„თეთრები“ მიესალმებიან ინიციატივას პოლიტიკური შეხვედრის შესახებ

gerbi1ხელისუფლების პოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ეს არის გზა რევოლუციური გადატრიალების ან დიქტატურისაკენ

პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ადასტურებს თავსავე გაცხადებულ პოზიციას და მხარს უჭერს „თავისუფალი საქართველოს“ წინადადებას საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრის და ერთიანი პოზიციის გაცხადების თაობაზე.

ერთ წელზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩვენ ვთქვით და დღესაც ვადასტურებთ, რომ:

– არ შეძლება, ძალადობაზე ორიენტირებულ, ამ სამთავრობო გუნდთან და ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე სახის გარიგებაზე წასვლა;

– არ შეიძლება არსებული საარჩევნო კანონმდებლობით სამართლიანი არჩევნების ჩატარება;

– არ შეიძლება არჩევნების გაყალბების (რისი დიდი ალბათობაც არსებობს) პატიება.

ჩვენ, „თეთრებს“, გაგვაჩნია წინადადებათა პაკეტი არჩევნების გარემოს რადიკალურად შეცვლის თაობაზე, რომელთა შორის არის მოსაზრება ევროპული გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მიერ მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას.

ჩვენ, „თეთრები“,დღეს რეალურად შექმნილ უაღრესად მწვავე პოლიტიკურ სიტუაციაში, აუცილებლად მივიჩნევთ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიები, დავიწყოთ რეალური, და არა მოჩვენებითი, თანამშრომლობა საარჩევნო კანონის ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები თავისი ბუნებით ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პოლიტიკური სულმოკლეობიდან – საქართველოსათვის სასიცოცხლოდ საჭირო პოლიტიკური სულგრძელობისაკენ.

ჩვენ, „თეთრები“, ვთვლით, რომ ვინც უარს იტყვის ახალი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დიდ დათათბირებაზე, რეალურ თანამშრომლობაზე ერთიანი პოლიტიკური განცხადებისათვის:

– ან გაზვიადებული წარმოდგენა აქვს თავის თავზე და გადაჭარბებით აფასებს თავისი პოლიტიკური გუნდის შესაძლებლობებს;

– ან შეთანხმებულია დღევანდელ ხელისუფლებასთან;

– ან თავად აწყობს გაყალბება და მონაწილეა ამ პროცესის.

ერთიც, მეორეც და მესამეც სახელისუფლებო დამანგრეველი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი ან მისი გაგრძელებაა.

ჩვენ, „თეთრები“, იმ ხალხთან და პოლიტიკოსებთან ერთად ვართ, რომლებიც თვლიან:

– რომ ვიდრე საარჩევნო პულტთან დგას ეს ხელისუფლება, სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია;

– რომ ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი – გაყალბება;

– რომ ის, რასაც მავანმა რევოლუციის მოხდენის მცდელობა უწოდა, გახლდათ სრულიად სამართლიანი პროცესი: არჩევნების არჩევნებამდე მოგება. ამ პროცესს ახლო მომავალში თუ არ მიეცა უწყვეტი და შეუქცევადი ხასიათი, სამართლიან არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტია.

ბატონო კახა,

მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით შეხვდით ჩვენს წინადადებებს ადგილობრივი არჩევნების წინ „თეთრების“ ოფისში თქვენს ალიანსთან შეხვედრის დროს.

სამწუხაროა, რომ ჩვენმა განწყობამ მხარდაჭერა და განგრძობა ვერ პოვა, ვერ მიეცა განვითარება წინადადებას ოპოზიციის შესახებ კანონპროექტის ერთობლივად შემუშავების თაობაზე. ეს დიდი ევროპული გამოცდილებაა და იმ ქვეყნებს, ვინც გაიზიარა იგი, მიანიჭა პოლიტიკური სიმშვიდე, ხოლო პოლიტიკურ პროცესში დაამკვიდრა სამართლიანობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ვამბობთ: სწორედ ამ არჩევნების წინ მაინც შევძლოთ ასეთ კანონპროექტის შემუშავება. ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი შეთანხმება ხალხს მისცემს სიმშვიდეს, ხოლო პოლიტიკურ პროცესს გონებას დაუბრუნებს.

ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების მიერ აღებული კურსი საარჩევნო კანონთან დაკავშირებით, კურსი ორიენტირებული გაყალბებაზე, ეს არის გზა რევოლუციური გადატრიალების ან ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისაკენ. ვაპატიებთ გაყალბებას – მივიღებთ სრულ დიქტატურას. არ ვაპატიებთ გაყალბებას მივიღებთ – რევოლუციურ გადატრიალებას.

ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანაში მოხდეს რევოლუციური გადატრიალება, ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს დიქტატურა – ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის გარეთ საქართველოს მეგობრები უნდა გაერთიანდნენ დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღებისათვის.

ჩვენ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ვართ, რომლებიც თვლიან, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს საქართველოში განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა.

2012 წლის 21 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *