ეს შეძლო იმერეთმა

იმერეთის თეატრალურ ფესტივალს მიეძღვნა თემურ შაშიაშვილის წერილი “ეს შეძლო იმერეთმა”, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა

“ეს შეძლო  იმერეთმა.

შეძლო ურთულეს პერიოდში. ყოველგვარი გაჭირვების და დამანგრეველი პოლიტიკური დაპირისპირების პერიოდში. მთელ საქართველოს ჩამორეცხა სირცხვილი და საერთაშორისო მასშტაბი მისცა ქართველთა ერთობის დიდი სიმბოლოს, ბაგრატის ტაძრის 1000 წლის იუბილეს. მსოფლიო საპატრიარქოსთან და იუნესკოსთან ქუთაისის, იმერეთის დიდმა მეგობრობამ განაპირობა მსოფლიო პატრიარქის ბართოლომეოს პირველის და იუნესკოს ხელმძღვანელობის (ფედერიკო მაიორი) არა მხოლოდ სტუმრობა, არამედ მთელი პროგრამის იუნესკოს ეგიდით და მსოფლიო  საპატრიაქოს მხარდაჭერით ჩატარება.

სწორედ იუნესკოს ეგიდით ჩატარდა მხატვართა საერთაშორისო პლენერი, რომელშიც მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის ცნობილი ხელოვანი მონაწილეობდა  და თეატრალური ფესტივალი, რომელსაც ხატოვნად ასე ვუწოდეთ: „იმერეთის თეატრები ბორბლებზე“… ფესტივალი, რომელმაც მთელი თეატრალური სამყაროს წარმოუდგენლად დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი თვის განმავლობაში იმერეთის ყველა თეატრი ეწვია იმერეთის ყველა ქალაქსა და რაიონს 150-მდე სპექტაკლი შედგა. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო, რომლის დაჯერება დღესაც კი უჭირთ

დიდი მადლობა თეატრებს, როლებმაც სულის და გულის ნაწილი ჩადეს ფესტივალში. დიდი მადლობა იმერეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირს, მის ხელმძღვანელს ლევან როხვაძეს, რომელმაც აჩვენა საოცარი ორგანიზება. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო უდიდესი ხელოვანის და მამულიშვილის, ბატონ გიგა ლორთქიფანიძის მიმართ, რომელიც თავიდან სკეპტიკურად შეხვდა ამ საქმეს და პირდაპირ გვითხრა: დღევანდელ საქართველოში ამის ჩატარება შეუძლებელიაო და როცა დაინახა იმერეთის თეატრალთა შემართება და განწყობა, გვერდით დადგა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე, სადაც კი საშუალება მიეცემოდა, იმერეთის თეატრალური ფესტივალი იმის მაგალითად მოჰყავდა, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ არის რწმენა, მონდომება და სიყვარული.

მართლაც, არ იყო ადვილი იმ პერიოდში თეატრებისთვის ფინანსური დახმარებაც გაგვეწია, რომ ყველას დაედგა სპექტაკლი, უზრუნველგვეყო სატრანსპორტო გადაადგილება, ყოველი სპექტაკლი ყოველ ქალაქსა და რაიონში დღესასწაულად გვექცია.

ამ პერიოდში არათუ მივიღე ყველა თეატრი ქუთაისში, როგორც იმერეთის გუბერნატორმა, არამედ ყველა სპექტაკლს დავესწარი და სპექტაკლის შემდგომ, ყველა თეატრს ვახშამზე ვუმასპინძლე.

დღსაც სიამაყით ვიხსენებ იმ დღეებს. იმ მეგობრობას, რომელიც მქონდა და რომელსაც დღესაც ვაგრძელებ იმერეთის თეატრებთან.

თეატრი სხვა ფენომენია. ჯერ ერთი, ხელოვნების ყველა დარგს აერთიანებს – მწერლობას, მხატვრობას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, ჟურნალისტიკას… არქიტექტურაც კი განსაკუთრებულად  ჩანს, რადგან თეატრი აქსონომეტრიაა: თუ წინხედი, გვერდხედი, ზედხედი სწორად არ გამოძერწე, ანუ სივრცითი განზომილებები სწორად თუ  ვერ წარმოიდგინე, შედეგს ვერ მიიღებ. მეორეც – თუ გინდა ქალაქზე, რაიონზე, მის ხელმძღვანელობაზე წარმოდგენა შეგექმნას, შედი თეატრში და იქ ნახავ, როგორი სოციალური მდგომარეობაა ამათუ იმ ქალაქში, როგორია სულიერება, როგორი ხელმძღვანელობა ჰყავს რეგიონს. ცარიელი თეატრი – ეს არის გაჭირვება, სულით დაცემა და უსუსური ხელისუფლება.

ამას შემთხვევით არ ვიხსენებ. თეატრი ყველას და ყველაფრის საზომია. ასე მოდის ეს ოდითგან, ასე განიხილავდა მას ერის მამა, ილია ჭავჭავაძე. ასე ფიქრობდნენ ქართული თეატრის  შემქმნელები. ქუთაისმა, იმერეთმა იცოდა, რომ მთავარი ფესტივალი კი არ არის, მთავარი თეატრისადმი ყოველდღიურ დამოკიდებულებაშია.  თეატრი ვერ იტანს უკუსვლას, თეატრი ვერ იტანს „მერე“-ს, თეატრი ვერ იტანს განმარტებას – „რა ვქნათ, მეტი არ შეგვიძლია“, თეატრი ყველა ცოცხალ ორგანიზმზე ცოცხალია.

ვიცი, ასე აქვს ეს  შეცნობილი ბევრს. ასე მწამდა და მწამს. დღემდე მადლობით ვარ, რომ ჩემი მშობლებისა და საბავშვო ბაღის მესვეურთა მონდომების, მე და ჩემი მეგობრები ექვსი წლის ასაკში მოვხვდით მესხიშვილის თეატრში. მაშინ ჯერ კიდევ ქუთაისში მოღვაწეობდნენ აკაკი ვასაძე და იპოლიტე ხვიჩია, სცენაზე იდგნენ შოთა პირველი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ქეთევან კოლხიდელი, მარი გელაშვილი, ნათელა საღარაძე  – წარმოუდგენლად საყვარელი მსახიობები.

ამ წლებიდან მომყვება რაღაც განსაკუთრებული სიყვარული თეატრისა და თეატრალების მიმართ.  სწორედ ამიტომ იყო, რომ მიუხედავად სამოქალაქო ომისა, შიდა დაპირისპირებისა, უმძიმესი გაჭირვებისა, არათუ რომელიმე თეატრი დაიხურა ქუთაისში, არამედ არაერთი ახალი დაფუძნდა. ეს განწყობა იმერეთსაც გადაედო. სიხარულს ვერ ვფარავ, როდესაც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლებს ვესწრები.  შეუძლებელი შეძლო ნამდვილმა ხელოვანმა ქალბატონმა, იზა ვეფხვაძემ. მთელ საქართველოში მოგზაურობს, ყველგან იწვევენ, წარმატებულზე წარმატებულია. რამდენიმე თვის წინ, ცნობილმა ხელოვანმა, გიორგი მეტონიძემ საჩხერის თეატრის სპექტაკლებზე მიმიწვია თბილისში. ყოჩაღ! მართლაც საოცრება იყო! ერთი და მეორე თეატრიც, თეატრებისადმი კეთილმა განწყობამ დაბადა.

დღეს კიდევ უფრო მეტად ვაფასებ იმ გადაწყვეტილებას, რომ უპირველესად  თოჯინების თეატრი  ყოფილიყო  მხარდაჭერილი და ყველა სპექტაკლი ყველა მოსწავლეს ენახა. ენახა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. გინდ დაიჯერეთ, გინდ- არა, თოჯინების თეატრში არცთუ იშვიათად, დღეში სამი სპექტაკლი ტარდებოდა. ამას მერია აფინანსებდა.

დღესაც ვხედავ იმ გადაწყვეტილების ძალას, რომ ყოველ შაბათს, თეატრებში სულიერებით სავსე ღონისძიება ტარდებოდა – „სამი თაობა თეატრში“. ბებია და შვილიშვილი, ბაბუა და შვილიშვილი, თუ ბავშვები მშობლებთან ერთად, ამ დღეს უფასოდ მგზავრობდნენ თეატრებისკენ მიმავალ და მომავალ ავტობუსებში, თეატრთან ლამაზად ჩაცმული მსახიობები ხვდებოდნენ, სცენაზე ყველაზე ღვაწლმოსილი მსახიობი ბავშვებს ულოცავდა, რომ მათ ისეთი დამსახურებული ბებიები და ბაბუები ჰყავთ, რომ მათდამი პატივისცემის გამო, იყვნენ ისინი თეატრში. შესვენებაზე ბებიას, ბაბუას და შვილიშვილს ნამცხვარს ვურიგებდით.

ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქა იყო, როცა ქუთაისში პიონერული ბანაკების ნაცვლად შემოქმედთა ბანაკებს ვქმნიდით და ცნობილი მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, თეატრალები იყვნენ პედაგოგებად ბანაკებში. მახსოვს, გორაზე, გაბაშვილის პარკში, თეატრალურ ბანაკს ვახტანგ მეგრელიშვილი და შოთა პირველი ხელმძღვანელობდნენ. ამას

ნოსტალგიით კი არ ვიხსენებ, არამედ ვოცნებობ:

  • ისეთ საქართველოზე, სადაც ყოველი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ყოველ ქალაქსა და რაიონში ჩავა საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის თეატრი;
  • ისეთ საქართველოზე, სადაც დამსახურებულ მსახიობებს ხელს კი არ კრავენ, არამედ საქართველოს სკოლებში, საბავშვო ბაღებში მათ სალონებს შექმნიან. ეს ფინანსური მხარდაჭერაც იქნება, მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაც  და ბავშვებისთვის არნახული სულიერების წყარო.
  • ისეთ საქართველოზე, სადაც კვირაში ერთ დღეს განსაკუთრებული პატივით მოხდება სამი თაობის წარმომადგენელთა სტუმრობა-მიღება თეატრებში. ჩვენ გვჭირდება თაობათა ერთიანობა და არა დაპირისპირება
  • ისეთ საქართველოზე, სადაც ყოველ ზაფხულს გაიხსნება ნორჩ მსახიობთა, მხატვართა, პოეტთა, მუსიკოსთა, არქიტექტორთა, ჟურნალისტთა ბანაკები და მათი ხელმძღვანელები საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანნი იქნებიან.
  • ისეთ საქართველოზე, სადაც დასაწყისში რამდენიმე ქალაქში მაინც საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების მიერ და მთელი საქართველოდან მოწვეული მსახიობების მონაწილეობით დაიდგმება ისეთი სპექტაკლები, რომელთა სანახავადაც არა მარტო იმ რაიონის მოსახლეობა, არამედ მთელი საქართველოს თეატრის მოყვარულები დაიძრებიან. ფულს კი არ უნდა ვურიგებდეთ შემოქმედებით ადამიანებს, არამედ მათ უნდა  ვაძლევდეთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას და მათ არნახულად უნდა ვაფინანსებდეთ.
  • ისეთ საქართველოზე, როცა მსახიობის ხელფასი ერთი ლარით მეტი იქნება ქალაქის თუ რაიონის ხელმძღვანელის ხელფასზე.
  • ისეთ საქართველოზე, სადაც საბავშვო ბაღებში, სკოლებში თეატრალური სტუდიები იქნება, როცა სკოლის კურსდამთავრებული მღერის და ცეკვავს ქართულად და უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე.
  • ისეთ საქართველოზე, როცა პოლიტიკაში პოლიტიკოსები იქნებიან და თეატრალები -თეატრში, სადაც ხელისუფლება ემსახურება თეატრს, სადაც სპექტაკლები  პარლამენტსა და საკრებულოებში კი არა, თეატრებში იმართება  და დარბაზში ხელისუფალნი და პოლიტიკოსები სხედან. სადაც თეატრალები და პოლიტიკოსები პოლიტიკური კონკურენტები კი არა, მეგობრები არიან და ბეჭებით უდგანან თეატრს.

ეს სხვა საქართველო იქნება. სულიერებით სავსე, ჯანსაღი ახალგაზრდობით, ტრადიციებისადმი პატივისმცემელი, სამყაროს განზომილებით მოაზროვნე ახალგაზრდობით.

ვინმე იტყვის, ეს იდეალისტის ნაწერიაო, ამის გაკეთება შეუძლებელიაო. ამის გაკეთება არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელი. ხაზს ვუსვამ – არამედ, აუცილებელი! ეს გაკვეთილი მოგვცა ჩვენ იმერეთის თეატრალურმა ფესტივალმა. მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება – შემცირებული მასშტაბით, მაგრამ მაინც  ტარდება ფესტივალი.

კარგია, რომ ქუთაისში ჩამოდიან იმერეთის თეატრები. მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ქუთაისის მსგავსად, ყველა ქალაქსა და რაიონში ჩადიოდნენ. ვიცი, რომ ეს განწყობა არის თეატრალებში, ეს უნდა ხალხს და მწამს და მჯერა, რომ მომავალში ეს ასე იქნება.

 

თეატრის მეგობარი,

თეიმურაზ შაშიაშვილი,

24 მაისი, 2019 წელი

Facebook Comments
2/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *