„სახალხო კრება“ – გზა ძლიერი საქართველოსაკენ

„თეთრების“ პოლიტიკური განაცხადი

საქართველოს არ ექნება მომავალი, თუ მასზე ზრუნვას ჩვენ ყველა ერთად არ გავინაწილებთ.

kreba2011 წლის მაისის მოვლენებმა, 26 მაისმა დაადასტურა ქართული სულის სიძლიერე… დაადასტურა ისიც, რომ საქართველოს ჰყავს ვერაგი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებს იმას, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებშიც კი გაკვირვებას იწვევს.

ერთი წლის გადმოსახედიდან აშკარაა, რომ 26 მაისმა შეცვალა საქართველოს. განსაკუთრებულად მისი პოლიტიკური ცხოვრება.

ერთი წლის გადმოსახედიდან აშკარაა, რომ „სახალხო კრება“ რჩება ერთიანობის სიმბოლოდ…სწორედ ამ ერთიანობისა და მომავლის საქართველოსათვის „სახალხო კრება“ ქართული სულგრძელობით ითმენს ბევრ უღირს შეფასებას.

ერთი წლის გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ „სახალხო კრება“ ერთგულია ხალხისთვის მიცემული სიტყვის „ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე“ .

ერთი წლის გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია არა პოლიტიკურ ალიანსებთან და არა პოლიტიკოსებთან, არამედ ხალხის განწყობის გამომხატველ ერთობასთან…რომ საქართველოს მომავალი არის იქ, სადაც არის ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების და პოლიტიკოსების ერთობა.

ჩვენ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც ვერ შეძლეს ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე.

ჩვენ ვაღიარებთ იმასაც, რომ ინტელექტუალური ადამიანების პოლიტიკიდან გარიდებამ მძიმე შედეგი დააყენა ქვეყანაში: ამ გარიდებით ყველა სხვას მისცა საშუალება გაქცეულიყო პოლიტიკაში და პოლიტიკა ექცია თავშესაფრად, ბიზნესად… ინტელექტუალთა ამ გარიდებამ პოლიტიკაში გააძლიერა ემოცია და პოლიტიკამ დაკარგა გონება.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის. ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ქართული ცნობიერებაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განხორციელებას მხოლოდ ხელისუფლება, ან მხოლოდ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ. დღეს ავანსცენაზე ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.

ჩვენ გვინდა რომ ყველას ვუთხრათ: დამთავრდა ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყო სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მით უფრო საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ ჯიუტად განხორციელებულმა პოლიტიკამ ქვეყანაში ისევ მღელვარების ატმოსფერო შექმნა.

ჩვენ ვდგევართ იმ ხალხთან, იმ პოლიტიკურ ძალებთან და იმ პოლიტიკოსებთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში უნდა დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

„სახალხო კრება“ აღარ იქნება საჭირო მაშინ, როდესაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ეს პრინციპი საბოლოოდ დაინერგება.

„თეთრების“ დამფუძნებლები
26 მაისი, 2012 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *