პოლიტიკოსთა ჯგუფური პორტრეტი ანფასში

 

gerbi1პოლიტიკოსები საუბრობენ ერთმანეთზე და საკუთარ თავზე და არა ერთმანეთთან, პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურმა მონოლოგმა შეცვალა, კონკურენცია – დაპირისპირებამ, ენერგიულობა – აგრესიულობამ, მძლავრობს სიძულვილი.

ტრადიციულად, ძლიერი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საუბრობენ, სუსტები _ერთმანეთზე და საკუთარ თავზე. სუსტებს გასროლილ ტყვიაზე მეტად აშინებთ ძლიერებთან პირისპირ დგომა, მათთან პოლემიკა და ყოველივე ამაზე ათასგვარი გაუგებარი მოტივით ამბობენ უარს. ძლიერი პოლიტიკოსები თავისუფალი ადამიანები არიან და ქმნიან დემოკრატიულ ქვეყანას… სუსტები ეგუებიან დიქტატურას და ამით საკუთარ არარაობას აწერენ ხელს, და, როგორც წესი, დიქტატურისვე მსხვერპლნი ხდებიან.

საქართველოში ეს უკანასკნელი ხდება.

კამათის უუნარობა, ერთმანეთთან საუბრის შიში, საჯარო გამოსვლები მხოლოდ ერთმანეთზე ქილიკით, მხოლოდ ლანძღვა-გინებითა და მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩინებით, -ასეთია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკოსთა პოლიტიკური პორტრეტი.

დრო ადასტურებს, რომ რაც უფრო გაუნათლებელია, ბეცი და გამოუცდელია პოლიტიკოსი, რაც უფრო არაკვალიფიციურია და რაც უფრო იოლი გზით არის მოსული პოლიტიკაში, რაც უფრო გაყიდულია ფულსა და სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესზე, მით უფრო თავხედი და ამბიციური, ამპარტავანი და დემაგოგია იგი. სამწუხაროდ, ასეთები, უმეტესწილად, უცხოეთიდან ჩამოსული და ხალხისთვის უცნობი პოლიტიკოსები უფრო პოპულარულები ხდებიან საკუთარი თავხედობით, “ჩამოსულობით”, “უცხოობით”, “უცნობობით” და, რაც მთავარია, ტელევიზიების მხარდაჭერით. ყოველი ასეთი შემთხვევა ბუმერანგივით უბრუნდება ხალხს და ქვეყანას. გავიხსენოთ, რომ უცხოეთიდან – რუსეთის, დასავლეთისა და ქართული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე; უცხოეთიდან, სომხურ-ამერიკული ლობისტურ ფირმა “პეტერსონ – ბელქნაფის” დიდი ძალისხმევით, ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას მხადაჭერით კი – მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში თითქმის ყველა პოლიტიკოსს, მართლაც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბრძენკაცად მოაქვს თავი, თითოეული თვლის, რომ არის “აბსოლუტური ჭეშმარიტების” საზომი, თითოეული თვლის, რომ “ჭეშმარიტება _ ეს მე ვარ თვითონ”, არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა, ეს მისია უფლისგან აქვს დაკისრებული და “მომადლებული”. როგორც ვთქვი, ამ სენით, მეტნაკლებად, ყველა პოლიტიკოსი ვართ დაავადებული, მაგრამ მთელი სისავსით, როგორც ამას ყოველი დღე ადასტურებს, მმართველი პოლიტიკური ძალა, პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა”, მისი ლიდერები. მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ მეგობრებს ბრძენკაცებად მოაქვთ თავი, სინამდვილეში კი, სამწუხაროდ, შლეგები აღმოჩნდნენ. სააკაშვილის პოლიტიკური სახე, მისი ნამდვილი ბუნება კარგად გამოჩნდა მის სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტ იუშენკოსთან. “ხალხს მოენატრა სისასტიკე” – ეს მისი სიტყვებია. ამ სიტყვებით შეურაცყოფილია საკუთარი ღირსების მქონე ყოველი პიროვნება, მთელი საქართველო, უკრაინა და, ალბათ, განსაკუთრებულად შეურაცხყოფილად თავს სააკაშვილის უცხოელი მხარდამჭერები უნდა გრძნობდნენ. სისატიკე ყოველთვის ითვლებოდა უგულობისა და სისუსტის გამოხატულებად. ხალხს სისასტიკე კი არა, თავისუფლება, რეალური დემოკრატია და ღირსეული, ადამიანური ცხოვრება მოენატრა.

ბატონი სააკაშვილი არც საკუთარ პოლიტიკურ პარტიაში და არც მის გარეთ, არც მეცნიერებთან, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებთან, არც მოსახლეობასთან და საერთოდ არც არავისთან საჭიროდ არ თვლის დიალოგს. შთაბეჭდილება რჩება, რომ იგი (განსხვავებით მისი “ოპოზიციონერობის” პერიოდისგან), როგორც პრეზიდენტი, კამათის უუნაროა. აშკარაა მისი შიში განსხვავებული აზროვნების ადამიანების მიმართ. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი უარი თქვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან საჯარო შეხვედრებზე. ჩემი აზრით, პრეზიდენტი დღეს გაცილებით უფრო თავხედურად იქცევა, ვიდრე ადრე: გამოსვლისთანავე ტოვებს პარლამენტს, ყოველი შეხვედრიდან სიტყვის დამთავრებისთანავე გარბის, აღარ უსმენს ხალხს და აღარც მათი ესმის. ყოველ ინტერვიუს საკუთარ რეზიდენციაში აძლევს მისთვის სანდო ტელეარხებს; ქუჩიდან პრეზიდენტად მოსულს, არნახულად ეშინია ქუჩისა და გადაადგილდება უდიდესი დაცვის რკალში… მიტინგის ადგილად ტაძრები და ეკლესია აქცია, სადაც არავინ შეეკამათება და არავინ მისცემს შეკითხვას, ასევე სამთავრობო სხდომებსა და მიტინგებს ტყე-პარკებში ატარებს, საკუთარი გარემოცვისა და ტელევიზიების თანხლებით. უარესიც, ზოგჯერ რამდენიმე ტელევიზია ერთდროულად გადაცემს მის პირად შეხვედრებს მინისტრებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო კაბინეტში, და იმას, თუ როგორ აძლევს შენიშვნებსა და დავალებებს მათ. ასეთ სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ეს უკვე სარკაზმია, აბსურდის თეატრის სპექტაკლი.

პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობის” ლიდერები ვერ იტანენ მოაზროვნეს, მათზე მეტი საქმის გამკეთებელს, მოახდინეს ქვეყნის მართვის ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადასული ცენტრალიზაცია… არავის, გარდა პრეზიდენტისა, ფარული პოლიტიკური კომიტეტისა და მათი უცხოელი მბრძანებლებისა – არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. არავითარი ფუნქცია არ გააჩნია – არც ხალხს, არც მმართველ პოლიტიკურ ძალას და არც პოლიტიკურ ოპოზიციას, არც სამოქალაქო ინსტიტუტებს, არც სასამართლოს, არც მთავრობას, არც პროფკავშირებს, არც სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, არც რეგიონების, ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს და საკრებულოებს. მედიის ძალიან მცირე ნაწილი თუ გადაურჩა დაკვეთების გარეშე მუშაობას.

ქვეყანაში სისტემური კრიზისია. მართვის სისტემაა ავადმყოფი და, შესაბამისად, იკრებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს.

ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასეთი მასშტაბით მდიდრდება არჩეული და ღარიბდება ამომრჩეველი…. სადაც ხალხი თავად გახდა თავისი მსახურის მსახური.

ძნელია, მსოფლიო რუკაზე მოძებნო მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ყველაფერი იყიდება: მიწაც, მიწის ზემოთ და მიწაში არსებულიც და სადაც ქვეყნის მთელი სიმდიდრე უცხოელებისა და მათ უკან მდგომი 15-20 სახელისუფლებო წამომადგენლის ხელში გადადის.

ძნელია, მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც 20 – იანი წლების ბოლშევიზმის მსგავსად, ყველა სახელისუფლებო პოსტი – ბადმინტონის ფედერაციის თავმჯდომარით დაწყებული და ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული, ერთი პოლიტიკური ძალის წევრებს ეკავოთ.

ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ე.წ რევოლუცია გარედან მმართვადმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოახდინეს, რომელთაც ასეული მილიონობით, რამდენიმე მილიარდი თანხა მიიღეს და არა ქვეყანას, არამედ ქვეყნის ნგრევას, ხალხის მოსყიდვასა და რევოლუციის გათამაშებას, საკუთარი ოჯახების მოწყობას მოახმარეს და სახელმწიფო თანამდებობებიც სრულად დაიკავეს.

ძნელია მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც მომქმედ ხელისუფლებას რომელიმე სხვა ქვეყნის კონკრეტული პიროვნება, მით უფრო მაქინატორი სოროსი უნიშნავდეს ხელფასს… ქვეყანა, სადაც მთავარ პოსტებზე _ პრეზიდენტის, პრემიერ_მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პროკურორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურისა და სპორტის, განათლების, ეკონომიკის და არაერთი სხვა მინისტრის, თბილისის მერის და უამრავ სხვა წამყვან პოსტებზე სოროსელები იყვნენ… სოროსელები მართავენ პარლამენტს, სოროსელები ანგრევენ მწერალთა, მხატვართა, თეატრის მოღვაწეთა, კომპოზიტორთა, ჟურნალისტთა და სხვა შემოქმედებით კავშირებს და ქმნიან სოროსული იდეოლოგიის გაერთიანებებს, ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია, რომ სოროსელები იგდებენ ხელში განათლების მთელ სისტემას, კულტურის მართვის სადავეებს, სამეცნიერო დაწესებულებებს… მართლაც ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქვეყანა, საქართველოს გარდა, სადაც ასე მძლავრობს მთელ მსოფლიოში ყოველგვარი ეროვნულის, ტრადიციულის, ქრისტიანობისა და უპირველესად მართლმადიდებლობის მტრად აღიარებული სოროსული იდეოლოგია.

ძნელია მოძებნო ქვეყანა, ვენესუელასა და საქართველოს გარდა, რომელთა პრეზიდენტები _ ჩავესი და სააკაშვილი ასე ახერხებენ საკუთარი ქვეყნების სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახებისა, და ამით, საკუთარი ქვეყნების ინტერესთა განადგურების არენად ქცევას. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია სიკეთე რომელიმე სხვა ქვეყნის არც ქებას, არც მის ფეხქვეშ გაგებას. საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია რუსეთის დიქტატით 70 წლიან ცხოვრებას. არც ამერიკის “ჭკუით” ცხოვრებას მოაქვს სიკეთე. ქართული არც რუსეთის ქებაა და არც რუსეთის ლანძღვა… ქართული არც ამერიკის ფეხქვეშ გაგებაა და არც ამერიკასთან დაპირისპირება. ქართულია ყველა ქვეყანასთან მეგობრობა ქართული ინტერესით და საერთაშორისო პრინციპების პატივისცემით.

ძნელია მოიძებნოს საქართველოს მსგავსი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები ასე საჯაროდ ლანძღავენ ერთმანეთს და ფარულად ასე მეგობრობდნენ ერთმანეთთან, სადაც ასე უყვარდეთ ფარისეველი, დამსმენი, ცრუ, ფლიდი და ინტრიგანი, სადაც ასე არ უყვარდეთ განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სადაც სიცრუე და ორპირობა ითვლება ერთგულებად და სიმართლე _ სისულელედ, სადაც სიმართლე სიცრუედ და სიცრუე კი ლამის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად საღდებოდეს… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამის მეშვეობით – ყალბი ეროვნული პათოსი ასე ცხადდებოდეს ეროვნულად, დემოკრატიის თამაში – დემოკრატიად, პოლიტიკური კორუფცია – წესიერებად, სოციალური დემაგოგია – ხალხზე ზრუნვად… სადაც უცხოელ ექსპერტთა დახმარებით შედგენილი ფიარის პროგრამა ასე ემსახურებოდეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, ასე ებრძოდეს და ამარცხებდეს ხალხსა და ქვეყანას.

საქართველო, მისი ხელისუფლების წყალობით, ერთადერთია, რომელსაც ჯარის ახალი ნაწილები შეჰყავს ერაყში და ავღანეთში, მაშინ, როცა დიდი ბრიტანეთით, იტალიით დაწყებული და უკრაინით დამთავრებული _ ყველას გამოჰყავს… საქართველო ერთადერთია, რომლის მთავარი ექსპორტი ჯართი, ხე-ტყე, საერთოდ, ნედლეულია, ხოლო იმპორტი _ საბოლოო პროდუქტი, ძირითადად, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის… საქართველო ერთდერთია, სადაც იმპორტი ექსპორტს ოთხჯერ აჭარბებს… ერთადერთია, რომელიც, როგორც ექსპორტით, ასევე იმპორტით სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის, ხოლო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სამუშაო ადგილები, ჯართად ნაქცევი, უცხოეთში კაპიკებად გაიტანა…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *