სიყვარულით გპასუხობთ!

მინდა ამ მასალამ გააძლიეროს ჩემდამი კეთილად განწყობილნი, ჩააფიქროს ისინიც, ვისაც ჯერ კიდევ  არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა. სინდისის ქენჯნა აგრძნობინოს ჩემს წინააღმდეგ ნებსით, თუ ვინმეს კარნახით მომართულთ და დაქირავებულთაც.

როგორც კი გავაკეთე განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ამოქმედდა „ტრადიციად“ ქცეული  ბრძოლის მექანიზმი: უცხოეთიდან დაბრუნებულს ბარგზე ე.წ.წითელი სტიკერი და სრული შემოწმება,თვალთვალი და ღობის იქედან ვიდეო და ფოტო გადაღება(როგორც ეს მოხდა ქუთაისში პირველ სექტემბერს),ლანძღვა – გინება სოციალურ ქსელში, ჭორების გავრცელება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სხვა…

რა გაეწყობა,გამოწვევა მიღებულია.
სხვათაშორის, მე ეს მაძლიერებს –  მეტად მარწმუნებს თავგანწირული ბრძოლის აუცილებლობაში, რადგან, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება კიდევ მეტად აუტანელი გახდება – ქართველებისგან დაიცლება, უცხო ტომებით კი გაივსება!!!

მე აქამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის ,ამ სითბოს, ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე  არ უნდა ვცხოვრობდეთ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მეგობრებთან ერთად შევადგინეთ პროგრამა, რომელსაც დავარქვით

გზა ცივილიხებული სახელმწიფოსკენ”,

პროგრამის  საფუძველიხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.  

როგორც ჩანს,  ამ ეტაპზე, მთავარი და უპირველესი  ღირსებისთვის ბრძოლაა, რადგან, პოლიტიკოსებმა ხალხს წავართვით ქვეყანა, პოლიტიკურ სამთავროებად დავყავით და მათ გაჭირვებაში, დეპრესიულ და მომავლის შიშის გარემოში, მენტალური  პროსტიტუციისა და სიძულვილის ენით ურთიერთობის  ეპოქაში ვაცხოვრებთ…

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს მახინჯი სისტემა – უზნეო უმცირესობის ზნეობრივ უმრავლესობაზე უფროსობისა და ბატონობის სისტემა უნდა დაინგრეს!!!

დუმილი დღეს ღალატის ტოლფასია !

გულახდილად და ღიად მივმართავ ჩემს წინააღმდეგ მომართულ ოპონენტებს: მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ მე არ მიცნობთ. სარგებლობთ იმით, რომ „მოქკავშირის“ ე.წ. „რეფორმატორთა“ გუნდმა, ვერ შეძლეს, რა ჩემი „მოქკავშირში“ შეყვანა, ანერვიულებდათ ის, რასაც იმ უძრაობის პერიოდში ვაკეთებდი,  იმის გათვალისწინებით, რომ მთელი საინფორმაციო საშუალებები ეჭირათ  ხელში, ჩემგან შექმნეს ისეთი სახე, როგორიც აწყობდათ – ამას აძლიერებდა და დღესაც აძლიერებს ის სტერეოტიპები, რაც ადამიანებს ჩაუნერგეს აზროვნებაში.

სტერეოტიპი კი ასეთია:
ვინც ხელისუფლებაში იყო, ყველა ერთნაირად ცუდი, უსაქმური და კორუმპირებულია!

არადა, ასე ნამდვილად არ არის!

თუმცა, ასეთ ფიქრსა და აზროვნებას აქვს საფუძველი – 90 პროცენტზე მეტი  (მაგრამ არა ყველა), ასეთი იყო და არის დღესაც. ასეთებზე იტყვიან სწორედ: კალოშებით მოვიდნენ და სასახლეებით მიდიანო. ასეთ დროს, ვინც წესიერება შეინარჩუნა, თავგანწირვით იდგა და დგას ქვეყნისთვის-სწორედ ასეთ ადამიანებს ებრძვიან, სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი არნახულადაა შეკრული ერთ მუშტად..

ამის შედეგია ის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სუსტთა იდეოლოგია იმარჯვებს –   სძულთ ძლიერი, მტრად მიიჩნევენ, არადა, სწორედ ასეთ ხალხზე გადის ქვეყნის სიძლიერეც და მისი მომავალიც!

მწამს და მჯერა: პატიოსანი კაცი კი არ არის ძლიერი, არამედ, ძლიერ კაცს შეუძლია ამ უსასტიკეს, კორუფციის, არაპროფესიონალი და უზნეო ადამიანებით სავსე ხელისუფლებაში, პირდაპირ ვთქვათ, ფულის ეპოქაში – წესიერების შენარჩუნებაც და მებრძოლად დარჩენაც – მებრძოლად, ფულისუფლების წინააღმდეგ და ნიჭის ძალაუფლების დამკვიდრებისთვის.

პირდაპირ ვამბობ: წერეთ, რაც გინდათ, ვისი დავალებაც გინდათ, შეასრულეთ-ეს თქვენი პრობლემაა.

თქვენი ნაწერებით, თქვენი სიძულვილის ენით, მე კი არა, საკუთარ თავს ახასიათებთ.

მე კი ამ სიძულვილზე  სიყვარულით გპასუხობთ..
სიკეთე თქვენს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს!

შემიძლია დამაჯერებლად გითხრათ: მე მთავარი ომი მოვიგე-საკუთარ თავზე გავიმარჯვე. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვინმეს ვებრძოლო.ერთი რამ  ვიცი, ჩვენ დღეს ყველანი ერთმანეთს ვჭირდებით მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში. ამ საქმეში კი, მიგულეთ თქვენ გვერდით. ჩემგან ღალატი არ იქნება.

ვისაც შეკითხვა გაქვთ ან,  რამეს დაზუსტება გსურთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 97 57 04 19.

ვისაც გინდათ, რომ მამხილოთ რამეში, მზად ვარ შეგხვდეთ საჯაროდ ნებისმიერ აუდიტორიაში,მედია-საშუალებაში, გესაუბროთ ქუჩაშიც…

მანამდე კი მინდა ნახოთ და წაიკითხოთ, წაგაკითხოთ თქვენს პატრონებსაც – განსაკუთრებით ჩემი  ხელწერილი, რადგან, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ყველა საჯარო მოსამსახურეს მოუწევს ამის გაკეთება.

დიახ, ეს  მე ვარ,
ეს არის ჩემი ცხოვრების წესი,
ეს არის ჩემი მსოფლმხედველობა,
ეს არის ჩემი პოზიცია,
ეს არის ჩემი ანგარიში თქვენს წინაშე!

” მე პატივს კაცთაგან არ ვეძებ”

“მე არც წარსულისა და არც მომავლის არ მეშინია”

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

http://www.tetrebi.org/?p=18921

აქვე ვაქვეყნებ მნიშვნელოვან მასალას:

მეცნიერებთან ერთად, შეუძლებელსაც კი შევძლებთ

. იქნებ ერთი ფაქტი უარყოთ და თუ ამას ვერ აკეთებთ, და სამშობლოსთვის იბრძვით, მაშინ დავდგეთ ერთად და გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

თემურ შაშიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ეს ის ხელწერილია,რომელსაც 1997 წლიდან ვაქვეყნებ, დღემდე ვერავინ შეძლო ანალოგიურის გამოქვეყნება, ჩემი პრეზიდენტობისას კი, სავალდებულო იქნება სახელმწიფო სამსახურის მოხელეებისათვის.

კიდევ ერთი, ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია და თავისუფლებაა   წერო ის,რაც გინდა და ილაპარაკო ის, რაც გინდა. ეს ნგრევაა, არადა, ასეა საქართველოში. გენიალურად ამბობს დიდი ამერიკელი მწერალი ფოლკნერი – ადამია თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

დიახ, თავისუფლება პასუხისმგებლობაა!

დემოკრატიულია ის ქვეყანა, სადაც სისტემა არ უშვებს ტყუილის თქმას, ცილისწამებას, აღვირახსნილობას..

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში სახელმწიფო მოხელეზე –  დაწყებული რიგითი საჯარო მოხელით, დამთავრებული პრეზიდენტით, გამოქვეყნებულ ყველა მამხილებელ მასალაზე დაიწყება მოკვლევა, როგორც ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია. სიმართლით დაწერილს კანონი დაიცავს და პასუხს აგებინებს სახელმწიფო მოხელეს, ასევე, კანონი დაიცავს სახელმწიფო მოხელესაც ყოველგვარი ცრუ ბრალდებებისგან!

მახსოვს, როცა ქალაქის მერად ჩემი კანდიდატურა დადგა, არაერთმა ქურდების და ფულის ტომრების ხელის ბიჭმა, ხალხში დაიწყო  ჭორაობა -რა დროს თემურ შაშიაშვილიაო. არადა, დრომ დაადასტურა და ამას უამრავი თანამოქალაქეც  ადასტურებს, რომ დღესაც საქართველოს ჩემნაირი ადამიანი სჭირდება პრეზიდენტად.

მე ჩინოვნიკად არ დავბადებულვარ: ხუთი წელი მუშად ვიმუშავე, ინჟინრადაც, მეცნიერ-მუშაკადაც, ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაო ვიცი და შემისრულებია, უწესიერესი და წარმატებული ადამიანების-თამაზ იმედაძის, ჟიული შარტავას  და  სხვების  უშუალო ხელმძღვანელობით, სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა საფეხური გავიარე, თითქმის ხუთი წელი უცხოეთში ვიცხოვრე (აშშ, რუსეთი-პეტერბურგი, ევროპა, უკრაინა), დიდი თანამდებობები მეჭირა, მაგრამ დედამიწის ზურგზე ჩემს ოჯახს მამა-პაპისეული სახლის გარდა, არაფერი გააჩნია. ბუნებაში არ არსებობს ზნეობრივი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ჩემთან საქმე ჩააწყო, როცა ქვეყანას დასჭირდა – ტანკებს გადავუდექი, იმ თვითმფრინავში შევედი, რომელსაც ჩამოვარდნას უწინასწარმეტყველებდნენ.

ეკლესიის მიმართ ყოველთვის მორჩილება მქონდა, ინტელიგენციის მიმართ მოკრძალება, ვმეგობრობდი და ვმეგობრობ ახალგაზრდებთან, ყოველთვის აქტიური საზოგადოების გარემოში ვტრიალებდი, ვამაყობ საინიციატივო ჯგუფით, გულშემატკივრებითა და მხარდამჭერებით, მზად ვარ,  უმწიკვლოდ, თავშეწირვით ვემსახურო ხალხს და ქვეყანას..

ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ მთავრობაშიც.

ჩვენი საერთო  ამოცანა უნდა იყოს, არა ამ ადამიანებზე უარის თქმა, არა მათი გარიყვა, არამედ, ასეთი ადამიანების შეერთება და საერთო ძალით ფიქრი მომავლის საქართველოზე.

კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. მოაზროვნე ადამიანებით სავსეა ყველა თაობა. ამ შეერთებას უნდა ნიჭი და ძალა.  პრეზიდენტი უნდა აერთიანებდეს და არა ყოფდეს – ის ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!

პარტიულმა პრეზიდენტებმა გაგვანადგურეს. მით უფრო საშიშია პრეზიდენტი დაპირისპირებული ძალებიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობაზე. რაც ასახულია კიდეც  ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაშიც.

ამ წერილით ჩვენ, არა მარტო ოპონენტებს ვაძლევთ პასუხს, არამედ, ვამთავრებთ საუბარს წარსულზე. ვისაც აინტერესებს ჩემი მოღვაწეობა ქუთაისში, ეს ჰკითხოს ქუთაისელებს. ჩვენი ყოველი შეხვედრა – ეს იქნება ფიქრი და მოქმედება მომავლის საქართველოსთვის

P.S. მინდა ამ მასალამ გააძლიეროს ჩემდამი კეთილად განწყობილნი, ჩააფიქროს ის, ვისაც არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, ამასთან, სინდისის ქენჯნა აგრძნობინოს ჩემს წინააღმდეგ ნებსით, თუ ვინმეს კარნახით მომართულთ და დაქირავებულთ.

მინდა ვისურვო, რომ არჩევნებზე ყველამ შევძლოთ მისვლა ოღონდ, არა ხათრით,არა თხოვნით,  არა ფულით და ფქვილით, არამედ სინდისის კარნახით მივცეთ ხმა ქვეყნისთვის სასარგებლო კანდიდატს.

გავაკეთებთ ამას, ჩვენ სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ,ძლიერი საქართველოსკენ ვივლით, წარმატებული ქვეყანა ვიქნებით!

იამაყებს ყველა, ვინც მხარს დამიჭერს.

ჩემგან ღალატი არ იქნება!

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *