ხელისუფლების ლამაზი ტყუილები მწარე სინამდვილის გადასაფარად

gerbi1„თეთრების“ „თეთრი სტატისტიკა“ „ნაციონალური ხელისუფლების“ „შავი სტატისტიკის წინააღმდეგ“.

სახელისუფლებო მედიამ უპირველესად, ტელევიზიებმა, უაღრესად ნეგატიური გავლენა მოახდინეს საქართველოს მოსახლეობაზე და დღეს, რეალურად ქვეყანა ცხოვრობს ხელისუფლების ლამაზი ტყუილებით.

პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, „ნაციონალი“ ლიდერები ყოველ გამოსვლაში ხაზგასმით ამბობენ, რომ საქართველო ყველაზე დიდი ინვესტიციების ქვეყანაა კავკასიაში.

ეს არის დიდი სიცრუე.

გასულ წელს აზერბაიჯანში შევიდა 5,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია, სომხეთში – 853 მილიონის, საქართველოში – 759 მილიონი ამერიკული დოლარის.

როგორც ჩანს, საქართველო, სამწუხაროდ, პირველი კი არა, ბოლოა. ჩამორჩება სომხეთსაც და აზერბაიჯანში შესული ინვესტიციების მოცულობა კი საქართველოსას 7,3-ჯერ აჭარბებს

ერთ სულზე გაანგარიშებით, გასულ წელს, აზერბაიჯანში – 615 დოლარის, სომხეთში – 262, და საქართველოში კი – მხოლოდ 173 ამერიკული დოლარის ინვესტიციები შევიდა.

ეს არის რეალური ციფრები, ხელისუფლება კი ტყუილზეა აგებული.
შეიძლება გვითხრან, ეს გასული წლის ანალიზია და მიმდინარე წელს მდგომარეობა შეცვლილიაო. ეს ასე არ არის და ამას ციფრებიც ადასტურებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 76 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, მაშინ, როცა სომხეთში მან 117 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო აზერბაიჯანში – 500 მილიონის ფარგლებშია.

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 42%-ით შემცირდა, ამავე პერიოდში აზერბაიჯანში 68%-ით გაიზარდა.

დაფიქრებისათვის: წარმოგიდგენთ იმის ანალიზს, თუ კავკასიის რომელ ქვეყანაში უცხოეთის რომელი ქვეყნებიდან შედის ინვესტიციები და რა რაოდენობით. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

საქართველოს ინვესტორთა პირველი სამეული ასეთია:
1. თურქეთი – 20,3 მილიონი დოლარი, 26,8%
2. ჩეხეთი – 19,8 მილიონი დოლარი 26%
3. ეგვიპტე – 18 მილიონი დოლარი 23,8%

აზერბაიჯანის ინვესტორთა პირველი სამეული ასეთია:
1. დიდი ბრიტანეთი – 247,6 მილიონი დოლარი
2. ამერიკის შეერთებული შტატები – 89,7 მილიონი დოლარი
3. იაპონია – 46,8 მილიონი დოლარი

სომხეთის ინვესტორთა პირველი სამეული ასეთია:
1. რუსეთი – 51,9 მილიონი დოლარი
2. საფრანგეთი – 33,7 მილიონი დოლარი
3. ჰოლანდია – 31,4 მილიონი დოლარი

ეს არის რეალური ციფრები და ხელისუფლება კი ხალხს ატყუებს.

შეიძლება გვითხრან, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის და მსოფლიო კრიზისის შედეგიაო. ეს ასე არ არის და ეს ანალიზითაც ჩანს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც კი ინვესტიციები 42%-ით არის შემცირებული

ანალიზით ჩანს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არ მიუღია ინვესტიციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაშინ, როცა აზერბაიჯანში ამერიკიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესული ინვესტიციები თითქმის 12%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში საერთოდ უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა.

შეიძლება გვითხრან, რომ ამერიკა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ 2 მილიარდი დოლარით დაეხმარაო. ეს სწორია, მაგრამ ეს არის დახმარება, და არა ინვესტიცია და ღირს დაფიქრებად მიმდინარე წლის 23 ივნისს ვაშინგტონის კოლუმბიის უნივერსიტეტში კონფერენციაზე ამერიკის წამყვანი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნა: ამერიკულმა დახმარებამ საქართველოზე მიიღო სუზერენისა და ვასალის დამოკიდებულების ხასიათი და კარგავს პოლიტიკურ ხასიათს… დახმარებამ საქართველო ამერიკაზე დამოკიდებული გახადა…

და კიდევ ერთი, კონფერენციის უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნა: საქართველოში ამერიკის დახმარებით შექმნილი ინფრასტრუქტურა არ არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, რომელსაც ეს უკანასკნელი ასე ენერგიულად მიიწერს, რომ მთავარია ამერიკა საქართველოს დაეხმაროს დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ დემოკრატიის ეშინია სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, რადგან იგი ერთდროულად დაასრულებს სააკაშვილის მიერ აშენებულ პოტიომკინის სოფელსაც, სააკაშვილის რეჟიმსაც. ეს იქნება დიდი ქართული გამარჯვება.

30 ივნისი 2010

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *