წერილი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს (2009წ)

 

ორი ათეული წელიწადია, რაც საქართველოში რაციონალურმა განსჯამ ადგილი ემოციათა უთავბოლო ამოფრქვევას დაუთმო; პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკანებმა დაიკავეს; საზოგადოებას ბრბო ჩაენაცვლა; პატრიოტიზმი ფსევდოპატრიოტიზმმა შეცვალა; საზოგადო მოღვაწეთა ადგილები კი მედროვეებმა, კარიერისტებმა და ვერცხლის მოყვარულებმა მოირგეს.

ორი ათეული წელიწადია, რაც საქართველოს ბედს მისი განათლებული, შეგნებული, კულტურული და მოაზროვნე შვილები კი არ წყვეტენ, არამედ ქვეყნის გარედან დაფინანსებული ავანტიურისტები განკარგავენ, რომლებიც გარშემო გაუნათლებელ და ხელმოცარულ იმგვარ ადამიანებს იკრებენ, პოლიტიკას მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით რომ ეტმასნებიან.

ორი ათეული წელიწადია, რაც საქართველოში პოლიტიკური აზრი სამუშაო კაბინეტებში, დარბაზებსა და საზოგადო მოღვაწეთა თავყრილობებზე კი არ იკვეთება, არამედ ქუჩებში, სპონტანურ მიტინგებსა და, უარეს შემთხვევაში კი, კრიმინალურ დაჯგუფებათა შეკრებებზე ყალიბდება.

ამ ე.წ. პოლიტიკოსებს, რომლებიც ორი ათეული წელიწადია, რაც ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, ტელეეკრანებსა და მიტინგებზე ტრიალებენ. აზრადაც არ მოსდით რჩევისათვის იმ ადამიანებს მიმართონ, რომლებსაც არა მარტო მეცნიერული და შემოქმედებითი მოღვაწეობით არამედ ცხოვრების წესითა და საზოგადოებრივ-მოქალაქეობრივი პოზიციითაც საზოგადოებისთვის დაუმტკიცებიათ, რომ ქვეყანა სწორედ მათი აზრის გათვალისწინებით უნდა იმართებოდეს.

ქვეყნის ბედს მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი ადამიანები კი არ უნდა წყვეტდნენ, არამედ სამშობლოს ბედით შეწუხებული და, უპირველეს ყოვლისა, მის მომავალზე მოფიქრალი ადამიანები უნდა განაგებდნენ; ის პატიოსანი მშრომელები უნდა განაგებდნენ, ვინც წინაპართა ჩვენთა სისხლისა და გენის მტარებლები არიან. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამგვარ ადამიანთა ზრი ისეა იგნორირებული, თითქოს ისინი ამქვეყნად არც არსებობდნენ. აბა თუ გაიხსენებთ პოლიტიკურ ძალას ან ლიდერს, რომელიც პირადად თქვენთან მოსულა და აზრი უკითხავს. ალბათ, ვერ გაიხსენებთ, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი რამ არ მომხდარა. არადა, უნდა მომხდარიყო, ვინაიდან თქვენი და თქვენნაირი ადამიანების რჩევა მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი და უნაყოფო. სამწუხაროდ, ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივს მხოლოდ თვითონ ფლობენ. ამიტომ მოხდა ის რომ საქართველოში დიალოგი მონოლოგით შეიცვალა; აზრთა შეჯერება – სხვისი აზრის იგნორირებით; ჯანსაღი კამათი და პოლემიკა კი – ცილისწამებით, ლანძღვა-გინებითა და იარლიყების მიკერებით.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ამგვარი მეთოდების დანერგვის სავალალო შედეგები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – აწ უკვე დაკარგული ტერიტორიები; დანგრეული ეკონომიკა; დარღვეული ეროვნული ცნობიერება, რაც ადამიანებს ავტომატურად უკარგავს ხვალინდელი დღის რწმენას, მომავლის იმედს, საბოლოო ჯამში კი – ცხოვრების საზრისს, ურომლისოდაც ადამიანი აღარცაა ადამიანი.

ყოველ ჩვენგანს ცალ-ცალკე გვიჩნდება კითხვა – ხომ არ დადგა დრო, შექმნილი უმძიმესი სიტუაციისა და რეალობის ოდენ შეგრძნების ნაცვლად, ამ სიტუაციისა და რეალობის გონებაში გადახარშვისა და გაცნობიერებისა, ანუ ხომ არ დადგა დრო ერისა და სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემებით ჭეშმარიტად შეწუხებულ და მოაზროვნე ადამიანთა ისეთი გაერთიანებისა, რომლის ძალისხმევა ქვეყანაში გარედან მართვადი ავანტიურისტებისა და ქუჩის პოლიტიკოსთა თავაშვებულ პარპაშს კულტურული ურთიერთობებით ჩაანაცვლებს და საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთ ურთულეს ფორმას – პოლიტიკას იმ მიმართულებას მისცემს, რომელიც მას ერისა და სახელმწიფოს ინტერესებში ჩააყენებს. ამავე დროს, მსოფლიო გეოპოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით სხვა სახელმწიფოთა ინტერესებთან საკუთარი ინტერესების ჰარმონიზების შესაძლებლობას გაუხსნის და, საერთაშორისო ვითარების კომპლექსური მეცნიერული შესწავლის საფუძველზე, სახელმწიფოს იმ მომავალსა და პერსპექტივას დაუსახავს, რომელიც ახალი მსოფლიო რეალობის კონტექსტთანაც შესაბამისობაში მოვა და ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიულ საფუძვლებსაც მოწყვეტილი არ იქნება.

ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია პირადად თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა. თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ და თქვენთან კონსულტაციების საშუალებას მოგვცემთ, ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტი იქნება. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის მომავლისთვის სასიკეთო შედეგების მომტანი აღმოჩნდება.

ამ ბარათთან ერთად გაახლებთ იმ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.

ჩვენთან უკვე მუშაობს ,,თავისუფალი აზრის სახლი”, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს საშუალება ეძლევა გამოთქვას გულწრფელი დამოკიდებულება ამ თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით. მისასალმებელი იქნება თქვენი აქტიურობა ამ მიმართულებით.

თქვენს სტუმრობას ჩვენთან, ოფისში, დიდ პატივად ჩავთვლით მაგრამ თქვენ თუ სხვა წინადადება გექნებათ, მზად ვართ კონსულტაციებისთვის შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილზე.

მადლობას გწირავთ ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *