თემურ შაშიაშვილი: ვინ ტყუის?

 

 

gerbi1ძალიან ვწუხვარ, რომ სახელისუფლო წრეებში  ერთგვარი შემაშფოთებელი რეაქცია მოჰყვა ჩემს ამასწინდელ  განცხადებას, რომ სახელმწიფოს მიერ გაწეული სხვადასხვა  ხარჯებიდან ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით (18,4%) საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა, უსწრებს  მხოლოდ გვინეას (11%) და მიანმას (11,7%).

ვწუხვარ, რომ ჩემი ინფორმაცია სწორია და უმჯობესი იქნებოდა სახელისუფლებო წრეები იმაზე დაფიქრებულიყვნენ, რატომ არის ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, ვიდრე იმ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ შაშიაშვილი ტყუის.

არათუ ვადასტურებ იმას, რაც ვთქვი, გამოკვეთილად ვამბობ, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თუნდაც ამ მძიმე ანალიზიდან ჩანს.

მოვიტან რამდენიმე ფაქტს, დასკვნა მკითხველმა გააკეთოს:

1. საქართველოში ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 4,2 პროცენტია (2009 წელს  4,7 პროცენტი  იყო) მაშინ, როცა საშუალოდ მსოფლიოში თითქმის   16 პროცენტს შეადგენს.

2. ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ჯანდაცვის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 3,3 -ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – 2,3-ჯერ ნაკლებია.

3. საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე პროცენტულად ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ბოლო წლებში შეადგენს მხოლოდ   1,5 პროცენტს, მაშინ, როდესაც საშუალოდ მსოფლიოში – 5,8 პროცენტია.  ( საფრანგეთში – 8,7%, დანიაშ- 8,2%, გერმანიაში – 8%, საბერძნეთში-5,8%, უკრაინაში – 4%, სამხრეთ აფრიკაში 3,6%, რუსეთში- 3,5% )

4. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული  ხარჯების წილით საქართველო 149-152 ადგილებს იემენთან, ტოგოსა და ერითრიასთან იყოფს. საქართველოზე ნაკლები სახელმწიფო ხარჯების წილი ჯანდაცვაზე მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდა მხოლოდ 18 ქვეყანას. (თურქმენეთი, სიერა -ლეონე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კამერუნი, სუდანი, ფილიპინები,  ინდონეზია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჰაიტი, ბანგლადეში, ტაჯიკეთი, კოტ-დევუარი, ლაოსი, პაკისტანი, გვინეა, მიანმა).

5. თუ მხედველობაში მივიღებთ უშუალოდ საზოგადოებრივ დანახარჯებს ჯანდაცვაზე, აქ ჩამორჩენა გაცილებით მასშტაბურია: მსოფლიოში საშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე ერთ მცხოვრებზე იხარჯება 478 აშშ დოლარი, მაშინ, როდესაც საქართველოში – მხოლოდ 35 დოლარი.

საქართველო აღნიშნული ინდიკატორით  მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ჩამორჩება ზუსტად 35-ჯერ.

6. 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს. ევროპაში 1 000 ბავშვზე 3-4 იღუპება, ჩვენში კი – 20-მდე.

არა გვგონია, ქართული ოჯახისათვის უფრო დიდი ტრაგედია არსებობდეს.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა, და არა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა, შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი (!) ქვეყნის შემადგენლობაში, რომლებშიც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება. აქაც ჩვენს უახლოეს მეზობლებთან ერთად აღმოვჩნდით ისეთ საინტერესო კომპანიაში, როგორიცაა გვიანა, ბოტსვანა, სვაზილენდი, ლესოტო და ა.შ.

საქართველოს სამედიცინო ინტელიგენცია, საქვეყნოდ აღიარებული ქართული სამედიცინო  სკოლა, რომლის ფესვები ანტიკურ პერიოდშია ღრმად ჩამჯდარი, არა მგონია იმსახურებდეს იმ აგდებულ დამოკიდებულებას, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება იჩენს ერის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ამ უმნიშვნელოვანესი დარგის მიმართ. არ ვიცი, ვინ როგორ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ცნობილ კორიფეებს სხვაგვარად უნდა ეკიდებოდნენ ქვეყანაში, რომელიც ზეპირსიტყვიერებაში და ისტორიულ მეცნიერებაში აღიარებულია მედიცინის ისტორიულ სამშობლოდ.

ასეთია მძიმე რეალობა, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი თავის გამოსვლებში საუბრობს პირველობაზე საერთაშორისო მასშტაბით და  განსაკუთრებით საინვესტიციო გარემოს თავლსაზრისით. ესეც რომ ტყუილია, შეგიძლიათ დარწმუნდეთ მარტივი ანალიზით, საქართველო არათუ პირველ ადგილზეა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, არამედ 71 -ზე(!!!). არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ჩამონათვალის პირველ ორმოც სახელმწიფოში მოხვდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ესტონეთი (20), ლიტვა (31), ლატვია (35),   ხოლო ორმოცდაათეულში წარსულში არც ისე განვითარებული სოციალისტური ქვეყნები: ხორვატია (49)  ), რუმინეთი (51), ბულგარეთი (52), ჩვენ გაგვისწრეს  ისეთმა ქვეყნებმაც კი, როგორიც არის: კატარი (47), სამხრეთ აფრიკა (48), ბახრეინი (53), პანამა (54), ნამიბია (55), ბარბადოსი (56), პერუ (59), ომანი (61), განა (64), ალბანეთი (69).

აშკარაა, რომ ხელისუფლებას უნდა ხალხი ამყოფოს ტყუილების სამყაროში, თითქოს გარეთ ყველაფერი ინგრევა და საქართველოში ყველაფერი წარმატებულად მიდის. სამწუხაროდ ყველაფერი პირიქითაა.

სიმართლის ხალხამდე მიტანა შეუძლებელია, რადგან ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ელექტრონული მედია ემსახურება არა ხალხს, არამედ „ნაციონალურ“ რეჟიმს, სააკაშვილს. დღემდე ვერ მოხერხდა, რომ ჩვენს მიერ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მომზადებული  ანალიზი „დღეს საქართველოში“ ,  დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში არის მოსახლეობის გენოციდი, მოსახლეობისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

მეტიც, ხელისუფლების მიერ 26 მაისს დაპატიმრებული იქნა, „მხილების მუზეუმი“, რომელიც თვალნათლივ ადასტურებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას; ადასტურებს იმას, რომ ეს ხელისუფლება გენოციდს უწყობს საქართველოს მოსახლეობას; აჩვენებს იმას, როგორ განცხრომით ცხოვრობს მშიერი და დაუძლურებული ქვეყნის ხელისუფლება.

ვისაც სურვილი აქვს გაეცნოს  როგორც ანალიტიკურ მასალას „დღეს საქართველოში“ , ასევე „მხილების მუზეუმს“ ეს შეგიძლიათ  „თეთრების“ ვებ-გვერდზე www.tetrebi.org.

და კიდევ ერთი: ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენს ანალიზს, მზად ვარ მათთან სატელევიზიო დისკუსიებისათვის და ხალხმა განსაჯოს, სად არის სიმართლე. ხელისუფლებასთან, რომელიც ამბობს, რომ აყვავდა ქვეყანა  თუ ჩვენს დასკვნასთან, რომ  რაც დრო გადის, ქვეყანაში მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი ხდება, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, საშუალო კლასი სრულიად განადგურდა;   რომ ქვეყანაში  კატასტროფული მდგომარეობაა  სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და უკლებლივ ყველა სხვა სფეროში;  რომ ეს ხელისუფლება  ყველაზე მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ ცნობიერებას.

მთლიანად ტყუილზე აგებული ხელისუფლება ელექტრონული მედიის სრული კონტროლით ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს ქართველ ერს, რომელსაც უფლება აქვს,  მეტიც, რომელიც მოვალეა იცოდეს სიმართლე და დროულად გამოიტანოს დასკვნები.

 ხალხი უფლებამოსილი და ვალდებულია იცოდეს, სად იხარჯება მისი ფული – საქართველოს ბიუჯეტი. 

ეს არის მოქალაქეთა თავისუფლების და ხელისუფლებაზე ხალხის კონტროლის მთავარი კანონი, როგორც ამბობენ  „ოქროს კანონი“.

ამის გაკეთება შეუძლიათ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს…

ქვეყნის უბედურებაა –  მონური ფსიქოლოგიის, ხელისუფლების წინ დაჩოქილი და გართხმული ადამიანი, კერპთაყვანისმცემელი…

ქვეყნის სიმდიდრეა – თავისუფალი ადამიანი…

თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში ნიჭის ძალაუფლებაა. მონური ფსიქოლოგიისა და კერპთაყვანისმცემელთა ქვეყანაში – დიქტატურა მყარდება.

ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში – ხელისუფლება ემსახურება ხალხს…

დიქტატურის ქვეყანაში – ხალხი ხელისუფლებას.

ქვეყანას ღრღნის, აძაბუნებს და თავზე უზნეო ადამიანებს ასვამს შიში, კიდევ უფრო კონკრეტულად, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შიშით ცხოვრობს, ხელისუფლების მორჩილებაში ხედავს გადარჩენას.

საქართველო დღეს  – ეს არის ტოტალური შიშის, უფრო მეტიც, ადამიანობის წამშლელი შიშის ქვეყანა.

შიში ყველგან და ყველაფერშია: ხელის ჩამორთმევაშიც, მისალმებაშიც, უბრალო მოკითხვაშიც, ტელეფონზე საუბარშიც, რესტორანშიც, ჭირის დღეზე მისვლაშიც, ლხინის გაზიარებაში… შიში ყველა სფეროში, რასაც კი ადამიანთა ურთიერთობა ჰქვია… კიდევ მეტიც, შიშმა და გადარჩენის ცხოველურმა ინსტინქტმა გააძლიერა გამყიდველობა, დამსმენობა, ჯაშუშობა… დღეს საქართველოში ღირსეული შეურაცხყოფილია უღირსისაგან…

„შიშიდან – თავისუფლებისაკენ“

ეს არის „სახალხო კრების“ ამ ეტაპის პროგრამული განაცხადი… ჩვენ – აღმასრულებელი საბჭოს მთელი შემადგენლობა, კრების სათათბირო, ექსპერტებთან, სპეციალისტთა დიდ ჯგუფთან ერთად ვმუშაობთ  სწორედ ამ ხასიათის პროგრამაზე: „შიშიდან – თავისუფლებისაკენ“ .

ხალხი უფლებამოსილია, იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტი.

სწორედ ამიტომ ბიუჯეტის დაგეგმვის, ფორმირების, განაწილებისა და ხარჯვის კონტროლის საერთო-სახალხო მონიტორინგისთვის მოსახლეობას ყველა ქალაქში, რაიონსა თუ მუნიციპალურ დანაყოფში საერთო-სახალხო ნდობითა და მხარდაჭერით აღჭურვილ მაღალმორალურ სპეციალისტთა ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ, რომელიც გამგებლის, მერის თუ სხვა სახელმწიფო მოხელის იმ პირად ბიზნესს გააკონტროლებს, რომელზეც სახელმწიფოს ბიუჯეტი იხარჯება.

“ნდობის ჯგუფის” შესაქმნელად მოსახლეობის მხარდაჭერაა საჭირო, რომელიც მოქალაქეებმა ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

კერძოდ, რეგიონში – 1000, ქალაქებსა და მსხვილ რაიონულ ცენტრებში კი 2000 ხელმოწერაა აუცილებელი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ  “ნდობის ჯგუფი” სახალხო და არა პოლიტიკური გაერთიანება იქნება.

ნდობის ჯგუფის პროექტის სრული სახით ხილვა შესაძლებელია მოძრაობა „თეთრების“ ვებ-გვერდზე www.tetrebi.org

ბოლოს კი ერთსაც დავსძენთ: ვინც იცის რეალური მდგომარეობა და დუმს, მძიმე ცოდვას სჩადის სამშობლოსა და ერის წინაშე. დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია.

ახალი პოლიტიკური ძალა „მოძრაობა თეთრები“ (თეთრები)

თემურ შაშიაშვილი

21 სექტემბერი (ღვთისმშობლობა) , 2011 წელი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *