(საქართველოს რესპუბლიკა) მეცნიერებთან ერთად, შეუძლებელსაც კი შევძლებთ (სრული ვერსია) )
ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ ვერც ერთ ფაქტს ვერ შეეწინააღმდეგება თუნდაც ჩემს მიმართ მძიმედ განწყობილი ერთი კაციც კი.
ძალიან ძლიერი, მომავლის საქართველოსათვის, უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“. მათ მიაჩნიათ და ეჭვი მეპარება, რომ ერთი მოაზროვნე კაციც კი არ გაიზიარებს მათ მწარე შეფასებას:
- არ შეიძლება ამ საბანკო სისტემის პირობებში სერიოზულ ეკონომიკაზე ფიქრი.
არ შეიძლება ამ კაბალურ საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საუბარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. - შველა უნდა იპოთეკარებს ისე, რომ ეს მივაღწიოთ საბანკო სისტემის გაჯანსაღებით
როცა 1997 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ საქართველოს ჰყავს მდიდარი ბანკირები , დაქცეული ეკონომიკა და ბანკების მიერ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა – მძიმე დაპირისპირება მივიღე.
ვწუხვარ, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა.
დღეს შექმნილი მდგომარეობა , ჩემი აზრით, უარესია, ვინემ წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ბანკირებს ვერც მთავრობები ერევიან, ვერც პოლიტიკური გაერთიანებები. ერთადერთს, ვისაც ამ ბრძოლის, ქართული ეკონომიკის, ქართული ბიზნესის, რაც მთავარია, ხალხის სასარგებლოდ დასრულება შეუძლია, სწორედ მეცნიერება, გაბედული მეცნიერების ერთობა და ხალხის მხარდაჭერაა.
ვფიქრობ, მეცნიერები ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
ასევე უაღრესად გაბედულად და დღევანდელი საქართველოსათვის შენიღბული კორუფციის წინააღმდეგ საიმედოდ მეჩვენება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეს შეფასებაც:
- „არ შეიძლება ქართული ეკონომიკის მომავალზე საუბარი შუალედური (საშუამავლო) ფირმების ასეთი თავხედობის პირობებში, როცა დაზარალებულია მწარმოებელი და მომხმარებელი და ფუფუნებაში ცხოვრობს ხელისუფლების მიერ გაყოყოჩებული შუალედური რგოლი“.
არამარტო მეცნიერებს, არამედ მთელ ქვეყანას უნდა გვაფიქრებდეს ეს დასკვნა:
- ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს , რომ მინიმუმ ოთხი ქალაქი საქართველოში, სადაც ცხოვრების გამოკვეთილად კარგი პირობები უნდა იყოს, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. ჩვენ ხალხს ვეტყვით სიმართლეს, თუ რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა იმ ოთხ ქალაქში – ფოთში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ბოლნისში, სადაც დღესაც კი ცხოვრების გამორჩეულად კარგი პირობები უნდა იყოს.“
კარგია, რომ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი კვლევის პირველი შედეგების გამოქვეყნებას სექტემბერშივე აპირებს.
ჩვენ , „თეთრებმა“, უარი ვთქვით, როგორც ეს დღეს ჩანს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ საპარლამენტო არჩევნებში პარტიით მონაწილეობაზე… პოლიტიკურმა საბჭომ უაზროდ ჩათვალა „თეთრების“ იმ არჩევნებში მონაწილეობა, როცა ფული, ტყუილი, სოციალური დემაგოგია და აგრესია პირველობს , როცა უარყოფილია მოაზროვნე ადამიანები და საღი აზრი, როცა იგნორირებულია სწორედ ის ხალხი, ვინც ჰაერივით სჭირდება პარლამენტს და ვისაც ხელეწიფება ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანა. როცა წინა და დღევანდელი მთავრობების მიერ დანიშნული ბიზნესმენები, ვიმეორებ, დანიშნული ბიზნესმენები შეურაცხყოფას აყენებენ ხალხს, ქვეყანას და ხალხის გაღარიბებით უზომოდ გამდიდრებულნი, ცდილობენ სრული დიქტატი დაამყარონ ქვეყანაზე და ეს აშკარად ჩანს, დიდი ანალიზი არ უნდა – ზედაპირზე დევს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს ბრძოლის შეწყვეტას. ჩვენ შევუერთდით მეცნიერთა მოძრაობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მათთან არის პატიოსნებაც, პროფესიონალიზმიც, ქვეყნის ერთგულებაც, ქვეყნის მომავალზე ფიქრიც. ჩვენთვის ყველაფერთან ერთადმ მიმზიდველია მეცნიერთა ის პოზიცია, რომ ისინი ყოველგვარი დაპირისპირების წინააღმდეგმი არიან და საქმიანობის მთავარ მიმართულებად თანამშრომლობის ჰარმონიზაციას.
ჩვენ, „თეთრებს“ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს არჩევნები უდიდეს გაწბილებას გამოიწვევს ხალხში, სრულად გააკოტრებს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს და სწორედ ასეთ დროს მეცნიერთა, სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი ერთობა უნდა გახდეს ქვეყნის მომავლის ერთადერთი იმედი .
პირადად მე, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც არასდროს შეუცვლია აზრი, მიაჩნდა და მიაჩნია, რომ წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, მეცნიერების მეცნიერებისადმი დიდი მხარდაჭერის გარეშე.
ვოცნებობ ქვეყნის ისეთ პირველ პირზე, რომელსაც ერთი კაბინეტი მეცნიერებათა აკადემიაშიც ექნება. დიახ, ერთი კაბინეტი მეცნიერებათა აკადემიაში ექნება და ამას არა მარტო სიმბოლური დატვირთვა ექნება. აშშ-ში მოსამართლეს ერთი დოლარით მეტი ხელფასი აქვს და ეს არის ხაზგასმა, რომ მათთვის უმთავრესია სამართლებრივი ქვეყანა. ჩვენ ინტელექტისა და რწმენის ქვეყანა ვართ. ამ ორის აღიარება და პრაქტიკული მოქმედება მისი განხორციელებისათვის ნიშნავს ნიჭის ძალაუფლების აღიარებას.
მეამაყება, რომ ყოველ თანამდებობაზე დანიშვნის წინადადებას მხოლოდ მას შემდგომ ვეთანხმებოდი, როცა მეცნიერებათა აკადემიის მარდაჭერას მივიღებდი. დღესაც ვიხსენებ უაღრესად ადამიანურ და მომავლის პროექტებით დატვირთულ საუბარს, რომელიც 1993 წლის დასაწყისში, ვიდრე დავეთანხმებოდი ქუთაისის მერობას, მქონდა მეცნიერებათა აკადემიაში მაშინდელი პრეზიდენტის, აკადემიკოს ალეკო თავხელიძის , ვიცე – პრეზიდენტების, აკადემიკოსების ანდრია აფაქიძის, გივი სანაძის, ივერი ფრანგიშვილის, როინ მეტრეველის და აკადემიის განყოფილებათა ხელმძღვანელი აკადემიკოსების მონაწილეობით.
რატომ ვიხსენებ ამას?
იმ უმძიმეს პერიოდში, ომისა და განუკითხაობის ჟამს, რაც ქუთაისმა და ქუთისელებმა შევძელით, ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ მეცნიერთა შემუშავებული პროგრამებით ვმოქმედებდით.ეკონომიკური და საფინანსო მიმართულების ორი უძლიერესი ინსტიტუტის წევრები, მათი უაღრესად საინტერესო ხელმძღვანელებით, ბატონებით, ლადო პაპავათი და იაშა მესხიათი, პრაქტიკულად, ქუთაისში იმყოფებოდნენ.
ჩვენ, ყველა მიმართულებით საუკეთესო შედეგები გვქონდა. მასწავლებლის ხელფასი ერთი დოლარის შესაბამისი კუპონით, შემდგომში ლარით მეტი იყო, ვინემ ქალაქის მერის და მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი 8-15 დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტა იყო, ქუთაისში მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 100 დოლარის ფარგლებში იყო.
თბილისიდან უამრავი პროფესორი ლექციებს ქუთაისში კითხულობდა, რადგან მათ სამივლინებო თანხასაც ვაძლევდით და ხელფასი 10-15-ჯერ მეტი იყო, ვიდრე თბილისში. დიმიტრი უზნაძის სარეფორმო პროგრამის შესაბამისად, საშუალო სკოლაში სამსაფეხურიანი სწავლების დანერგვამ საშუალება მოგვცა, ნდობით ვყოფილიყავით სკოლის პედაგოგების მიმართ და გაგვეუქმებინა მისაღები გამოცდები ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ კურსზე მიგვეღო ათასი სტუდენტი სასკოლო ატესტატების კონკურსის საფუძველზე, სრულად დაგვეფინანსებინა მათი სწავლება (500 დოლარი ერთ სტუდენტზე, როცა მთელს საქართველოში 1994-95 წლებში, 150-200 დოლარი იყო)…
სიამაყით ვამბობ და ეს იმ პერიოდის ქუთაისის სიძლიერისა და განწყობის მაჩვენებელი იყო, რომ მართალია, მცირე თანხით, მაგრამ ვაფინანსებდით უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლების ასპირანტურაში ყველა ქუთაისელს და ყველა წარჩინებულ სტუდენტს, წელიწადში ერთხელ ვაძლევდით საშუალებას, ჩვენი დახმარებით ჩამოსულიყო საქართველოში და გამგზავრებულიყო უკან.
კომპიუტერულ პროგრამირებაში საერთაშორისო ტურების მონაწილეთა 90 პროცენტი ქუთაისის სტუდენტებითა და მოსწავლეებით კომპლექტდებოდა – სტიპენდიას ვაძლევდით არამარტო წარჩინებულ სტუდენტებს, არამედ გიმნაზიის მოსწავლეებსაც.
დღესაც მახსოვს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ალეკო თვხელიძის გაოცება, რა ცოდნას ამჟღავნებდა მოსწავლე ჯიმშელეიშვილი მისთვის ძნელად დასაჯერებელი გახდა, რომ ამ ბავშვის სტიპენდია 56 დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტა იყო, როცა თვითონ ბატონი ალეკო, როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 6 თუ 10 დოლარის ეკვივალენტ თანხას იღებდა. 1-6 კლასის ჩათვლით ბავშვებს განსაზღვრული კვება ჰქონდათ.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 8 ათასზე მეტი აღსაზრდელი იყო სამჯერად კვებაზე, მერიის დაფინანსებით, მაშინ როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ქუთაისის გარდა, ასეთ პირობებში სულ 2 ათასი ბავშვი იყო. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი თეატრი, ხელოვნებისა და სპორტის დარგი არ გაუქმებულა 1993-96 წლებში, ვიდრე მე ქალაქის მერი ვიყავი, მაშინ როცა დღეს მათი რაოდენობა განახევრებულია.
დაუჯერებელია, მაგრამ ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ქალაქი სპორტსაც პატრონობდა. ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ამავე პერიოდში, არც საქართველოს თასი დაუთმო არავის.
ეს ის წლებია, როცა ქუთაისი გახდა აფხაზეთიდან დევნილთა ცენტრი. ქუთაისმა ლუკმა გაუყო ჩვენს ძმებს აფხაზეთიდან. 20 ათასზე მეტ დევნილს საცხოვრებელი პირობები შევუქმენით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელები ზურაბ ერქვანია და ლონდერ ცაავა დაადასტურებენ, რომ ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა „გადავარჩინოთ აფხაზეთი საქართველოში დროებით ტერიტორიების გარეშე“, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეგვენარჩუნებინა ყველა იურიდიული პირი.
40-მდე საწარმო, განათლებისა და სახელოვნებო მიმართულების ორგანიზაცია მოქმედებდა ის როგორც ადრე აფხაზეთში მოქმედებდნენ. ვწუხვარ, რომ დღეს გაუქმებულია სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, როგორც ინსტიტუტი, ყველა პირობა შევქმენით, რომ უნივერსიტეტის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა.უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იგივე პირობებით სარგებლობდნენ, რაც ქუთაისის ორ სახელმწიფო უნივერსიტეტში გვქონდა. ჟიული შარტავას სახელობის სკოლა შევქმენით იგივე პირობებით, რაც ქუთაისის სკოლებში გვქონდა.
მხოლოდ მცირედზე ვისაუბრე. მთავარი მინდა ვთქვა: ეს ყველაფერი კეთდებოდა მაშინ, როცა ქუთაისი განსხვავებით საქართველოს სხვა ქალაქებისაგან, ერთი ლარის დაფინანსებას არ იღებდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. მეტ-ნაკლებად, ყველა წარმოება მუშაობდა (საავტომობილო ქარხანაში 3 ათასამდე კაცი, დღეს რომ ჩინურ ქალაქად არის გადაქცეული და ხე-ტყის გადამუშავება მიმდინარეობს).
მაშინ გავიყვანეთ დღემდე საქართველოში ყველაზე დიდი პროსპექტი – დავით აღმაშენებლის. აღვადგინეთ სრულად დანგრეული „ჯაჭვის ხიდი“ და ნახევრად დანგრეული „თეთრი ხიდი“. ქუთაისის 3 500 წელი 1995 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღვნიშნეთ. ამავე წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, გავხსენით დავით აღმაშენებლის ძეგლი და 300 ქუთაისელის მონაწილეობით, ქუთაისის დღეები აღვნიშნეთ პარიზში, იუნესკოს ეგიდით.
დღეს, ბევრს ხმაურობენ ქუთაისის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. როცა ქუთაისში ჩავედი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რაც რიონჰესში ვნახე: წყალი ირეცხებოდა და მთელი ქალაქი რიონის გარეცხილ წყალს სვამდა. სწორედ მეცნიერებთან ერთად, განვაახლეთ ძველი პროექტი და სოფელ ფარცანაყანებში დავიწყეთ სრულიად ახალი წყლის სისტემის შექმნა. ვამაყობ, რომ ქუთაისი მარაგდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასმელი წყლით. პრობლემა 2000 წლისთვის მოგვარდებოდა, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ მაშინდელ ხელმძღვანელობას (გენერალური მდივანი მიხეილ სააკაშვილი) ხელი არ შეეშალა ე.წ. რაჩხის წყლის სისტემის განხორციელებისათვის. სულ 10 მლნ. დოლარით მე-16 სართულზეც კი თვითდინებით მიიღებდა წყალს პრაქტიკულად ქუთაისის იდიდესი ნაწილი. და ეს წყალი გზაში რამდენიმ ე მგვტ ელექტროენერგიის სიმძლავრესაც ქმნიდა. მიუხედავად მმართველი პარტიის წინააღმდეგობისა, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით, ეს პროექტი 2004 -2006 წლებში უნდა განხორციელებულიყო. წყდებოდა უდიდესი პრობლემაც, სრულდებოდა ხალხის გრაფიკით გაწამებაც, ხდებოდა ელექტროენერგიის დაზოგვაც და შექმნაც და რაც მთავარია, ქალაქი იღებდა უმაღლესი ხარისხის სასმელ წყალს. ეს პროექტი ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ შეიწირა … დღემდე ასეულობით მილიონია დახარჯული და პროგრამის დასრულება კვლავ მომავალშია.
გვიჭირდა, მაგრამ მთელი ქალაქი პოზიტიური განწყობით ცხოვრობდა, მთელი ქალაქი ერთიან საქართველოზე ფიქრობდა. სწორედ ამ განწყობამ შეძლო, რომ ორჯერ ტანკები არ გამოვატარეთ თბილისისაკენ და ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე მომენტში მხოლოდ ქუთაისმა შეძლო დიდი ჟიული შარტავას თხოვნის შესრულება და სოხუმში დასახმარებლად ჩასვლა. სიცოცხლის ფასად კეთდებოდა ყველაფერი ეს და სამწუხაროა, რომ ზოგჯერ გახსენებაც უჭირთ. კარგია, რომ ხშირად ვსაუბრობთ იმ უბედურებებზე, რაც ნაცების დროს ციხეებში ხდებოდა. როგორ ტანჯავნენ ადამიანებს. ამაზე მეტი უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის ხალხი, რომელთაც სიცოცხლის ფასად ტანკები არ გამოატარეს დედაქალაქისაკენ… ის სამასი კაცი, ვინც ქუთაისის აეროპორტში იმ თვითმფრინავში შესვლა გაბედა, რომლის სოხუმში ჩაფრენის ერთი პროცენტი გარანტია იყო.
კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია. ვფიქრობ, საკმარისია იმის დასტურად, თუ რა შეიძლება შევძლოთ მეცნიერებაზე დაყრდნობით, მეცნიერისადმი,კულტურის მოღვაწისადმი კეთილი განწყობის გარემოში. სწორედ მეცნიერება იყო იმის საფუძველი, რომ მაშინ არ გაგვეჩერებინა საწარმოები, ხალხი მეტ-ნაკლებად დასაქმებული ყოფილიყო. მათ რჩევით ჩემს მიერ მიღებულ ორ გადაწყვეტილებას გავიხსენებ.
პირველი – ყოველ შაბათს, ქალაქის მაცხოვრებლები მიგვყავდა
ქუთაისის მიმდებარე 70-მდე სოფელში, სადაც მათ მამაპაპისეული , თუ ჩვენი მხარდაჭერით მიღებული ეზო-გარემო ჰქონდათ, სოფლიდან მოგვყავდა ხალხი ქუთაისის ბაზრებში სოფლის პროდუქტებით, ბევრსვეხმარებოდით ღამისთევითაც… და ყოველ კვირას უკან მოგვყავდა სოფლის მოსახლეობა და სოფლიდან მოგვყავდა შაბათ დილით გამგზავრებული თანაქალაქელები. უდიდესი ეფექტი მოგვცა და არა მარტო სოციალური, უპირველესად, ფსიქოლოგიური – სიმშვიდე და იმედი დაამკვიდრა.
მეორე – როცა ხორცის ფასმა 3 ლარს მიაღწია, საბიუჯეტო სესხები მივეცით კერძო სუბიექტებს, რომ იმერეთის მაღალმთიან სოფლებში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში შეესყიდათ საქონელი და ხორცი და შაბათ-კვირას ქალაქის ათამდე უბანში გაეყიდათ. უდიდესი შედეგი მივიღეთ. სოფლებში ფული შევიდა და მოქალაქეებმა ნახევარ ფასში მიიღეს ის პროდუქტი, რომლის ფასიც ზოგჯერ ხელოვნულად იყო გაზრდილი. როგორც ქუთაისში ამბობდნენ, ბაზრის მეპატრონეებისა და მეხორცეების მიერ.
მეცნიერებისადმი დამოკიდებულება ჩემთვის ბუნებრივი და შინაგანია.
როცა ქუთაისის მერი გავხდი, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი მაგალი თოდუა ოჯახთან ერთად სასტუმროს ერთოთახიან ნომერში ცხოვრობდა. ჩემს მეგობარს, რეჟისორ ლევან სვანაძეს, რომელიც იმხანად რუსთავში გადავიდა სამუშაოდ, ვთხოვე, რომ მისი ყოფილი ბინა, რომელიც მას გადაეცა როგოცრ ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და უკვე პრაქტიკულად მისი იყო, დაებრუნებინა პირადად ჩემთვის. მან იცოდა, რომ ქუთაისში მამაპაპისეული სახლის გარდა არაფერი გამაჩნდა… ბატონ ლევანს დღესაც უღრმეს მადლობას ვუხდი ამ ღირსეული ნაბიჯისთვის, რითაც ქუთაისს შეუნარჩუნა დიდი მეცნიერი, მაგალი თოდუა.
ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად უკვე არჩეული, დიდი მეცნიერი აკადემიკოსი არჩილ კოსტავა ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, რადგან მას არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა. ბატონ არჩილს დავუთმე ჩემზე გაფორმებული ბინა ნინოშვილის ქუჩის დასაწყისში, სადაც მანამდე მხოლოდ ქალაქის პირველი პირები ცხოვრობდნე და ამით ქალაქს დიდი მეცნიერი შევუნარჩუნე.
იმ უმძიმეს წლებში ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქალაქიდან არ წასულიყვნენ ცნობილი მწერლები: რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი. ქალაქში ძირძველი დავაბრუნეთ ქუთაისელი პოეტი და მწერალი ოთარ მამფორია.
დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმ დიდი გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც მეცნიერებთან ერთად და მათი უშუალო რეკომანდაციით მივიღეთ. ყველა საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შევიყვანეთ ცნობილი მეცნიერები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. რომ არა „მოქალაქეთა კავშირის“ მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ გარედან ნაკარნახევი ე.წ. „ნულოვანი პრივატიზაცია“ , დღეს სრულიად სხვა სიტუაცია იქნებოდა მთელს საქართველოში. გული მწყდება, რომ ბოლომდე ვერ გავიტანე წინადადება , რომ საწარმოები ნულოვან აუქციონზე კი არ გაგვეყიდა, არამედ მეცნიერებისათვის მიგვეცა სოციალური და ეკონომიკური პროგრამებით.
ჩემს ამ წერილს 1995 წელს პრეზიდენტის საოცრად კარგი რეზოლუცია მოჰყვა, მაგრამ ჩემი შეცდომა ის იყო, რომ დამამშვიდა ამ რეზოლუციამაც და მაშინდელი პრივატიზაციის მინისტრის მოადგილის , ბატონი ჯუღელის წერილმა , რომელიც საოცარ მაღალ შეფასებას აძლევდა ჩემს წინადადებას და მარწმუნებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა. ჩემი უცხოეთში ყოფნის დროს, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი ქვეყნის ქონების ნულოვან აუქციონზე გაყიდვის თაობაზე. პრაქტიკულად ჯართად აქციეს სამუშაო ადგილებიც და უმაღლესი ტექნოლოგიაც. უცხოეთიდან დაბრუნებულმა, ამ პროცესის ქუთაისში შეჩერება „ ტექნოლოგიური პარკების“ შექმნის იდეით ვცადე, ქუთისის საავტომობილო ქარხანაში მთავრობის გამსვლელი სხდომის მოწვევას მივაღწიე. მთავრობასაც მივაღებინე გადაწყვეტილება., მაგრამ „მოქკავშირის“ ავადმყოფურად მოაზროვნე ე.წ. „რეფორმატორებმა“ დაარწმუნეს ბატონი შევარდნაძე , რომ არ ღირდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაღიზიანება და „ნულოვანი აუქციონის“ ქუთაისში მაღალი ტექნოლოგიების პარკებით შექმნის პროცესის დაწყება. 700 მლნ. დოლარზე მეტის ქონება რამდენიმე ასიათას დოლარად გაყიდეს ძირითადში ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე
დაუჯერებელს გეტყვით, მე როგორც ქალაქის ხელმძღვანელმა, სარჩელი შევიტანე პრეზიდენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და იმდენად სერიოზული არგუმენტები მქონდა, რომ სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და უდიდესი სიმდიდრე ქალაქს დაუბრუნა. ამ დროს, უზენასე სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი ლადო ჭანტურია გახლდათ. პირველი გადაწყვეტილება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარემ , ბატონმა შალვა ხაჭაპურიძემ მიიღო. სამწუხაროა, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციით“ აბობოქრებულებმა გააუქმეს სასამართლოს ეს გადაყვეტილება და „ქურდულ სამყაროს“ დაუბრუნეს „ნულოვანი აუქციონით“ . ხელისუფლებასთან ჩემი სამართლებრივი დაპირისპირების არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიტან. დასკვნა თქვენთვის მომინდია. შევარდნაძისა და სააკაშვილის ოჯახების ერთობლივი ბიზნესის წარმომადგენელებს 1,3 მლნ. დოლარზე მეტი მოვუგე ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ ეს გადაწყვეტილებაც შეცვალა და თავგადაკლული „ნაციონალი“ , პირველი არხის ნაცების თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილიც კი „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანმელის რანგში იძულებული გახდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებისათვის სააკაშვილის პირველი პოლიტიკური სასამართლო განჩინება ეწოდებინა. პრეზიდენტის რანგში, სააკაშვილმა ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა და ერთი თვის შემდგომ, 20 თებერვალს, ჩემი მონაწილეობის გარეშე , სასამართლო განჩინება, რომელიც კასაციას არ ექვემდებარებოდა, გაუქმდა და ბაჟის გადახდა მე დამეკისრა.
ბევრისთვის ის, რაზეც მე ვსაუბრობ, მართლაც, შეიძლება დაუჯერებლად ჩანდეს. ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ ვერც ერთ ფაქტს ვერ შეეწინააღმდეგება თუნდაც ჩემს მიმართ მძიმედ განწყობილი ერთი კაციც კი. ვიცი, რომ შეუძლებელიც კი დაძლევადია, თუ გული გულობს, განწყობაა, ვეყრდნობით მეცნიერებას და მეცნიერებს.
ასეთი ერთიანობის განწყობა გვქონდა იმ რთულ პერიოდში, რამაც გაგვაძლებინა.
მეცნიერებთან ერთად, შეუძლებელსაც კი შევძლებთ.
პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ, იმ ფულით, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტშია, მინიმუმ ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვინემ კეთდება. საამისოდ კი საჭიროა ხელისუფალთა ნება, მეცნიერებაზე და მეცნიერებზე დაყრდნობა.
ამიტომ ვარ მე განწყობილი უაღრესად იმედიანად მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის საქმიანობისადმი. ისტორიული გამოცდილებითაც ვიცი და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფში მონაწილეობით ვრწმუნდები, რომ მეცნიერი ფიქრობს მომავალზე, პოლიტიკოსი – სკამზე.
ძლიერი ფრაზა აქვთ მეცნიერებს, რომლითაც იხსნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ყოველი გვერდი და იგივე ფრაზით ძლიერი გადაცემაა ტელევიზია „ქართული TV” –ზე ეს ფრაზაა:
„ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება!“
როგორც ჩანს, დღეს ეს ასე არ არის. გაცილებით უარესად იყო გუშინ. მინდა ვირწმუნო, რომ გაცილებით უკეთესად იქნება ხვალ.
ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელმაც იცის მეცნიერების ფასი, რომელიც პატივს მიაგებს მეცნიერს და ქვეყანას სჭირდება ისეთი მეცნიერება და ისეთი მეცნიერები, რომელთაც აქვთ პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი ხელისუფლება.
ასევე მწამს და მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ, მეცნიერები ნამდვილად შეძლებენ იმის მიღწევას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ეროვნული თანხმობის პარლამენტი.
სწორედ ამიტომ არის საჭირო მათდამი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, რაც საქართველოში სისტემური ცვლილებების საფუძველი გახდება. ამ უკანასკნელის გარეშე კი, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია.
პარტია “თეთრების” თავმჯდომარე,
თემურ შაშიაშვილი
30.08.2016წ