გახდი “თეთრების” წევრი (მიმართვა)

gerbi1ჩვენ, “თეთრები”, ინტელექტზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა ვართ, მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ინტელექტუალურ რადიკალიზაციას, ვცნობთ მხოლოდ ერთ ძალაუფლებას – ნიჭის ძალაუფლებას და ვაღიარებთ პრინციპს: ქვეყანას მართავს ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

ჩვენ ვიცით, რომ განაწყენებულთა, დაპირისპირებულთა, გაბოროტებულთა, რევანშისტთა, ვინმეს სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობას არასდროს მოაქვს სიკეთე. ჩვენთვის კარგია ის, რაც კარგია საქართველოსთვის და ამიტომაც არასოდეს შევთავაზებთ ხალხსა და ქვეყანას იმას, რაც კარგი იქნება მხოლოდ ჩვენთვის – პარტიისათვის, მაგრამ ქვეყნისათვის იქნება ცუდი. ამის მწარე გამოცდილება ჩვენს ქვეყანას წინ უდევს. ამით აცხოვრებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები საქართველოს თითქმის ორი ათეული წელია და შედეგიც უმძიმესი გვაქვს.

ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნისთვის თანაბრად დამანგრეველია: კოსმოპოლიტიზმიც, სეპარატიზმიც და ურა-პატრიოტიზმიც; სარწმუნოების უგულვებელყოფაც, რელიგიური ფანატიზმიც და ეკლესიის პოლიტიზირებაც; სხვა ქვეყნის (როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს) იდეოლოგიის, ცხოვრების წესის გაფეტიშებაც და ეროვნული ჩაკეტილობაც.

ჩვენ ვთვლით, რომ ემოციურმა პოლიტიკამ და ემოციურმა პოლიტიკოსებმა ქვეყანას უბედურება მოუტანეს და სწორედ ამიტომ, უპირველესად მიგვაჩნია: ბრძოლა პოლიტიკაში გონების დაბრუნებისათვის, გაერთიანება არა ლიდერების (მით უფრო, დანიშნული ლიდერის), არამედ საქართველოს მომავლის ირგვლივ; და, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მამები ამბობდნენ, ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლებაში ამპარტავანი და ხარბი პოლიტიკოსების, ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული პოლიტიკური ძალების მოსვლას.

ჩვენ ვემზადებით კონგრესისათვის და პარტიაში მიღების ახალ ეტაპს ვიწყებთ მაშინ, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა სერიოზული პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან ვთვლით, რომ მათთან მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება.

ჩვენი მოქმედების საპროგრამო მიმართულებები ჩამოყალიბებულია „თეთრების“ დამფუძნებელთა კონგრესის 2012 წლის 7 აპრილის განცხადებაში (იხ. „საქართველოს რესპუბლიკა“ 21.04.2012)

ჩვენ პრინციპებს არ ვღალატობთ და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებას. ჩვენთვის სასიხარულოა თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ქართულ პრინციპებზე დგას, მით უფრო მათთან, ვინც შემოგვიერთდება, თუმცა, აქვე დაუშვებლად და მიუღებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა:

– კერპთაყვანისმცემლებსა და სექტანტებთან;
– კორუმპირემბულებთან
– მათთან, ვისაც დემოკრატია უთვისტომობად მიაჩნია;
– მათთან, ვინც საკუთარ გვარს, ეროვნებას, სარწმუნოებას, ქვეყანას ღალატობს;
– მათთან, ვინც მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას, ვისაც არასწორი სქესობრივი ორიენტაცია გააჩნია, ან თანაუგრძნობს მათ;
– დამბეზღებლებთან, დამსმენებთან, მლიქვნელებთან;
– უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პირებთან და მათთან, ვინც უცხო ქვეყნების ხელმძღვანელთა თუ ცალკეული ჯგუფების დავალებებს ასრულებს საქართველოში.

ჩვენ გვინდა, პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც:

• ერთობის საფუძვლად – არ მიაჩნიათ სიძულვილი;
• ხელისუფლებაში მოსვლისა და ქვეყნის მართვისას – არ ეძებენ გარე ძალას;
• პოლიტიკურ საქმიანობაში – არ იყენებენ შავ ფულს;
• გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისათვის – აუცილებელ პირობად არ მიაჩნიათ უთვისტომობა; პოლიტიკაში არსებობისათვის და პოლიტიკოსობისათვის – ღალატი;
• რომელთაც უგულვებელყოფა არ გაუკეთეს ქვეყნის გარეთ მცხოვრები მოქალაქეების: ქართველების, აფხაზების, ოსების , აზერბაიჯანლების, სომხების, რუსების, ებრაელების, ბერძნების, იეზიდების პრობლემებს;
• რომლებიც მხარს უჭერენ ბიზნესს და ბიზნესად არ აქციეს პოლიტიკა და ხელისუფლება.
• იციან დედა-შვილობისა და ოჯახიშვილობის, ოჯახის ფასი; საქართველო მიაჩნიათ საკუთარ ოჯახად.
• ვისაც არც წარსულის და არც მომავლის არ ეშინია.
ჩვენ ასეთ ადამიანებთან მეგობრობისათვის, უღალატო მეგობრობისათვის ვართ მზად, ასეთ ადამიანებს ვიწვევთ „თეთრებში“

„თეთრების“ შვიდი მთავარი პრინციპია:

პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;
მეორე: ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;
მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს;
მეოთხე: სხვისი ლანძღვა -გინებით საკუთარი წესიერების მტკიცება სულმოკლეობა, საკუთარი უმწეობისა და უწესობის დადასტურებაა;
მეხუთე: ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდის;
მეექვსე: პოლიტიკოსი საკუთარი აზრებით და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს;
მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც იდგა „თეთრების“ სათავეებთან და ვინც შემდგომ შემოგვიერთდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ:
დღეს ქვეყნის გადარჩენა მოაზროვნე ადამიანთა და თავგანწირვისათვის მზად მყოფ პოლიტიკოსთა ერთობას შეუძლია. ჩვენ სხვანაირი პარტია ვერ წარმოგვიდგენია.
სწორედ უშიშარ, მოუსყიდავ, ქვეყნის ერთგულ ადამიანებს ვიწვევთ პარტიაში-”თეთრებში”.

“ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს!”

დუმილი დღეს, ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

გახდი „თეთრების“ წევრი!

“თეთრები” იწყებენ და ხალხთან ერთად იმარჯვებენ!

განცხადებაზე ხელისმომწერთა სია:
1. მერაბ ჯიბლაძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართელი აკადემნიის წევრი, აშშ-ის ფიზიკოსთა საზოგადოების წევრი.
2. თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტოლოგი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,
3. რობერტ ბაბლიძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
4. ზურაბ ხასია – სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, ღირსების ორდენის კავალერი.
5. შალვა წიკლაური – ქართველი ემიგრანტი გერმანიაში, იდგა ერონული მოძრაობის სათავეებთანადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციათა წევრი.
6. ზაურ კალანდია – პოეტი.
7. თინათინ ჯავახაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
8. სულხან ქემოკლიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის მ ეცნიერებათა აკადემიკოსი.
9. მზია ჯგუშია – იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)
10.. შოთა ჯიქია – ქართველი ემიგრანტი თურქეთში, პარტიის ახალგაზრდული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი.
11. ნანა შაველაშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
12. ვასილ კადანეცი – ქართველ კაზაკთა ატამანი, გენერალი.
13. ნინო ქუთათელაძე – პოეტი.
14. კონსტანტინე სალია – ბიზნესმენი, პოლიტიკური დევნილი, აფხაზთა საზოგადოების წევრი
15. ფერდინანდ ლორთქიფანიძე – კულტურის დამსახურებული მუშაკი, ”ქართულ–ოსური” მისიის თანათავმჯდომარე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *