ეს არის ჩემი მოლოცვაც, განწყობაც და პოზიციაც, დაწერილი რწმენით და სიყვარულით, ძლიერი ქუთაისისთვის
მილოცვა საზოგადოება "ქუთაისელს" და ჟურნალ "უქიმერიონს"

ხვალ საზოგადოება “ქუთაისელის” და ლიტერატურული ჟურნალის “უქიმერიონის” 30 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით გამოვიდა ჟურნალის სპეციალური ნომერი რომელშიც გამოქვეყნებულია თემურ შაშიაშვილის მილოცვა.
სამყარო დიდზე დიდია და ჩვენ მის მცირე ნაწილში ვსახლობთ – ფაზისიდან ჰერაკლეს სვეტებამდე. ანტიკური წყაროების ოდნავი პერიფრაზით მოტანილ ამ ნათქვამში, რომელსაც უძველესი დროის უდიდესი ფილოსოფოსები ადასტურებენ თავიანთ ნაშრომებში, ფაზისი მდინარე რიონია, ჰერაკლეს სვეტები კი – გიბრალტარის სრუტე. ყველაზე ეროვნული მდინარე „რიონი“, ერთადერთია, რომელიც საქართველოში იწყება და საქართველოშივე ერთვის ზღვას, ორად ყოფს სამყაროს და საქართველოსაც, იგი აზია-ევროპის გასაყარია.
3500-ზე მეტი წლის ქუთაისში, ერთი შეხედვით, დიდად არ უნდა ჩანდეს 30 წლის წინ შექმნილი საზოგადოება „ქუთაისელი“ და გაზეთი „უქიმერიონი“, მაგრამ როგორც რიონი ყოფს სამყაროს ორად, ასევე დიდი წყალგამყოფი გადის საზოგადოება „ქუთაისელსა“ და გაზეთ „უქიმერიონზე“. დასრულდა საბჭოთა საქართველო და აღსდგა ეროვნული სახელმწიფო.
უამრავ მეცნიერთან და კულტურის მოღვაწესთან ერთად, ვარ ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის მეისტორიე, როგორც საზოგადოება „ქუთაისელის“ შექმნის ინიციატორი და გაზეთ „უქიმერიონის“ დაბადების მონაწილე. მე მაშინ ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე გახლდით და სიამაყით ვიხსენებ შენობის იმ ნაწილში, სადაც დღეს ეკლესიაა განთავსებული, პირველ შეხვედრას და საუბარს დავით კვიცარიძის, ლევან სვანაძის, კუკური კენჭაძის, თემურ ლანჩავას, ჯეირან ფაჩუაშვილის, ოთარ ქანთარიას, ბადრი მელქაძის, ჯავა ჭეიშვილის, პეტრე ვაჭრიძის, გურამ გაბუნიას მონაწილეობით.
ჩვენ მაშინ, ყველანი ვგრძნობდით, რომ ეროვნული მუხტის მატარებელ უამრავ ადამიანს უჭირდა ურთიერთობა პარტიასთან და მათთვის „ქუჩაც“ დისკომფორტის შემქმნელი იყო, სწორედ საზოგადოება „ქუთაისელი“ უნდა გამხდარიყო ეროვნული სულის კაცთა საკრებულო, იგი სწორედ ასეთად დაიბადა.
დღეს ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ ქართულ სინამდვილეში, საზოგადოება „ქუთაისელი“ პირველი იყო, რომლის შექმნასაც შემდგომ ანალოგიური საზოგადოებების ასტრონომიული სიმრავლე მოჰყვა მთელ საქართველოში.
დღეს ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ საზოგადოება „ქუთაისელზე“ ჩვენ, ქალაქის ხელმძღვანელობას, დელეგირებული გვქონდა უამრავი ისეთი რამ, რომელთა ჩამოთვლა დღეს დაუჯერებლად მოეჩვენებათ საქართველოში. საუბარია კადრების შერჩევაზე, სახელისუფლებო მმართველობაში მონაწილეობაზე… „ქუთაისელის“ გარეშე, არ წყდებოდა ქალაქის არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამის დასტურია დღეს, მისი პირველი თავმჯდომარე, მართლაც, საამაყო კაცი, საერთაშორისო მასშტაბის მეცნიერი და მკვლევარი, ლევან სვანაძე… ჩვენ, ყველას გვახსოვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინაც კი, პრეზიდენტობის კანდიდატთან ხელშეკრულება ფორმდებოდა, თუ რა პირობების გათვალისწინების შემთხვევაში დავუჭერდით მას მხარს. ისტორიამ იცის რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მონაწილეობით, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში, ხალხმრავალ შეკრებაზე განიხილებოდა და ასევე საჯაროდ ეწერებოდა ხელი. ბოლო ასეთ ხელშეკრულებას პრეზიდენტობის კანდიდატთან, ქალაქის სახელით, სწორედ საზოგადოება „ქუთაისელის“ ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა, ლევან სვანაძემ და შოთა რამიშვილმა მოაწერეს ხელი.
დღეს ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ შექმნიდან ორი-სამი თვის შემდგომ, საზოგადოება „ქუთაისელთან“ ერთად, დავაარსეთ ქართული სათვისტომოები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პეტერბურგში, ოდესაში, კიევში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში. მეცნიერებთან და კულტურის მოღვაწეებთან ერთად, პირადად ვმონაწილეობდი მე, როგორც აღმასკომის თავმჯდომარე და ჩემი მოადგილეები ამ დიდ ქართულ პროცესში. ისტორია უფრო მეტად იტყვის, როგორ დავდექით ერთად ქუთაისის დასაცავად, არნახულად განვითარებადი სამრეწველო საწარმოების მიერ მუშახელის გარედან მოწვევისგან, ერთად შევქმენით მრავალშვილიანთა მხარდაჭერის დიდი პროგრამა, შევქმენით ქართული ენის დაცვის ფუნდამენტური დოკუმენტი, მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, საბჭოთა არმიის რიგებში ქუთაისელი ახალგაზრდების არგაშვების მიზნით, 1990 წლის 21-27 სექტემბერს, პირველად აღვნიშნეთ დიდი დღესასწაული, „ღვთისმშობლობიდან – ჯვართამაღლებამდე“, ამ პერიოდში, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, შევქმენით გელათის აკადემია, ა.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე დავაარსეთ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავაარსეთ კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, გავაუქმეთ ქუთაისის ორი რაიონი და პარტიული შენობები გადავეცით კონსერვატორიას, მეცნიერებათა აკადემიას, უნივერსიტეტს, სწორედ ამ პერიოდში გადაეცა საზოგადოება „ქუთაისელს“ ის უნიკლაური შენობა, რომელშიც დღესაც ბინადრობს… მართალია, ყველაფერ ამას ხელს მე ვაწერდი, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, მაგრამ რომ არა საზოგადოება „ქუთაისელი“, შემოქმედებითი კავშირები, სამეცნიერო ინტელიგენცია, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
სიამოვნებით ვიხსენებ თანამშრომლობის ამ დიდ განწყობას, რომელმაც შემდგომ ხორცშესხმა მიიღო 1995 წელს, ქუთაისის 3500 წლის და სატახტო ქალაქად გამოცხადების 1000 წლისთავის, 1996 წელს – პარიზში, იუნესკოს ეგიდით ქუთაისის დღეების, 2003 წელს – ბაგრატის ტაძრის 1000 წლისთავის იუბილეს აღნიშვნაში. ჩვენ პირველებმა შევძელით ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის დამსახურების საერთაშორისო დონეზე აღნიშვნა მსოფლიო პატრიარქისა და იუნესკოს გენერალური დირექტორის მონაწილეობით. ჩვენ პირველებმა შევძელით მეფეთმეფის პირველი ძეგლის აღმართვა, რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალის შექმნაც, საქართველოსა და მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბაგრატოვანთა წარმომადგენლების შეკრება და ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სამეფო გვარს დაუბრუნდა მაშინ, ტურისტულ „ოქროს ჩარდახად“ წოდებული სამეფო სასახლე.
ვიხსენებ ყველაფერ ამას მადლიერებით, რადგან ეს ყველაფერი, ორმხრივ ვალდებულებას უფრო ნიშნავდა, ვიდრე ფიქრს ხელისუფლების მიერ ინტელიგენციის მხარდაჭერის მოპოვებაზე. ძნელად ვიხსენებ ხელისუფლების მიმართ ისეთ კრიტიკულ გამოსვლებს, როგორებიც სწორედ ინტელიგენციის წარმომადგენლებს ჰქონდათ საჯარო სხდომებზე, პირდაპირი ეთერით რომ გადაიცემოდა, თუ პრესაში იბეჭდებოდა. ოტია იოსელიანის, რეზო ჭეიშვილის, ლევან სვანაძის, თემურ ლანჩავას, ჯეირან ფაჩუაშვილის, ცირა შალაშვილის, ჟურნალისტების და სხვათა მწვავე კრიტიკა მახსოვს, ისეთი, როგორიც 2003 წლის შემდგომ, აღარასოდეს მსმენია, არც წამიკითხავს. ბოლო პერიოდში, ხელისუფლების შიგნით და ხელისუფლებისადმი ინტელიგენციის დამოკიდებულება „უძრაობის პერიოდს“ უფრო მახსენებს. არა მგონია, ეს კარგი იყოს. ეს ყოველივე მძიმედ აწვება ხალხსა და ქვეყანას.
დიახ, ქუთაისი სწორედ, ტონის მიმცემი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის. მოდუნების უფლებას არც ხელისუფლებას უნდა აძლევდეს და არც თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ხელმძღვანელებს.
დიახ, ქუთაისი არა მარტო სავარდო და სამაისო ქალაქია, როგორც ამას ხშირად მოიხსენიებენ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, არამედ, ეროვნული ყაიდის ევროპული ქალაქია, ფილოსოფიური სიმაღლეა. ქუთაისი ის ქალაქია, სადაც არნახულად არის შეჯერებული ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო. სწორედ ამის დასტურია საზოგადოება „ქუთაისელის“ 30-წლოვანი იუბილე და მართლაც, უნიკალური გაზეთის, „უქიმერიონის“ იუბილეც. ჩვენთვის, ყველასთვის, ბუნებრივი უქიმერიონი, სიბრძნის გორაა, საიდანაც კეთილის ქმნის ძალა მოედინება და მიხარია, რომ მწერალთა გაზეთი „უქიმერიონი“ საკუთარი ისტორიის ფესვებშია. მას სათავეებიდან მოჰყვება თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, კეთილი იუმორის ღონიერად მოაზროვნე კაცი (ამ სიტყვის ნაღდი ქართული გაგებით), თეიმურაზ ლანჩავა.
ცხოვრებამ ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი რამ დაგვანახვა. ბევრჯერ წაგვაქცია, მაგრამ ადგომაც გვასწავლა, ვისაც კი ადგომა გვსურდა. ბევრი ზარ-ზეიმით დაწყებულიც ვნახეთ საქართველოში, ორ-სამ ქეიფში რომ დასრულდა, ან ქეიფში რომ გაგრძელდა. მსოფლიოში ძნელად მოიპოვება ქალაქი, სადაც ამდენი კარგი საქმე დაიწყო, კიდევ უფრო ღონიერად გაგრძელდა და ზეასვლის ამ განწყობით ცხოვრობს. ერთ სახელმწიფოს ეყოფოდა ქუთაისსა და იმერეთში გამომავალი ამდენი ლიტერატურული ჟურნალი და გაზეთი… აი, როგორი ადამიანები იდგნენ მათ სათავეებთან: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გურამ ფანჯიკიძე, რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, ზურაბ კუხიანიძე, თემურ ლანჩავა, ავთანდილ ყურაშვილი, ცირა შალაშვილი, გიზო თავაძე… ადამიანურად გვიხარია ყველას, რომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების ჟურნალმა „განთიადმა“, რომლის ალმანახობიდან ჟურნალად გარდაქმნაში ჩვენ ყველას გვაქვს წვლილი – რესპუბლიკაში გამომავალ ჟურნალებთან შედარებით ყველაზე მეტად შეძლო სახის შენარჩუნება და კიდევ უფრო მაღლა მიდის ცნობილი მწერლის, ავთანდილ ყურაშვილის თავკაცობით..
მე მწამს და მჯერა იმ იდეის, რისთვისაც საზოგადოება „ქუთაისელი“ შეიქმნა, იმ აუცილებლობის, რომელმაც გაზეთი „უქიმერიონის“ დაბადება განაპირობა… დღეს ჩვენს მამულს იმაზე მეტად უჭირს, ვიდრე ზოგჯერ ჩვენ თვითონ წარმოგვიდგენია.
დღეს, როცა უზნეო უმცირესობა ცდილობს იბატონოს ზნეობრივ უმრავლესობაზე, როცა სურთ, გაგრძელდეს სიყალბეში ცხოვრება, როცა ასე ბობოქრობს პოლიტიკური მაფია, როცა საზოგადოებაში შუბლსქელი უფრო ფასობს, ვიდრე შუბლნათელი, როცა კუჭი იმარჯვებს გონებაზე, როცა ფეხმარდი პოლიტიკოსი უფრო მიღებულია, ვიდრე ტვინმარდი, როცა ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება – ხელოვანის, მეცნიერის, როცა ფულმა დამანგრეველი ძალა შეიძინა, რადგან იგი უზნეო, გაუნათლებელი ხალხის ხელში მოხვდა, როცა ქვეყანაში სიბნელე უფრო ანათებს, როცა გაერთიანება ხდება სიძულვილით, როცა პლანეტარული აზროვნების ეპოქაში – ფეოდალურს უჭერ მხარს, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული, დღეს მეტად არის საჭირო: მეცნიერიც, მასწავლებელიც, მწერალიც, მხატვარიც, თეატრალიც, მუსიკოსიც, ჟურნალისტიც, ექიმიც, სპორტსმენიც, მეწარმეც, ფერმერიც, მიწის მუშაც, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანი და პოლიტიკოსიც. პოლიტიკაც პოეზიაა, თუ ნამდვილ პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე. როგორც იტყვიან, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, პოლიტიკოსი პოლიტიკოსობდეს, პოეტი პოეტობდეს – პოეტურად კი ორთავე უნდა ცხოვრობდეს. ძლიერია ის ქვეყანა, სადაც ინტელიგენცია ხალხს იცავს ხელისუფლებისგან და არა ხელისუფლებას ხალხისგან. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს აღრევა დიდი ხანია დაიწყო საქართველოში და ამას ვერც ქუთაისი გადაურჩა. ამის შედეგია, დაუცველი ხალხი. ამის შედეგია ის, რომ ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება, მდიდარი – უფრო მდიდრდება.
ასეთ დროს, ინტელიგენციას დიდი საქმე აქვს გადასაწყვეტი – პოლიტიკოსებს წაართვას ხალხისთვის წართმეული ქვეყანა და დაუბრუნოს ისევ ხალხს, რადგან ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, კი არ აუფროსოს ხელისუფლება ხალხზე, არამედ აიძულოს, იგი იყოს ხალხის მსახური.
მე ასე ვხედავ ნამდვილი ეროვნული საზოგადოების და ნამდვილი ეროვნული გაზეთის მისიას. ასეთად დაიბადა საზოგადოება „ქუთაისელი“, ასეთად დაიწყო ცხოვრება გაზეთმა „უქიმერიონმა“ და ასეთებად მინდა დარჩნენ. ქვეყნის გადარჩენა წიგნს, წიგნიერებასა და ნიჭის ძალაუფლებას შეუძლია, გათითოკაცებული სიკეთის შეერთება შეუძლია სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად.
სწორედ ამას გისურვებთ. ჩვენ ყველას, გვაქვს ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ჩვენი უსაყვარლესი ქალაქის წინაშე. ვიხსენებ დავით აღმაშენებლის საფლავთან მთელი საქართველოს მონაწილეობით ნათქვამს: „ძლიერი ქუთაისის გარეშე, ძლიერი თბილისი არ არსებობს და ძლიერი ქუთაისისა და ძლიერი თბილისის გარეშე, საქართველო ძლიერი ვერასოდეს იქნება.“ მე- 20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისმა, იმერეთმა, სამეგრელომ, გურიამ, საერთოდ, დასავლეთმა, გადაარჩინა თბილისი, დაუბრუნა მას ქართული სული და ამით გადაარჩინა საქართველო. 21-ე საუკუნის დასაწყისში, კვლავ გადასარჩენია თბილისი, რომელიც უფრო გაუცხოვდა, ვიდრე ამის დაშვება შეიძლება, რომელიც უფრო არაქართული გახდა, ვიდრე ამის წარმოდგენაც კი შეიძლებოდა. ეროვნული განწყობის ქუთაისი შეძლებს დიდ ქართულ შემოძახებას. ამისთვის კი ჩვენ უნდა ვიქცეთ ზნეობრივი ბიზნესისა და ისეთ საუნივერსიტეტო ქალაქად, როგორიც ეს ჩვენ ყველამ ერთად დავადგინეთ: ძლიერი სწავლება, ძირითადად ქართველი სტუდენტები, 20-25 პროცენტის ფარგლებში სტუდენტები ევროპიდან, ამერიკიდან, ყოფილი საბჭოთა სივრციდან და რაც შეიძლება ნაკლები – იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საერთო არ აქვთ ჩვენს ტრადიციებთან (აფრიკა, ირანი, არაბული ქვეყნები…).
ჩვენ უკადრებელი გვაკადრეს, სამწუხაროდ, ჩვენც მოვითმინეთ, პატრიარქის კურთხევით დადგენილი ადგილიდან, დავით აღმაშენებლის მოედნიდან, მეფეთმეფის ძეგლის გადატანა და დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალსის“ აშენება (ნუთუ, არ შეიძლებოდა სხვა ადგილის გამონახვა მით უფრო, რომ ვაშინგტონშიც არ არის იმდენი „მაკდონალდსი“, რამდენიც ქუთაისში).
უკადრებელი გვაკადრეს, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იმ წესით, რომელიც უწესობა უფროა და ქუთაისისადმი უპატივცემულობა.
უკადრებელი გვაკადრეს, სამწუხაროდ, ჩვენც მოვითმინეთ, „ქართულ ბიბლიად“ წოდებული, მეცნიერთა მიერ ‘ფილოსოფიურ ტრაქტატად“ აღიარებული „დიდების მემორიალის“ აფეთქებით. ეს რომ დედა-შვილის მსხვერპლით დამთავრდა, უფალმა დიდი ნიშანი მოგვცა სამომავლოდ დასაფიქრებლად.
ჩვენ ამის გამოსწორება შეგვიძლია, თუ დავუბრუნდებით ჩვენ მიერვე დადგენილს: ქუთაისი არის მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ხუთეულის წევრი; მსოფლიოს სჭირდება უძველეს ქალაქთა ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრი და სასურველია, განთავსდეს სწორედ ქუთაისში, სწორედ იმ შენობაში, რომელშიც საქართველოს პარლამენტი იყო. ეს წინადადება თავის დროზე მხარდაჭერილი იყო იუნესკოსა და ქუთაისის მეგობრის, მისი გენერალური მდივნის, ფედერიკო მაიორის მიერ. მიდიოდა მოლაპარაკება, რომ მსოფლიოს ასამდე უძველეს ქალაქს ჰყოლოდა სამეცნიერო წარმომადგენლობები თითოეულს – 15-20 ქუთაისში და ეს იყო გზა ქუთაისის საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრად გადაქცევისა, მით უფრო, რომ ამას საქართველოს ფინანსები არ სჭირდებოდა.
დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი იმ საზოგადოება „ქუთაისელის“ რიგითი წევრი, რომელიც ასეთ დიდ, ზოგადკაცობრიულ და ამავე დროს, ზოგადქართულ საკითხებზე იმუშავებს, მით უფრო, რომ ამ საქმეებს მწერლების, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების და პირდაპირ ვიტყვი, მთელი ქალაქის თანადგომა სჭირდება, ანუ დიდი ერთობაა საჭირო. დღევანდელ სიმძიმეებს, ამ გაუსაძლის დროს, დიდი ქართული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ადამიანები სჭირდება. ჩვენ ამას ქუთაისში ერთი სიტყვით ვამბობდით: კაცობა და კაცები სჭირდება. შურზე და მტრობაზე ამაღლებული მართალი და ნათელი კაცები.
ასეთივე განწყობით ვისაუბრეთ, ბატონო თემურ, გაზეთ „უქიმერიონის“ 10 წლის თავზე, რომელიც 1999 წლის 9 ივლისს გამოქვეყნდა გაზეთში. მისი სათაურიც ამაზე მიგვანიშნებს:“ოქრო განიწმინდება ცეცხლით, ხოლო სული კი – განსაცდელით“. გაზეთ „უქიმერიონის“ ეს ნომერი ჩემი ოჯახის რელიკვიაა. ჩვენ აქ გულიანად და გულწრფელად ვსაუბრობთ, განსაცდელი მეც და შენც ბევრი მოგვიწყო ცხოვრებამ. მე იმავე განწყობით ვცხოვრობ, რაც მაშინ ვთქვი. დარწმუნებული ვარ, თქვენც ძლიერდებით თქვენივე განწყობით ნათქვამში. გიდასტურებ, რომ თქვენს მიერ აღნიშნული იმდენი არაჩვეულებრივობის მიუხედავად, მაინც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… რომ ჩემთვის მწერლებთან სიახლოვე სულიერი მოთხოვნილებაა… რომ ვტირი, ვიცინი, მიხარია და მწყინს… რომ მირჩევნია, რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს… დავამატებ ერთს, იმას, რაც მწერალ ცირა შალაშვილს ვუთხარი 1990 წლის აგვისტოში, „ლიტერატურულ საქართველოში“ დაბეჭდილ ინტერვიუში: “ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს“.
ეს არის ჩემი მოლოცვაც, სიყვარულით ჩამოყალიბებული კეთილი განწყობაც და მოსაზრებები ფიქრის, ანალიზისა და მოქმედებისთვის, ანუ იმისთვის, რისთვისაც შეიქმნა საზოგადოება „ქუთაისელი“ და გაზეთი „უქიმერიონი“. ნამდვილი მწერალი ნებისმიერ პოლიტიკოსზე მაღლა დგას. მწერალში კაცობრიობის სუნთქვაა ჩასახლებული და ეროვნულ ძარღვებში გავლით იქმნება ქართული მწერლობა, ლიტერატურა და ხელოვნება, ეროვნული საგანძური. ქუთაისის სამწერლო ორგანიზაცია, მართლაც, ეროვნული საგანძურია. იყო, არის და არ ვეჭვობ, რომ იქნება ქართული მწერლობის ტონის მიმცემი, ისევე, როგორც საზოგადოება „ქუთაისელი“ იყო, არის და იქნება ეროვნულად დამუხტული. ტრადიციულად, დიდი ინტელიგენციის ქალაქს, აიეტისა და მედეას ქალაქს, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქალაქს, იოანე პეტრიწისა და ნიკო ნიკოლაძის ქალაქს… აკაკის, გალაქტიონის, „ცისფერყანწელთა“, ზაქარია ფალიაშვილისა და მელიტონ ბალანჩივაძის და უამრავი მსოფლიო დონის კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენელთა ქალაქს, რომელთაც, მართლაც, რომ „დინოზავრის“ ნაკვალევი დატოვეს – სხვანაირად არ ეკადრება!
გამარჯვებით!
თეიმურაზ შაშიაშვილი
11.11.2019წ


