომ მან ვერ გაიგოს ჩვენი კეთილი განწყობა და არა ჩვენთან, ხალხთან დათათბირებით, არამედ მის კარზე მიმდგარი ემისრების საშუალებით გადაწყვიტოს აჭარაში „ქართული ოცნების“ შემდგომი სიცოცხლე“.

– როგორ განვითარდება მოვლენები? – დავსვი კითხვა და ვუპასუხე პოეტ შოთა ზოიძის ლექსით:

„ მოდიდან გავა ყალბი ტაში, ყალბი ტიტული,
ხელში შეგვრჩება ზოგიერთის მხოლოდ ფიტული,
და გაეხსნება ასპარეზი მრავალ ათასებს…“

მოაზროვნე ადამიანებს საკუთარ ხალხზე მზრუნველი პრეზიდენტის ნაცვლად, რეალურად, მატყუარა და სკამზე შეყვარებული სააკაშვილის ფიტული უკვე შერჩა ხელში. მადლობა აჭარის ინტელიგენციას, რომ ზოგი რეგიონისაგან განსხვავებით მონური განწყობით თავდახრილი არ დგას. ზოგ რეგიონში გაუჭირდებათ ასეთი ვაჟკაცური საუბარი. ისინი ღირსეულნი არიან იმითაც, რომ იცავენ კაცობრიობის ერთ დიდ მონაპოვარს: ინტელიგენტი არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისაგან, და არა ის, ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისაგან. ბათუმში ინტელიგენცია დგას ხალხთან და ხალხში – ეს გამარჯვების ფორმულაა“.

ამავე შეხვედრაზე გავაჟღერე მაჟორიტარ დეპუტატების არჩევასთან დაკავშირებული სრულიად ახალი ინიციატივა, რომლის ანალოგი დღემდე უცნობია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უნდა დადგეს არა რომელიმე პარტიის მიერ რეკომენდირებული, არამედ კონკრეტულ ქალაქსა და რაიონში ხალხთან დათათბირების შედეგად შერჩეული პიროვნება, ანუ მაჟორიტარი დეპუტატი უნდა იყოს არა პარტიის, არამედ ხალხის რჩეული. ხალხმა უნდა იფიქროს ინიციატივის ავ-კარგზე და თანხმობის შემთხვევაში, შემდგომ განვითარებულ პროცესებში ურთიერთთანადგომაზე.

ჩვენ ყევლამ ერთად უნდა ვიფიქროთ დემოკრატიულ არჩევნებზე, მაგრამ არა რომელიმე პარტიის, არა რომელიმე თვითმარქვია ლიდერის, არამედ ხალხის გამარჯვებისათვის. ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების პირობებში არის შესაძლებელი და ამ საკითხზე ერისკაცებმა უნდა იფიქრონ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ხალხის თანხმობით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი ქვეყნის გამთლიანებაც და ბოროტების დამარცხებაც.
ბათუმის შეხვედრებზე განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ პირდაპირ და დაუფარავად ვთქვით:

საჭიროა ერთობლივი ბრძოლა დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობისათვის

ხელისუფლების პოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ეს არის გზა რევოლუციური გადატრიალების ან დიქტატურისაკენ

პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ადასტურებს თავისავე გაცხადებულ პოზიციას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრის და ერთიანი პოზიციის გაცხადების თაობაზე.

ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩვენ ვთქვით და დღესაც ვადასტურებთ, რომ:

– არ შეძლება, ძალადობაზე ორიენტირებულ, ამ სამთავრობო გუნდთან და ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე სახის გარიგებაზე წასვლა;
– არ შეიძლება არსებული საარჩევნო კანონმდებლობით სამართლიანი არჩევნების ჩატარება;
– არ შეიძლება არჩევნების გაყალბების (რისი დიდი ალბათობაც არსებობს) პატიება.

ჩვენ, „თეთრებს“, გაგვაჩნია წინადადებათა პაკეტი არჩევნების გარემოს რადიკალურად შეცვლის თაობაზე, რომელთა შორის არის მოსაზრება ევროპული გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მიერ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას.
ჩვენ, „თეთრები“, დღეს რეალურად შექმნილ უაღრესად მწვავე პოლიტიკურ სიტუაციაში, აუცილებლად მივიჩნევთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები, დავიწყოთ რეალური, და არა მოჩვენებითი, თანამშრომლობა საარჩევნო კანონის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები თავისი ბუნებით ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკური სულმოკლეობიდან – საქართველოსათვის სასიცოცხლოდ საჭირო პოლიტიკური სულგრძელობისაკენ.

ჩვენ, „თეთრები“, ვთვლით, რომ ვინც უარს იტყვის ახალი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დიდ დათათბირებაზე, რეალურ თანამშრომლობაზე ერთიანი პოლიტიკური განცხადებისათვის:

– ან გაზვიადებული წარმოდგენა აქვს თავის თავზე და გადაჭარბებით აფასებს თავისი პოლიტიკური გუნდის შესაძლებლობებს;
– ან შეთანხმებულია დღევანდელ ხელისუფლებასთან;
– ან თავად აწყობს გაყალბება და მონაწილეა ამ პროცესის.
ერთიც, მეორეც და მესამეც სახელისუფლებო დამანგრეველი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ან მისი გაგრძელებაა.
ჩვენ, „თეთრები“, იმ ხალხთან და პოლიტიკოსებთან ერთად ვართ, რომლებიც თვლიან:
– რომ ვიდრე საარჩევნო პულტთან დგას ეს ხელისუფლება, სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია;
– რომ ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი – გაყალბება;
– რომ ის, რასაც მავანმა რევოლუციის მოხდენის მცდელობა უწოდა, გახლდათ სრულიად სამართლიანი პროცესი: არჩევნების არჩევნებამდე მოგება. ამ პროცესს ახლო მომავალში თუ არ მიეცა უწყვეტი და შეუქცევადი ხასიათი, სამართლიან არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა განწყობამ მხარდაჭერა და განგრძობა ვერ პოვა, ვერ მიეცა განვითარება წინადადებას ოპოზიციის შესახებ კანონპროექტის ერთობლივად შემუშავების თაობაზე. ეს დიდი ევროპული გამოცდილებაა და იმ ქვეყნებს, ვინც გაიზიარა იგი, მიანიჭა პოლიტიკური სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკურ პროცესში დაამკვიდრა სამართლიანობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ვამბობთ: სწორედ ამ არჩევნების წინ მაინც შევძლოთ ასეთ კანონპროექტის შემუშავება. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი შეთანხმება ხალხს მისცემს სიმშვიდეს, ხოლო პოლიტიკურ პროცესს გონებას დაუბრუნებს.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების მიერ აღებული კურსი საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, კურსი ორიენტირებული გაყალბებაზე, ეს არის გზა რევოლუციური გადატრიალების ან ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისაკენ. ვაპატიებთ გაყალბებას – მივიღებთ სრულ დიქტატურას. არ ვაპატიებთ გაყალბებას მივიღებთ – რევოლუციურ გადატრიალებას.

ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანაში მოხდეს რევოლუციური გადატრიალება, ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს დიქტატურა – ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები უნდა გაერთიანდნენ დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღებისათვის.
ჩვენ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ვართ, რომლებიც თვლიან, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს საქართველოში განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 23 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *