არჩევნებისათვის მობილიზებული ბიუჯეტი.

ბიუჯეტის ზედაპირული ანალიზითაც კი ჩანს, რომ ეს არის არა ქვეყნის და ხალხის, არამედ ბიუროკრატიის ბიუჯეტი, უაზრო ხარჯებით ხალხის განწყობაზე ზემოქმედების ბიუჯეტი, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების ბიუჯეტი.

საგანგაშოა, რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ქვეყნის აღიარებული მხოლოდ საგარეო ვალებია (უფრო ზუსტად, საგარეო ვალი ბიუჯეტს სჭარბობს 1 მილიარდი დოლარით). ამ ვალების უდიდესი ნაწილი აღებულია 2003 წლის შემდეგ. მათში არ შედის საშინაო ვალები და რაც ყველაზე საშიშია ქვეყნისათვის, ვალები, რომლებიც აღებული აქვს კერძო სექტორს და გარანტის როლს ასრულებს სახელმწიფო.

საგანგაშოა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს საუბრობდა 6-7 მილიარდიან ბიუჯეტზე. ეს კი ნიშნავს, ან ერთ ადგილზე ვართ გაყინული 2007 წლიდან, ან პრეზიდენტი მაშინ იტყუებოდა.
საგანგაშოა, რომ „ვარდების რევოლუციის“ მეცხრე წელს სახელმწიფო ბიუჯეტს ორჯერ ჭარბობს მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი დედაქალაქის – მოსკოვის ბიუჯეტის მხოლოდ განათლებაზე გათვალისწინებული თანხები.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წლის ბიუჯეტში 47 მილიონი გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (თურმე აქ 3 550 კაცი მუშაობს),მაშინ როცა მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაზე 21,7 მილიონი, ხიზნებზე – 30 მილიონი, გარემოს დაცვაზე – 9,4 მილიონი, ახალგაზრდობასა და სპორტზე – 35 მილიონი… მართლა ძნელია დაიჯერო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (ცნობისათვის, ამ სამსახურის ძირითადი დანიშნულებაა თანამდებობის პირთა პირადი დაცვა). 47 მილიონია დაგეგმილი, კულტურაზე კი – 55 მილიონი, სოფლის მეურნეობაზე – 61 მილიონი.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში განათლებაზე ნაკლები ხარჯებია დაგეგმილი, ვიდრე უშუალოდ პოლიციაზე (თურმე მხოლოდ პოლიციაში 30 ათასამდე კაცი მუშაობს).
ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ქვეყნის ბიუჯეტის 25% (ანუ მეოთხედი) იხარჯება… ქვეყანა, სადაც მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ჯანმრთელობაზე იხარჯება ნაკლები, ვიდრე წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.

ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ასეთი ბიუჯეტის მიღება არ იქნებოდა პოპულარული ნაბიჯი, ამიტომ ყურადღების გადატანის მიზნით მან მიზანმიმართულად გააძლიერა პიარი პარალელურ პროცესებზე.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „მაესტროს“ და სხვა თემებით შეძლო არა მხოლოდ თავად „მაესტროს“ რეალური პრობლემების გადაფარვა, არამედ მომავალი წლის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტის მიღების მიჩუმათება და მიჩქმალვა. შედეგად, მივიღეთ ბიუჯეტი, ორიენტირებული სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ დახმარების სამინისტროზე. დიახ, სამინისტროზე და არა პატიმართა პრობლემებზე. თორემ ასეთი რომ იყოს, ხმას როგორ ამოვიღებდით იმედით, იქნებ პირობები გაუმჯობესებოდათ ჩვენს მეგობარ პოლიტიკურ ტუსაღებს და ათასობით უკანონოდ სასჯელმისჯილს.მაშ ასე:
სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტი ერთბაშად 10 მლნ ლარით გაიზარდა და 120 მლნ ლარი გახდა. ეს კატასტროფაა არასრული 4 მილიონიანი ქვეყნისთვის.;
ამ სამინისტროს გამოუყვეს 40 მილიონით მეტი, ვიდრე კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ამ სამინისტროს გამოუყვეს უფრო მეტი, ვიდრე ჯამში კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროებს;
ამ სამინისტროსათვის სახელმწიფო ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე კულტურისათვის, ძეგლთა დაცვისათვის, სპორტისათვის და ახალგაზრდობისათვის.
ქვეყანაში, როგორც ჩანს, იმდენი პატიმარია, რომ 2-ჯერ მეტი უჯდება მათი შენახვა, ვიდრე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმართვა და საგარეო ინტერესების დაცვა თავის სამინისტროთი, საელჩოებით, საკონსულოებით.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი მოსახლეობასთან ყოველ შეხვედრაზე ბევრს და ემოციურად საუბრობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კეთილდღეობაზე, მათზე გამოზნული ხარჯები შეამცირა 10 მილიონი ლარით, რაც ფულად გამოხატულებაში 3,5-ჯერ ნაკლებია ისევ და ისევ სასჯელაღსრულების უწყების ბიუჯეტზე.

ბიუჯეტის მიხედვით, ერთი პატიმრის შენახვა დღეში ჯდება 15-20 ლარი, რაც 5-6-ჯერ აღემატება პენსიონერის შენახვის ხარჯებს.
სამარცხვინოა, რომ უნიკალური ბუნების მქონე ქვეყანა გარემოს დაცვისათვის იმეტებს 8-ჯერ ნაკლებს, ვიდრე პატიმართა დაცვისათვის.

მაშინ, როდესაც სოფელი ხელისუფლებამ გამოაცხადა მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებად, ისევე როგორც ეკონომიკის განვითარება, დააფინანსა ისეთი მიზერული თანხებით, რომ მათი გაცნობა უბრალოდ შეძრავს მოაზროვნე ადამიანს. ხელისუფლებამ დარგებს, რომლებზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფოს ძლიერება, უფრო ნაკლები გამოუყო, ვიდრე ციხეებს. მთავრობის ასეთი მიდგომის შედეგია, რომ სოფელი საკონცენტრაციო გეტოებს დაემსგავსა.

ნაერთ ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტი შეადგენს 95-96%-ს . გამოდის, მთელი საქართველო არსებობს ტრანსფერების ხარჯზე, ანუ, პრეზიდენტის ნება-სურვილით გადარიცხული ხარჯებით.

ქვეყნის ბიუჯეტი ითვალისწინებს გაუშიფრავ ხარჯებს 16% ოდენობით, ანუ ერთ მილიარდ ლარს!!! ნებისმიერ ქვეყანაში რომ გაუშიფრავი დარჩენილიყო ბიუჯეტის თუნდაც 1% , ატყდებოდა განგაში ფრიად მძიმე პოლიტიკური შედეგებით. ჩვენში კი ჩუმად არის ყველა. ჩუმად არიან დიდი ქვეყნების საელჩოებიც. ამის წაკითხვის შემდეგ იქნებ იფიქრონ, რომ ოპოზიციონერები უსინდისოდ ვტყუით. გადაამოწმეთ, ბატონებო, თქვენ ხომ ერთის მხრივ ყველაზე მაღალი დონის ექსპერტები გყავთ, მეორეს მხრივ, საქართველოს მეგობრებად მიიჩნევთ თავს. თუ მეგობრები ბრძანდებით, გვერდით დაუდექით სიმართლეს! გთხოვთ, ვინაიდან:
აშკარაა, ეს თანხები სულაც არ არის გათვალისწინებული პატიმრებისათვის.
აშკარაა, ხდება ფინანსური რესურსების მობილიზება სულ სხვა მიზნებისათვის.
აშკარაა, რომ ხელისუფლება იღებს ბიუჯეტს არა ხალხისათვის, არამედ „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისათვის.

მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

 

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

2011 წლის 12 დეკემბერი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *