2020 წლის არჩევნები იმაზე მეტია, ვიდრე არჩევნები – ეს არის ღირსების ბრძოლა საქართველოსთვის!

 

გაცნობიერებული მაქვს, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს.

მწამს და მჯერა, რომ საქართველო მაშინ იქნება ძლიერი, როცა ქვეყანას ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც არ იმართება გარედან და მხოლოდ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას, როცა ყველგან და უპირველესად, ხალხში, კონკრეტულად იქნება გაცნობიერებული, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. რომ ხელისუფლება მსახურია და არა თუ არ შეიძლება. სირცხვლია, როცა მსახური უკეთ ცხოვრობს, ვიდრეის, ვისაც უნდა ემსახურებოდეს.

მოაზროვნე ადამიანებისთვის ოდნავაც არ არის საკამათო, რომ ქვეყანა წინ მიდის მაშინ, როცა მოქმედებაშია  მარტივი, მაგრამ მთავარი ფორმულა: „ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად, ხაზგასმით ვამბობ, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლებიც ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

კაცობრიობის გამოცდილებაც და ჩვენი ისტორიაც ადასტურემს, რომ ძლიერია ქვეყანა, როცა კარგად გვაქვს გაცნობიერებული ბიბლიური სიბრძნე: მთავარში -ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“ . მთავარი – სამშობლოა, შენი ქალაქი და მისი ინტერესებია. თავისუფლება გვაქვს პოლიტიკურ შეხედულებებში, მაგრამ ამ პოლიტიკურმა შეხედულებებმა ერთმანეთის პოლიტიკურ და ბიოლოგიურ სიძულვილში არ უნდა გადაგვიყვანოს. დაპირისპირებაშიც კი, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული უნდა იღებდეს სიმაღლეს. საერთოდ, დაპირისპირება სუსტების მოგონილია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. ვიყავი და ვარ ამ პრინციპების ერთგული, თანამშრომლობის ჰარმონიზაციის ერთგული და სწორედ ამ დიდი პოლიტიკური ბრძოლის წინ, ვთავაზობ რამდენიმე წინადადებას:

პირველი – ქალაქის მერიას, საკრებულოს, რომ საზოგადოებასთან დიდი დათათბირებით, მწერალთა, მხატვართა,თეატრალურ მოღვაწეთა, არქიტექტორთა, ჟურნალისტთა,  ქორეოგრაფთა შემოქმედებით კავშირებთან, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებთან, თეატრების დასებთან, განათლების, კულტურის, მედიცინის, სპორტის მოღვაწეებთან, საზოგადოება „ქუთაისელთან“ და ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც ქვეყნის გარედან არ ფინანსდებიან, კომუნალური და სოციალური დარგის წარმომადგენლებთან, მრეწველთა კავშირსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებით  ჩამოაყალიბონ, როგორი წარმოუდგენიათ, ან როგორი სურთ, რომ იყოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქუთაისიდან. მიგვიწვიონ დეპუტატობის ყველა კანდიდატი და სახალხოდ-საჯაროდ მოისმინონ თითოეულის პოზიცია. კარგი იქნება, თუ ეს შე ხვედრა პირდაპირი ეთერით იქნება გადაცემული.

მეორე – დეპუტატობის კანდიდატებს: არ დავყოთ ქალაქი ჩემიანებად და მოწინააღმდეგეებად, ისედაც ბოლო  ათწლეულების პოლიტიკურმა პროცესებმა საკმაოზე მეტად დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთთან და შეხვედრები მოვაწყოთ მუნიციპალიტეტების, უბნებისა და ორგანიზაციების მიხედვით, ერთობლივად. ქუთაისმა მთელ საქართველოს აჩვენოს მაგალითი, ხალხის წინ პოლიტიკოსების პაექრობისა.  კარგი იქნება, თუ გარკვეული საინიციატივი ჯგუფები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ასევე ერთად მიგვიწვევენ დეპუტატობის კანდიდატებს.

მესამე – ტელევიზიებს, რედიორედაქციებს, საერთოდ, მედიასაშუალებებს დიეკუსიები მოეწყოს ყველა მსურველი კანდიდატის მონაწილეობით. ქუთაისში მაინც უარვყოთ ის სიმახინჯე, რომელიც ორი ათწლეულია, დაკანონებულია კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიები და კვალიფიციური და არაკვალიფიციური მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები. საინფორმაციო სივრცეში ყველა კანდიდატს თანაბარი დრო დაეთმოს.

მეოთხე – უშიშროებას და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელებს: ნუ ჩაერევით არჩევნებში. ისტორიამ დაადასტურა, რომ ყველა ასეთი ჩარევა საქართველოში რევოლუციითა და ქუჩით სრულდება. საქართველო ვეღარ გაუძლებს ამას და მოდით, ქუთაისი ამ კუთხითაც გახდეს გამორჩეული.

ვფიქრობ, ამ წინადადებების გათვალისწინებით, ჩვენ ქუთაისს გავაძლიერებთ, ხალხს სწორი არჩევანის საშუალებას მივცემთ და ეს იქნება ქალაქისა და ქვეყბის გამარჯვება.

ათასგზის მითქვამს და ვიმეორებ:

  • რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია იქნება არჩევნების შემდგომ და მით უარესად იცხოვრებს ხალხი
  • ვინც საკუთარ საარჩევნო ხმას ყიდის, ებრძვის თავისი შვილების მომავალს და ვინც ხმას ყიდულობს, ის ვერაგია – სამშობლოს გვიყიდის.

ყველაფერ ამას კაცობრიობის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ადასტურებს… ადასტურებს იმას, რომ ის ქვეყანაა ძლიერი, და იმ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები ბედნიერად, სადაც პიროვნება, როგორიგაჭირვებულიც არ უნდა იყოს, საარჩევნო ხმას კუჭს არ აბამს, არამედ გონებითა და სინდისით იღებს გადაწყვეტილებას. ყველა ქვეყანამ გაიარა მძიმე პერიოდი. ამერიკამაც. ჰქონდა მას დიდი დეპრესიის ეპოქა და იმ ეპოქაში ამერიკის დიდმა მამებმა ასე მიმართეს ხალხს და ქვეყანას: ამერიკის წინაშე დიდი ამოცანაა, ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება კუჭზე. თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, ამერიკა დაეცემა, მაგრამ თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე – ამერიკა ზესახელმწიფოდ იქცევა.“ მოუსმინეს ამერიკელებმა. ცხოვრობენ ბედნიერად. იგივეს მივმართავ მე დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს:საქართველოში თუ კუჭის კარნახით მივცემთ ხმას, უარეს შიმშილში ვიქნებით, სამშობლოსაც დავკარგავთ და ქართულ ცნობიერებასაც. მაგრამ თუ სინდისით მივცემთ ხმას, საქართველო იქნება ძლიერი ქვეყანა და ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

ასეთ გზაგასაყარზე ვდგავართ. ყველას ამოცანაა, ვიფიქროთ იმაზე, რას ვაძლევთ საქართველოს და არა იმაზე, რას ვიღებთ მისგან. დღეს ჩვენ არნახულად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველოსთვის. გადავდოთ ყოველგვარი პირადი წყენა და ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.

2020 წლის არჩევნები იმაზე მეტია, ვიდრე არჩევნები – ეს არის ღირსების ბრძოლა საქართველოსთვის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *