თეთრების“ დამფუძნებელთა კონგრესის პოლიტიკური განცხადება

 

gerbi1წლის დასაწყისში  „თეთრებმა“ განვაცხადეთ, რომ მიმდინარე წლის 7 აპრილს, დაარსების 3 წლისთავზე ჩატარდებოდა პარტიის დამფუძნებელთა კონგრესის პირველი სხდომა, ხოლო 3 თვის მუშაობის დამაგვირგვინებელი აკორდი იქნება პარტიის კონგრესი.

დღეს, როდესაც დათქმულ ვადამდე რამდენიმე თვე რჩება, ჩვენ ვადასტურებთ, რომ პარტიის კონგრესი ჩატარდება ივნისის დასაწყისში და გვსურს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას  განცხადებით მივმართოთ.

განვლილი სამი წლის მანძილზე ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით. ექსპერტთა და მეცნიერთა ჯგუფთან თანამშრომლობით. შევისწავლეთ ფართო სპექტრის პრობლემები, რომელთა საფუძველზე მოვამზადეთ დოკუმენტი „საქართველო დღეს“. მეცნიერული ანალიზის საფუძველზე მივიღეთ კაპიტალური ნაშრომი, რომლის წყალობით ჩვენ ზუსტად ვიცით:

 პირველი – მდგომარეობა ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში;

მეორე – ქვეყნის პოტენციალი – ადამიანური, ინტელექტუალური, ეკონომიკური, ფინანსური და ა.შ.

მესამე – კონტურები პროგრამისა „საქართველო ხვალ“, რომელსაც წარვადგენთ კონგრესის დასკვნით სხდომაზე.

ინტერნეტში ჩვენი  ვებ-გვერდი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იხსნება, ამ  ხნის მანძილზე იგი 200 ათასმა  ვიზიტორმა დაათვალიერა, ხოლო ჰიტების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

ეს ჩვენი მუშაობის მხოლოდ ნაწილია. ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო განგვესაზღვრა ის ფუნდამენტური იდეები, რომლებსაც პოლიტიკური ძალა „თეთრები“ დაეყრდნობა თავის მოღვაწეობაში.

მოცემული განცხადება წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას 2009 წლის 7 აპრილს გაკეთებული საინიციატივო ჯგუფის განაცხადისა, რომელიც დღესაც ჩვენი სამუშაო საპროგრამო დოკუმენტია.

ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია:

პირველი დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნის გამოყვანა მუდმივი დაძაბულობის მდგომარეობიდან; დაძაბულობა და არასტაბილურობა, სამწუხაროდ, ახალი, დამოუკიდებული საქართველოს არსებობის განუყოფელი ელემენტი გახდა; ჩვენ პრაქტიკულად ყოველთვის ვართ, ერთი მხრივ, საომარ, წინასაომარ მდგომარეობაში, მეორე მხრივ, ხელისუფლების ნაადრევი განდევნის მცდელობაში.

მეორე – სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარ პირობად ჩვენ გვესახება ის, რომ საზოგადოება, ქართველი ხალხი ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს გზას, რომლის მიხედვითაც არცერთ დიდ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს სურვილი საქართველოს ხელისუფლება მისი პროექტი იყოს, – ზედიდი და დიდი სახელმწიფოები ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ და, თუ რაიმე ინტერესები აქვთ რეგიონში, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესებიც, რაც საქართველოს სუვერენობის რეალურ აღიარებას ნიშნავს.

 მესამე – ჩვენ მშვენივრად გვესმის ისიც, რომ დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ  გამოწვევას წარმოადგენს რუსეთი და ის ვითარება, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა. ყველა შემთხვევაში ჩვენთვის ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი ფორმალური სუვერენიტეტის რეალური შინაარსით შევსება, რაც, კერძოდ, იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება ჩვენი რეგიონული და საერთაშორისო ფუნქციების შესრულებისა პარტნიორ ქვეყნებთან თანაბარუფლებიანი თანამშრომლობით.

მეოთხე ჩვენ ამავე დროს არც ერთ პარტიას არ ვიწუნებთ, რომელსაც რომელიმე ზედიდ სახელმწიფოზე აქვს ორიენტაცია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური ძალაც, რომელიც ქართულია და მხოლოდ ასე უნდა აგება თავისი მრავალვექტორული საგარეო ურთიერთობისა მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან. – სხვათაშორის, ეს ამ სახელმწიფოებისათვისაც მომგებიანია.

 მეხუთე – სტაბილურობის მიღწევის ერთ-ერთ პირობად ჩვენ ასევე მიგვაჩნია იმ ქაოსის დაძლევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაშია შექმნილი. ჩვენ, კერძოდ, დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უნდა დაეყრდნოს „კონვერგენციის თეორიას“. რომელიც კაპიტალიზმის (საბაზრო ეკონომიკის) და ევროპული (შვედური) სოციალიზმის ძირითად პრინციპებს აერთიანებს. – სხვათაშორის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პარლამენტმა თავისი მოღვაწეობა სწორედ ამ იდეის დეკლარირებით დაიწყო. საამაყოა, რომ ის, რაც ჩვენ ორი წლის წინ ვაღიარეთ ჩვენი მოღვაწეობის გენერალურ მიმართულებად, 2011 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა სამმიტმა მიიჩნია მსოფლიოს განვითარების მომავლად.

 მეექვსე  – საქართველოს ჰაერივით სჭირდება მდგომარეობა, როდესაც კონკურენციის პირობებში ადამიანები ოპტიმალურად იქნებიან დაცულნი.

 მეშვიდე – არავითარი სტაბილურობა არ იქნება, თუ ქვეყნის – საკუთარი ქვეყნის – ბატონ-პატრონი ერთხელ და სამუდამოდ არ გახდება ხალხი, როგორც ერთადერთი სიუზერენი, რომელსაც აქვს სამოქალაქო ღირსებისა და სამოქალაქო პროტესტის გრძნობა, და პოლიტიკოსებსა და პარტიულ ლიდერებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ აძლევს საშუალებას მიიღონ ერთპიროვნული და ანონიმური გადაწყვეტილებები.

* * *

ეს გახლავთ „თეთრების“ ფუნდამენტალური პრინციპები, იმ საპროგრამო პრინციპებთან ერთად, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს 2009 წლის 7 აპრილის განცხადებაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნისათვის, მთელი საზოგადოებისათვის დადგა სოლიდარული მოქმედებების დრო – სხვანაირად ქვეყანა თავს ვერ დააღწევს სტაგნაციას. სოლიდარული მოქმედება აუცილებელია დღეს – მომავალი არჩევნების წინ.

ჩვენ ვართ იმ პოლიტიკურ ძალებთან და იმ პარტიებთან ერთად, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში უნდა დაინერგოს პრინციპი: ქვეყანას მართავს ხელსიუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

ჩვენი შეხედულებების დეკლარირებისას ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს: ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება!

„თეთრების“ დამფუძნებელთა კონგრესი

თბილისი, 2012 წლის 7 აპრილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *