თავისუფალი აზრის სახლი (კონცეფცია)

Tas

თქვენს განსახილველად წარმოვადგენთ  2007 წელს  შემუშავებულ კონცეფციას  „თავისუფალი აზრის სახლის“  თაობაზე და მეცნიერთა მონაწილეობით შემუშავებულ წინადადებებს მისი საქმიანობის შემდგომ სრულყოფასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი აზრის სახლი“ –  ამ სახელწოდებით მას  ქართული საზოგადოება 2008 წლის ნოემბრიდან იცნობს. იგი არის მემკვიდრე საზოგადოებრივი მოძრაობა „წინ საქართველოს“ მიერ 2005 წელს შექმნილი „თავისუფალი აზრის დარბაზისა“ , რომლის ისტორია და სიცოცხლე ცნობილი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის „თავისუფალი სიტყვით“ დაიწყო. ამ დარბაზს ახსოვს ცნობილი მეცნიერებისა და მოღვაწეების: აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის, აკადემიკოს მიხეილ ქურდიანის, აკადემიკოს გურამ ლორთქიფანიძის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის, კინორეჟისორმედეა კუჭუხიძის, კომპოზიტორ იაშა ბობოხიძის და სხვა ცნობილთა თავისუფალი სიტყვა.

„თავისუფალი აზრის დარბაზის“ შემდგომ კი „თავისუფალი აზრის სახლის“ შექმნა – დროის ნიშანია. სწორედ დრომ შექმნა თავისუფალი სიტყვის ადგილი. შეიქმნა სწორედ მაშინ, როცა ე.წ. „ვარდების“ ხელისუფლებამ დაიწყო მასმედიის შევიწროება… მაშინ, როცა ხელისუფლება ხურავდა ყველა ტელევიზიასა და გაზეთს, რომელიც მისი არ ხდებოდა, ან მისად არ მიაჩნდა.

ასეთი სახლის არსებობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ერთი მოაზროვნე ადამიანისათვისაც კი არ არის საკამათო.

დრომ დაადასტურა, რომ პროექტი „თავისუფალი აზრის სახლი“  ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო და არის, როგორც თავისი კონცეფციით, ასევე რეალიზაციის ფორმებით და მუშაობის საკმაოდ მოკლე პერიოდის მიუხედავად საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ადგილით.

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა განრისხებული ხელისუფლება, პირადად სააკაშვილი, რომელიც ყოველი შესაძლებლობის დროს უდიერად მოიხსენიებს „თავისუფალი აზრის სახლთან დაკავშირებულ ყველა პიროვნებას და განსაკუთრებით ბატონ პეტრე ჩხეიძეს, პიროვნებას, რომელსაც როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში დიდი ავტორიტეტი აქვს, განსაკუთრებით დიპლომატიურ, სამეცნიერო და კულტურულ წრეებში. სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში   (გაეროში) მუშაობის დიდი გამოცდილება და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული დიდი ავტორიტეტი გახდა იმის საფუძველი, რომ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა დიდი თხოვნით იგი დადგა „თასთან“ და დიდი მხარდაჭერაც აღმოუჩინა, უპირველესად ამ საქმითა და იდეით მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების დაინტერესებით,  ხაზგასასმელია, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, რუსეთში, უკრაინაში მცხოვრები და მოღვაწე არაერთი ქართველი დადგა „თავისუფალი აზრის სახლთან  – „თასთან“. „თასის“ დირექტორები იყვნენ ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: ბატონი მამუკა არეშიძე, ქალბატონი ნანა დევდარიანი, ბატონი ბაკურ ბაკურაძე.

მხოლოდ ავადმყოფურ აზროვნებას და ავადმყოფური აზროვნების ე.წ. ინკოგნიტოებს, ანუ ჩვეულებრივ ჩამშვებებს, დამბეზღებლებს, რომელთა „მატლსავით გაჭყლეტვას“ მოითხოვდა ილია ჭავჭავაძე – შეეძლოთ და შეუძლიათ კეთილი საქმის შეგინება, „თასის“ დაკავშირება კგბ-სა თუ ფე-ეს- ბე -სთან.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოგვაქვს საზოგადოების სამსჯავროზე „თავისუფალი აზრის სახლის“  კონცეფცია და პირდაპირ ვამბობთ: ფე-ეს-ბე  ყოფილა საქართველოს მეგობარი, თუ ასეთ ქართულ პროექტს აფინანსებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ფე-ეს-ბე საქართველოს არც მეგობარია და სწორედ ამის გამო არც დააფინანსებს ამ პროექტს.

ეს დიდი ქართული პროექტი სწორედ დაუფინანსებლობისა და მცირედი დაფინანსების გამოა, რომ სრულად ვერ მოქმედებს. ჩვენთვის ოდნავ არ არის საკამათო, რომ ვინც ამ პროექტს დაეხმარება,  ის საქართველოს ნამდვილი მეგობარია.

იყავით საქართველოს მეგობრები და დაეხმარეთ ამ უაღრესად ქართულ საქმეს. საქართველოს მომავალი ხომ თავისუფალ ადამიანთან, თავისუფალ სიტყვასთან, თავისუფალ მეწარმესთან არის დაკავშირებული… დღევანდელი ნაციონალური რეჟიმისაგან საქართველოს ხსნა ხომ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ.

ხსნა დემოკრატიაშია – ეს არის „თეთრების“ პოზიცია. ჩვენ გვინდა საქართველო თავისუფალი ადამიანებითა და გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე!

 სწორედ ამას ემსახურება „თავისუფალი აზრის სახლი“ და რაც არ უნდა ებრძოლოთ მას, იგი პოზიციას არ შეიცვლის, კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს, კიდევ მეტი ფინანსებიც გაუჩნდება და დიდ როლსაც შეასრულებს ნამდვილად თავისუფალი, ნამდვილად დემოკრატიული, მართლმადიდებლური და ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის!

 

“ადამიანი თავისუფლებისათვის გაათავისუფლა ღმერთმა”

პარტიის შექმნის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს “თავისუფალი აზრის სახლის” ფორმირება. მისი შექმნის აუცილებლობას განაპირობებს დრო: არასდროს დამოუკიდებელ საქართველოში თავისუფალ სიტყვას, თავისუფლად აზროვნებას ისეთი პრობლემები არ შექმნია, როგორიც შეექმნა დღეს.

“თავისუფალი აზრის სახლში” მიმდინარეობს დისკუსია ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. დისკუსია იკრებს დაინტერესებულ ადამიანებს, უპირველესად პროფესიონალებს. იკვეთება ხუთი მიმართულება :

  • განათლება, მეცნიერება, კულტურა;
  • დიპლომატია, საგარეო ურთიერთობები;
  • სოციალური პრობლემები;
  • ადამიანის უფლებები;
  • ეკონომიკა…

თითოეული მიმართულებით საკითხების პროფესიული განხილვისა და ნამდვილად დემოკრატიული დისკუსიის გამართვის მიზნით, იქმნება 10-15 კაციანი ავტორიტეტული, ხალხის ნდობით აღჭურვილ პროფესიონალთა ჯგუფები. თითოეული აფუძნებს დარბაზსს. მათი ერთობა არის “თავისუფალი აზრის სახლი”.

ყოველდღიურად, გარდა შაბათისა და კვირისა, იმართება დარბაზის სხდომა (თითოეული მიმართულება კვირაში ერთხელ). შაბათობით იმართება ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციები; კვირაობით ორგანიზება უკეთდება საკვირაო შეხვედრებს ცნობილ მოღვაწეებთან.

“თავისუფალი აზრის სახლი” ქმნის “ფორუმის” მსგავს ვებ გვერდს, თანამშრომლობს ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის საშუალებებთან, უშვებს გაზეთს “თავისუფალი აზრი”, რომელიც იქნება თავისუფალი აზრის დარბაზის შეხვვედრების სტენოგრამა. “თავისუფალი აზრის სახლი” 24 საათის განმავლობაში იღებს ნებისმიერი პიროვნების წინადადებას და მოსაზრებას, სტენოგრამის სახით აქვეყნებს გაზეთში.

,,თავისუფალი აზრის სახლი” საქმიანობის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, დიდი გამოკითხვისა და თათბირებების შედეგად ქმნის ,,სახელმწიფო კაცების საკრებულოს”. იგი უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომელთაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში არ უღალატნიათ თავისუფლებისათვის, თავისუფალი სიტყვისათვის… ეს უნდა იყოს იმ ადამიანთა საკრებულო, რომლის თითოეული წევრი საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში აღიქმება, როგორც თავისუფლების სიმბოლო.

“თავისუფალი აზრის სახლის” მოქმედებისა და პრინციპების თაობაზე ინფორმაცია ეგზავნებათ საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – წინადადებით მათთან თავისუფალი შეხვედრებისა და საერთოდ თანამშრომლობის თაობაზე. ეს სახლი უნდა იქცეს საზღვარგარეთის ქვეყნების მაღალი რანგის სტუმართა ვიზიტის პროგრამის შემადგენელ ნაწილად. საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის დიდი პატივი უნდა იყოს შეხვედრა “სახელმწიფო კაცების “საკრებულოსთან” “თავისუფალი აზრის სახლში” და ამ საქვეყნო კაცების მოსაზრებები მოსმენა.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება კლავს თავისუფალ აზრს, აჩერებს ტელევიზიებს, ებრძვის ბეჭვდით მედიას – ეს სახლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, იგი შეიძლება და პრაქტიკულად გახდება კიდეც თავისუფლებისთვის ბრძოლის თანამედროვე ცენტრი – დიდი კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

2009 წლის ივნისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *