ამის პატიება არ შეიძლება

პოლიტიკურ პარტიების ლიდერთა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეთანხმება

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი – პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები – ვადასტურებთ ერთიან განწყობას, რომ ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების საქმეა _ არსად, არასოდეს არავის ეპატიოს უდანაშაულო ადამიანის სისხლი… ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფს კი არსად, არასოდეს არ მიეცეს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება და საშუალება.

ჩვენ გამოვხატავთ სინანულს იმის გამო, რომ საქართველოში უკვე 100- ს გადააჭარბა სააკაშვილის რეჟიმის “სამართალდამცეველთა” მიერ მოკლულ ადამიანთა რაოდენობამ და ჩვენ დღემდე ვერ შევძელით ამ რეჟიმისათვის საკადრისი პასუხის გაცემა, ამ რეჟიმისაგან საქართველოს გათავისულფება.

ჩვენ გამოვხატავთ სინანულს იმის გამო, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც კი იცავენ და მხარს უჭერენ უდანაშაულო ადამიანების სისხლში გასვრილ სააკაშვილის რეჟიმს და ამით ამ დანაშაულობების თანამონაწილენი ხდებიან;

იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის მოკლული ადამიანების საქმეთა მართალი გამოძიება, პარლამენტმა უარი თქვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის და პრეზიდენტმა პროფესიონალთა საზოგადოებრივი კომისიის შექმნაზე, ხელისუფლება აბუჩად იგდებს მოკლულთა ოჯახებს _ აგრძელებს რეპრესიებს მათ წინააღმდეგ, დღემდე იცავს და აწინაურებს მკვლელობათა უშუალო მონაწილეებს _ ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა:
• მივაღწიოთ საერთაშორისო კომისიის შექმნას და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას;
• შევიტანოთ განსახილველად მკვლელობათა ფაქტები სახალხო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სტრასბურგის სასამართლოში;
• მოვახდინოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელთა ინფორმირება ამ ფაქტებთან დაკავშირებით;
• თანადგომა გამოვუცხადოთ მოკლულთა ოჯახებს და დავიცვათ ისინი ხელისუფლებისაგან.

დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამ განწყობისადმი ჩვენი ერთგულების, მკვლელების დაუსჯელობისა და სააკაშვილის რეჟიმისადმი ჩვენი შეურიგებლობის დასტურია.

დასტურია იმისა, რომ მთელი ქვეყნის, საქართველოს ყოველი მოქალაქის ღირსების საქმეა სააკაშვილის რეჟიმისა და “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიისაგან საქართველოს გათავისუფლება.

ამ დოკუმენტზე ხელმოწერა დასტურია იმისა, რომ ნებისმიერი ჩვენგანის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაცული იქნება ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპები, ბოლომდე იქნება მიყვანილი გამოძიება მკვლელობის ყველა ფაქტთან დაკავშირებით და დადგენილ იქნება სიმართლე.

თბილისი, 2010 წელი 7 აპრილი (ხარება)

შეთანხმებას “გადაარჩინე სიცოცხლეს” ოფისში ხელი მოაწერეს:

1. ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” (“თეთრები”)
2. კონსერვატიული პარტია
3. “ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები”
4. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
5. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსათვის
6. “ქართული აკადემია”
7. მოძრაობა “დაიცავი საქართველო”
8. ეროვნულ ძალთა ალიანსი
9. ილია ჭავჭავაძის საზოგადოება
10. სახალხო ფრონტი
11. სახალხო პარტია
12. ქართული დასი
13. პარტია “თავისუფლება”
14. “მწვანეთა” პარტია
15. ხალხის პარტია

შეთანხმებას ხელი მოაწერა
• 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ
• 30-მდე საზოგადოების ცნობილი სახემ (ჯანო ბაგრატიონი, მერაბ ჯიბლაძე, თემურ გუგუშვილი, სულხან ქემოკლიძე, ვაჟა ბერიძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე…)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *