პარტია „თეთრების“ თავმჯდომარის, თემურ შაშიაშვილის განცხადება
პრესრელიზი

ეს არ არის განცხადება პარტიის სახელით, „თეთრების“ საბჭოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაცხადდება.
– ჩემში, როგორც ქართველში და ამ ქვეყნის შვილში, პროტესტს იწვევს ის, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ივანიშვილი და ისიც, როგორც იქცევა ის ოპოზიცია, რომლებიც თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს მთელი ოპოზიციის, მეტიც, ქართველი ხალხის სახელით. პროტესტს იწვევს ხელისუფლების თვითკმაყოფილება და ქუჩის ოპოზიციის გაბოროტება.
– ხელისუფლება იბრძვის ისეთი საარჩევნო სისტემისთვის, რომელიც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს, „ქუჩის ოპოზიცია“ კი ისეთისთვის, რომელიც ძალაუფლებას მოაპოვებინებს. ხალხი დავიწყებულია.
– იგნორირებულია ჩვენი წინადადება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის მთავარი კანონიც და საარჩევნო კანონმდებლობაც შევქმნათ ხალხთან რეალური და გულწრფელი დათათბირებით და ხელისუფლებაში მისვლამდე, როგორც ეს გააკეთეს ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელებმა,
– ქართული პოლიტიკის და საერთოდ, ქვეყნის უბედურება არის, ერთი მხრივ, ფული და ფულიანები პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკის და ქვეყნის უბედურებაა საქართველოში ტრადიციად ქცეული სრული სიმახინჯე: პოლიტიკური ძალები, სანამ ხელისუფლებაში არიან – დიქტატორებივით იქცევიან, ხელისუფლებიდან წასულები კი „დემოკრატიულ ოპოზიციას“ უწოდებენ საკუთარ თავს.
– ამაზრზენია მაჟორიტართა გამოსვლები. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ეს არის გათამაშებული სპექტაკლი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს არა მარტო სახელისუფლებო პარტიას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. რომლის მომხრე ვართ ჩვენ, რადგან ჩვენი ტრადიციებიდან, ხასიათიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის მომავალს სწორედ მაჟორიტარულ არჩევნებში და საპრეზიდენტო მმართველობაში ვხედავთ. სწორედ ეს დიდი გადაწყვეტილება მიიღო პირველმა ეროვნულმა პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ.
– პარტია „თეთრები“ გამორიცხულად ვთვლით ერთობას იმ პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც ფინანსები მიიღეს ქვეყნის გარედან. რომლებიც ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან ბიძინა ივანიშვილისგან ან მიხეილ სააკაშვილის მიერ მოპოვებული ფინანსური წყაროებიდან. ჩვენ გამოვრიცხავთ ერთობას იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სოროსიდან მოდიან, ჩვენს რიგებში არ და ვერ იქნებიან ისინი, ვინც ხმა მისცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს.
– ჩვენ ვართ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვისთვისაც ივანიშვილის წინააღმდეგ ერთობა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარია ბრძოლა საქართველოსთვის. ვემიჯნებით „ქუჩის ოპოზიციის“ ლოზუნგს: „ყველას მინუს ერთი“ . ჩვენ არაერთგზის ვნახეთ, რა მოუტანა ქვეყანას შეუთავსებელთა ერთობამ. ეს არის ყველაფერი ხელოვნური და ეს არის ბრძოლა სკამისთვის და არა საქართველოსთვის.
– ჩვენ არავის ვებრძვით. თუმცა მიგვაჩნია, რომ 14 ნოემბერს ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი იყო არა სრული ოპოზიციური სპექტრი, არამედ ისინი, ვინც ქუჩისკენ იყურება. ჩვენ გუშინ ვნახეთ კოჰაბიტაციის ახალი მოდელი, როცა ერთმანეთის მოძულენი სიძულვილით გაერთიანდნენ ერთი კაცის წინააღმდეგ. მართალია, მოხდა ლუსტრაცია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მახინჯი მოვლენის სათავე არის მმართველი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი.
მე ვცხოვრობ ვაჟა-ფშაველას განწყობით “რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა! ამიტომ მირჩევნია, რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს…
ვიცი, ქვეყანას ვერც ოპონენტებისადმი მმართველი პოლიტიკური ძალის სიძულვილი გადაარჩენს და ვერც პოლიტიკურ მტერთა ერთობა! ქვეყნის გადარჩენა ბიბლიურ სიბრძნეშია:”მთავარში – ერთობა, სადაოში თავისუფლება, ყველაფერში სიყვარული!”
– ეს არის ჩემი პირადი განწყობა, რომელსაც ხვალ წარვუდგენ როგორც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, ასევე მეცნიერთა იმ გუნდს, რომელმაც შექმნა უნიკალური პროგრამა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი, „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.
– ჩემი წინადადებაა, პარტია „თეთრები“ შეუერთდეს ინტელიგენციის შეკრებას, რომელიც დაგეგმილია 27 ნოემბერს და რომლის ინიციატორებიც ცნობილი მოღვაწეები არიან, ვისაც მიაჩნიათ, რომ საჭიროა, დავიწყოთ ღია საუბარი მომავლის საქართველოზე.
და კიდევ ერთი. საქართველოში უკვე მესამედ იქმნება ახალი რეალობა. პირველი – 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები, მეორე – 2003 წლის 3 ნოემბრის არჩევნები და მესამე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით. პირველი და მეორე დამთავრდა რეოლუციებით და გადატრიალებით. მექანიზმი ერთი და იგივეა, ქუჩა, მიტინგები, მზაკვრული გეგმები მათ კულუარებში. გამოცდილება გვაქვს. მესამედ აღარ უნდა დავუშვათ ქუჩით, ემოციით და აგრესიით პროცესის განვითარება. ეს შესაძლებელია პროცესში არა მარტო პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით, არამედ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით.
– თუ ხელისუფლება იფიქრებს საკუთარი პარტიის გადარჩენაზე, ეს ისევ რევოლუციასთან მიგვიყვანს და ახლადშექმნილი რეალობაც კრახით დასრულდება.
– ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს არა მარტო პარტია, არამედ პოლიტიკა და წავიდეს იქ, სადაც დიდი საქვეყნო საქმეების კეთება შეუძლია, ბიზნესსა და ქველმოქმედებაში. წასვლამდე კი გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია: ჩაატაროს რეალურად მართალი, პატიოსანი და ობიექტური არჩევნები. მაგრამ, ვეჭვობ, რომ ეს შეუძლია ბიძინა ივანიშვილს. აშკარაა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ისევ მზაკვრული პოლიტიკური თამაშებით, პოლიტიკაში ფულის გავლენის გაძლიერებით, გასაცოდავებული ადამიანების მოსყიდვით და არჩევნების გაყალბებით აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ქვეყნის დაქცევის გზაა. ეს აჯანყების გზაა, რომლის ავტორი ხალხი იქნება და არა გაყიდული პოლიტიკური პარტიები.
– მწამს და მჯერა: ქართველების საქმე მაშინ იქნება ძალიან კარგად, როცა მივხვდებით, რომ ჩვენი საქმე არის ძალიან ცუდად, თუმცა ქვეყანას აქვს იმის ინტელექტუალური, მორალური რესურსი, რომ მოხერხდეს კრიზისის დაძლევა და ქვეყნის განვითარების გზაზე დაყენებას.
14.11.2019წ


