საჭიროა სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ერთობა.

 

მომავლის საქართველო.: მუშაობა არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმუმზე.

gerbi1კრიტიკულად რომ არ შევხედოთ პრეზიდენტის ყოველ გამოსვლას, მოგვწონდეს ყველაფერი და დავიჯეროთ, რომ პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა“, ხელისუფლება საერთოდ, მუშაობენ მათი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, პატიოსნად აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ – ეს ქვეყნისთვის უკვე არაფერს ნიშნავს
ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე, არამედ ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმით, ანუ რეალურად მოიყვანს მოქმედებაში ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებს, ინტელექტუალურ პოტენციალს და სამშობლოსთვის სწორად და ეფექტურად გამოიყენებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. ყველა ამ მიმართულებით საქართველო მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეულია.

დიდი ანალიზის გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები რამდენჯერმე აღემატება დღევანდელი პრეზიდენტისა და დღევანდელი ხელისუფლების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანას სჭირდება სრულიად განსხვავებული ფილოსოფიის პოლიტიკური ძალა (პოლიტიკურ ძალთა ერთობა), რომელიც შეძლებს ქვეყნის უდიდესი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას. აშკარაა, რომ „მოქკავშირ“ – „აღორძინების“ იდეოლოგიური მემკვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლება უკვე ქვეყნის წარსულია და ამუხრუჭებს მის განვითარებას.

დღეს უკვე მეტი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, რომელიც შორს არის თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესებისაგან… ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც სინგაპურზე და კომპიუტერზე საუბრით, შორტების ჩაცმით და სკუტერზე დგომით ცდილობს საკუთარი პერსონის თანამედროვედ წარმოდგენას, და ამაში ეფექტურად ეხმარებიან დასავლეთში სახელმწიფო სახსრებით რამდენიმე მილიონად დაქირავებული ფიარის ჯგუფები.

ის მყარად ეკუთვნის წარსულს აზროვნებით, მენტალიტეტით, მმართველობის სტილით…

პრეზიდენტი, რომელიც ვერ იტანს მოაზროვნეს, განსხვავებული პოზიციის ადამიანს, ფეოდალიზმის ეპოქის პატრონყმური დამოკიდებულების დამკვიდრებით ირგვლივ იკრებს მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს და ამ გარემოში უადვილდება პირველობა, უკვე ანაქრონიზმია დღევანდელი მსოფლიოსათვის.

დადგა დრო, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ „ნაცმოძრაობის“ მარწუხებიდან და ახალი პოლიტიკური ფილოსოფიის ქვაკუთხედზე დავამკვიდროთ მრავალწახნაგოვანი, მაგრამ მყარი ერთობა სამშობლოს ბედზე დაფიქრებულ პარტიების, პოლიტიკოსების, მეცნიერების, სპეციალისტებისა და უბრალოდ საქართველოს პატიოსანი მოქალაქეებისა.

საქვეყნო კაცი და პოლიტიკოსი არის არა ის, ვინც საკუთარ თავს ხედავს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, არამედ ის, ვინც იღწვის ხელისუფლებაში ღირსეულ ადამიანთა მოყვანის გზით ქვეყანა გაათავისუფლოს დღევანდელი უღირსი ხელისუფლების დიქტატისაგან.

ჩვენ მზად ვართ ღირსეული პოლიტიკური პარტნიორობა გავუწიოთ ყველა ძალას, მიუხედავად მათი მსოფლმხედველობისა და ჩვენი განწყობისა მათი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ, რომელიც მზად არის უკომპრომისოდ ებრძოლოს არსებულ ხელისუფლებას და განახორციელოს რადიკალური ქმედებები „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური მეთოდებით დასამარცხებლად.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2011 წლის 8 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *