დიდი ზარი პოლიტიკოსებისათვის

gerbi1ეს დოკუმენტი დაეგზავნა პოლიტიკურ პარტიებს 31 მარტს, გამოქვეყნდა პრესაში

დავიბრუნოთ ღირსება და ღირსებით ვიბრძოლოთ ღირსეული საქართველოსათვის!

სერიოზული ოპოზიციის პირობებში
ასეთი არასერიოზული ხელისუფლება არ გვეყოლებოდა

28 მარტს, ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ ტელეკომპანია “კავკასიაზე”, საავტორო გადაცემაში დიდი ზარი შემოკრა პოლიტიკოსებისათვის. სამივე სიუჟეტი: ბუტა რობაქიძის მკვლელობის ახალი დეტალები, საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოეთში შესყიდული ადამიანთა წამების აპარატურა, იაპონიაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეტრის გასტროლების სკანდალური ფაქტები _ უმძიმესია ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის.

ის, რაც როგორც ხალხის, პოლიტიკური ძალების, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციის “გადავარჩინოთ სიცოცხლე” _ ექვსწლიანი დიდი ბრძოლის შედეგად იქნა მოპოვებული ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, შემზარავია, რადგან ადასტურებს როგორი არაადამიანური ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, მეორეს მხრივ, იმედის მომცემია, რადგან სინდისმა გაიღვიძა პოლიციელში და აღარ აპირებს შეეგუოს მონურ გარემოში ცხოვრებას.

სიტყვა პოლიტიკოსებზეა.

თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია _ ეს ის ზღვარია ქვეყნის ცხოვრებაში, როცა უნდა ვთქვათ, რომ ამის პატიება, მართლაც, აღარ შეიძლება ხელისუფლებისათვის;

თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია _ ვიბრძოლოთ არა ლიდერობისათვის, არამედ საქართველოსათვის;

თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია _ დავუბრუნოთ ხელისუფლების მიერ წართმეული ღირსება საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს.

მხოლოდ ღირსეულ პოლიტიკოსებს, ღირსებით ბრძოლას შეუძლია ქვეყნის გაერთიანებაც, ადამიანებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაც!

„თეთრები“ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ვთავაზობთ:

1. კონსულტაციებს და შეთანხმებას პოლიტიკური ლუსტრაციის შესახებ;

2. „ნდობის დარბაზის“ შექმნას;

3. „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის“ შექმნას;

4. მუშაობას კანონპროექტზე „ოპოზიციის შესახებ“;

5. კონსულტაციებს იმის თაობაზე, რომ 2-3 წლით პოლიტიკოსებმა უარი ვთქვათ ხელისუფლებაში მოსვლაზე და ქვეყანაში არსებული უმძიმესი სისტემური კრიზისიდან გამომდინარე, დავიწყოთ ფიქრი ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნაზე;

6. დავადასტურიოთ ჩვენი კეთილი განწყობა „სახალხო სასამართლოსადმი“ და ყველამ ერთად შევძლოთ მისი დაფინანსება, რომ მხარდაჭერილი იქნას ბატონ მინდია უგრეხელიძის წინადადება აპრილის მეორე ნახევრიდან სასამართლოს დაწყების თაობაზე;

7. კონსულტაციებს და შეთანხმებას კონსტიტუციის პროექტის ოპოზიციის ვარიანტის შექმნისა და მისი არა პარლამენტში, როგორც ეს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, არამედ „სახალხო კრების“ გადაწყვეტილებით კონსტიტუციის საერთო-სახალხო რეფერენდუმით მიღების თაობაზე;

8. კომპრომისულ შეთანხმებას ქა;ლაქის მერის არჩევნებთან დაკავშირებით:
– ან ერთი კანდიდატი,
– ან უპირობო ბრძოლა 50%-იანი ბარიერისათვიას და რაც შეიძლება მეტი მერობის კანდიდატი.

9. პროფესიონალთა ერთიანი გუნდის შექმნას ქვეყანაში რეალური მდგომარეობის ანალიზისათვის (დავსვათ დიაგნოზი);

10. გაერთიანებას მეცნიერთა მიერ შექმნილი „ღირსების ულტიმატუმის“ ირგვლივ და ერთობლივად „მხილების მუზეუმის“ შექმნას.

11. კონსულტაციებს და ხალხთან დათათბირებით გადაწყვეტილების მიღებას რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე

12. კონსულტაციებს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, მთავარია იგი მის ნამდვილ მეპატრონეს დაუბრუნდეს, მაგრამ უპირველესია გაირკვეს, თუ ვინ გააკეთა ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას საუბრის ვიდეოჩანაწერი ლონდონში. დრო ადასტურებს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა. დრო ადასტურებს იმასაც, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მზაკვრულად მოხვდა ხელისუფლების ხელში, რომელმაც ისე დაჭრა და დაჩეხა იგი, რომ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. ჩვენი ღირსების საკითხია გაირკვეს, ვისი მეშვეობით მოხვდა ეს ვიდეოჩანაწერი ხელისუფლების ხელში და ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ხალხიც გაიგებს ვინ ვინ არის…

13. დავიწყოთ კონსულტაციები და მოვამზადოთ მიმართვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ხელისუფლებებისადმი

• მათ გაამარჯვებინეს სააკაშვილს, ეს არ იყო ქართველი ხალხის განწყობა;

• მათ შეუქმნეს მას ყალბი ავტორიტეტი და გააყოყოჩეს;

• მათ დაიცვეს იგი 7 ნოემბრის შემდგომ და შეუნარჩუნეს თანამდებობა;

• მათ აპატიეს მას ომის დაწყება;

• ისინი პატიობენ მას საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდებას;

ეს არ არის მეგობრობა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

დარწმუნებული ვართ, 5 მაისამდე გავწევთ კონსულტაციებს, ბევრ რამეს გადავწყვეტთ კიდეც, ხოლო 5 მაისს კი ყველა პოლიტიკური ძალა, ვისთვისაც უპირველესია ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, ვინც არ თამაშობს და არ ვაჭრობს ხელისუფლებასთან _ შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას უპირველესად რეფერენდუმის გზით პრეზიდენტისათვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლიტიკურ პარტიათა პოზიციას ჩვენი მეგობარი ქვეყნებიც გაიზიარებენ.

და კიდევ ერთი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგება საკითხი დიდი დისკუსიის გამართვის თაობაზე. ყველას უნდა გვაინტერესებდეს, სად გადის წყალგამყოფი ქართულ და არაქართულ ინტერესს, ქართულ და არაქართულ პოლიტიკურ ძალას შორის და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დღეს პოლიტიკური ძალა, რომ იგი ქართულად იწოდებოდეს.

ვფიქრობთ, საქმისთვის სასარგებლო იქნება, თუ „ქართული აკადემია“, „ექსპერტთა კლუბი“, „თავისუფალი აზრის სახლი“ , არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი, „უხუცესთა დარბაზი“, ჟურნალისტთა გაერთიანებები, მეცნიერებათა აკადემიები გაიზიარებენ ამ წინადადებას და ერთობლივად ვიფიქრებთ იმ კრიტერიუმების შემუშავებაზე, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკურ ძალას ეწოდოს ქართული, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველი.

ვიცით, ბევრისთვის საკამათო გახდება ჩვენი შეფასება, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სერიოზული ოპოზიციის პირობებში ასეთ პარპაშს ვერ შეძლებდა დღევანდელი არასერიოზული ხელისუფლება.

ჩვენ ისე, როგორც ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ვთვლით, რომ საქართველოს ხსნა დემოკრატიაშია, რომ დღეს ქვეყანას გადაარჩენს მხოლოდ ინტელექტუალური რადიკალიზაცია, გადაარჩენს ის, რომ ხალხი დავარწმუნოთ , რომ ჩვენ ვიბრძვით არა სააკაშვილის წინააღმდეგ, არა სკამებისათვის, არამედ საქართველოსათვის.

ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ გაბედულად და ხალხიც მეტად დაგვიჯერებს და ერთ სახელისუფლებო მუშტად შეკრული ბოროტებაც მალე დამარცხდება.

29 მარტი, 2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *