პოზიცია
შთაბეჭდილება მრჩება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია და, ზოგადად, ისატორიაც ეს არის ცალკეული ჯგუფების, პარტიების, უფრო მეტად პიროვნებების მოწოდებები გაერთიანებისკენ.
ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია. ჩემი აზრით, ცუდი სწორედ ის არის, რომ ეს არ არის გაერთიანების გზა, მეტიც, უფრო გვანაწევრებს – ზრდის იმედგაცრუებულთა, განაწყენებულთა და გულმოსულთა არმიას. ეს არის დანაწევრება და არა გაერთიანება.
1982 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, პეტერბურგში, თხოვნით მივმართე ჩემი მეგობრის ლაშა თაბუკაშვილის მამას, ჩემთვის უგამორჩეულეს პიროვნებას, მთელი ქვეყნის საყვარელ და საამაყო კაცს, ბატონ რეზო თაბუკაშვილს, რათა ის შეხვედროდა პეტერბურგის ქართველ სტუდენტობას და ეთქვა სიტყვა საქართველოს სახელით.
„მე არ მაქვს უფლება, ვილაპარაკო საქართველოს სახელით, ამის უფლება მხოლოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს“, – მიპასუხა ბატონმა რეზომ მისთვის ჩვეული ღიმილით.
2001 წელს, დარწმუნებულმა იმაში, რომ „მოქკავშირს“ უფსკრულისკენ მიჰყავდა ქვეყანა, მე როგორც იმერეთის გუბერნატორმა, ჩემს თანამოაზრე მეცნიერებთან ერთად გადავწყვიტე ჩაგვეტარებინა დიდი კონფერენცია: „საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!“
იმავე წლის 19 ოქტომბერს, კონფერენცია 1000 კაცის მონაწილეობით შედგა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მიდიოდა პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით და, რამდენადაც უჩვეულოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, პრეზიდენტის და მთელი მთავრობის მონაწილეობით. მძიმე საუბარი შედგა. ბუნებრივია, პრეზიდენტიც და მთავრობაც გაგვინაწყენდა. სწორედ ამიტომ, გავბედე და მოხსენება წარვუდგინე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, მსოფლიოში ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს ალეკო თავხელიძეს, რომელმაც მოიწვია აკადემიის მთელი ხელმძღვანელობა. ჩემი თხოვნა იყო, რომ მეცნიერებათა აკადემიას ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში მიემართა მოსახლეობისთვის მოწოდებით გაერთიანებისკენ. იგივე პასუხი მივიღე, როგორიც დიდი რეზო თაბუკაშვილისგან.
2007 წელს, ვგრძნობდი რა, რომ მდგომარეობა იძაბებოდა, ქვეყანა უფსკრულისკენ მიემართებოდა, დავწერე სტატია: „ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკვდა. რა გველის: ფაშიზმი თუ რევოლუცია?“, გადავეცი ორ ბუმბერაზ პიროვნებას: ბატონებს მერაბ ბერძენიშვილსა და რეზო ჩხეიძეს და ვთხოვე გაეკეთებინათ მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ორივესგან ზუსტად იგივე პასუხი მივიღე, როგორიც რეზო თაბუკაშვილისგან.
დიდ ქართველ მოაზროვნეებს, აზროვნების დიდ ცენტრს – მეცნიერებათა აკადემიას – კი არ უძნელდებოდათ ასეთი მოწოდების გაკეთება, არამედ, ისინი წინასწარ ხედავდნენ შედეგს, რომ ეს უფრო ლოზუნგური იქნებოდა, ამბიციად ჩაუთვლიდნენ და საპირისპირო შედეგს გამოიღებდა. ცხოვრებამ ეს დაადასტურა. მაგრამ ყველაზე კარგად და მარტივად ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აგვიხსნა და გვაჩვენა კიდეც მასთან მისულ ბატონ რეზო ჩხეიძესა და მე. აიღო ხელში თეფში და გვითხრა: „ცენტრში არის ღმერთი, ჩვენ მის ირგვლივ ვართ, ზოგი – შორს, ზოგიც ახლოს. რა არის გაერთიანება? – ვიაროთ ღმერთისკენ და თავისთავად მივდივართ ერთმანეთისკენ“.
დიდი სიბრძნეა. მით უფრო დღევანდელი საქართველოსთვის!
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გაერთიანებისკენ, ერთი და ორი კი არა, ასეულობით მოწოდება მოგვისმენია. პირველ ეტაპზე, თითქმის ყველა, რაღაც იმედს იძლეოდა, თუ მთელი ქვეყნისთვის არა, დიდი ნაწილისთვის მაინც. დრო ამ იმედებს ამსხვრევდა და ყოველთვის მახსენდებოდა ზემოთ მოტანილი სახელმწიფო კაცების გამონათქვამები. ხალხი იმედგაცრუებული რჩება, მოწოდების ავტორი გულმოსული – რატომ არ გაერთიანდნენ მის ირგვლივ და მოწოდების ავტორის მეგობრები თუ ჯგუფის წევრები განაწყენებულნი რჩებოდნენ დანარჩენ მოსახლეობაზე, რატომ ყველანი არ შეუერთდნენ.
დრო და გამოცდილება მარწმუნებს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს და ძალიან ბევრს ჩვენს ირგვლივ, არასწორად გვესმის, რას ნიშნავს დღეს გაერთიანება. მე ასე ვფიქრობ: გაერთიანება იწყება მაშინ, როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვაანალიზებთ და შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებას. მოაზროვნე ადამიანს შეუძლია არ იყოს არცერთი გაერთიანების წევრი, მაგრამ იყოს სწორედ ერთიანობის საიმედო საყრდენი. პარტიების და პიროვნებების გაფეტიშება, ეს პიროვნული სიკვდილის გზაა.
წმიდა მამებს აქვთ სწორუპოვარი გამონათქვამი: „ქრისტემ საკუთარი სისხლით გაგათავისუფლათ და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“. ტრაგედია იმაშია, რომ რაც უფრო მეტად წავედით ეკლესიისკენ, მით უფრო გავხდით ბელადების და ბელადობის მსურველნი. ეკლესიური აზროვნებაა მთავარი და არა საკუთარი თავის იმით შეფასება, რამდენად ხშირად დავდივართ ეკლესიაში.
კარგად გვეუბნება ბიბლია: „მთავარში – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული“. ეს, პრაქტიკულად, ერთობის ფორმულაა.!
მთავარი ჩვენთვის სამშობლოა და მდაბიურობას ნიშნავს, ვინმეს შეეჯიბრო საქართველოს სიყვარულში. დღეს მხოლოდ მოწოდება: გვიყვარდეს ქვეყანა, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, დამანგრეველია. ეს ის ურაპატრიოტიზმია, რომელიც გაცილებით მავნეა დღეს, ვიდრე ულტრალიბელარიზმი. ემსახურება მოწოდების ავტორის ამბიციებს და არა რეალურ შედეგს. მოაზროვნე ადამიანები ერთად არიან მაშინაც, როცა ამა თუ იმ მოვლენაზე ერთი აზრი არ აქვთ. ამიტომ გვეუბნება ბიბლია: „სადაოში- თავისუფლება“. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოერიო საკუთარ თავს, დაძლიო საკუთარ თავში სიძულვილი და დღეს იდგე იქ, სადაც სიყვარულით მიდის ბრძოლა ერთ მუშტად შეკრული ბოროტების დასამარცხებლად!
ეს განწყობები ჩამოაყალიბეს „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა, ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, რომან რურუამ, ტარიელ ხარხელაურმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, თემურ გუგუშვილმა, რამაზ ყურაშვილმა და ამ განწყობით შექმნეს დიდი ქართული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. მეცნიერებმა ამ დოკუმენტს ბოლო ათწლეულების ყველაზე ეროვნული და ამავე დროს, პლანეტარული განწყობის დოკუმენტი უწოდეს.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ცოტა უხერხულად მეჩვენება, არსებობდეს ასეთი ადამიანების ერთობა, დაფუძნებული დიდ დოკუმენტზე, ყველაფერ ამას ჰქონდეს უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა და თავს უფლებას აძლევდე, ქმნიდე ახალ გაერთიანებებს და აკეთებდე ახალ მოწოდებებს.
საქართველო ოდითგან გიგანტების მხრებზე იდგა. ყველა თაობაში იყვნენ იმ დროის კორიფეები. ასეთები გვყავს დღესაც. მე მათთან მინდა ვიდგე, მათ ვეთათბირებოდე და ისე ვიღებდე საერთო საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ჩემთვის გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა და საუბარი ლამის მთელ საქართველოსთან ურთიერთობას ნიშნავს. ასეთი ადამიანები დიდი ნიშანსვეტები არიან. ისინი ხალხის განწყობას გამოხატავენ, მათი მაჯისცემა ხალხის მაჯისცემაა.
ღმერთო, უმრავლე ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო კაცები და ისეთი პოლიტიკოსები, რომელთაც იციან მათი ფასი და აქვთ უნარი, ეთათბირონ მათ, აქვთ ძალა, უსმინონ პატრიარქს და პროგრამები ხალხის მაჯისცემით, მეცნიერებაზე დაყრდნობით შეადგინონ.
ვიცი, კარგად ვიცი, რომ ჩემს ამ პოზიციას ბევრი არ გაიზიარებს, არაერთი შეხვდება ხიშტით. ვადასტურებ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ ჩემსავე პოზიციას: სასურველია, რამდენიმე მოაზროვნე და პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე, ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს.
კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს და ეს კარგად სჩანს დიდ ფილოსოფოსთა მოძღვრებებში: ყოველი ქვეყნისა და ერისთვის დამანგრეველია ბრბოს ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი. იგივე გამოცდილება ადასტურებს, რომ პოლიტიკოსი ის კი არ არის, ვინც „ხალხოსნობს“ (საქართველო ასეთი სოციალური დემაგოგებით სავსეა) არამედ ის, ვინც მაღლაა, პროგრესის მატარებელია, მაგრამ ხალხს ზემოდან კი არ უყურებს და კი არ ეუფროსება, არამედ ხალხი მიჰყავს თავისკენ და ამით პროგრესის თანამოზიარედ ხდის.
ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი პოლიტიკოსები!
თეიმურაზ შაშიაშვილი
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი