პრეზიდენტი სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ სააკაშვილის წინააღმდეგ

 

`საქართველოში ყველაფერთან ერთად ეკონომიკაც პოლიტიზებულია და პოლიტიზებულია იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა ცივილურ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის გონებას შეუძლია. დემოკრატიის ქვეყნებში კონკურენციის, სააქართველოში კი კლანურობის კანონი მოქმედებს. მეწარმე, რომელიც ფეხქვეშ არ გაერთხმება პრეზიდენტს, მმართველ ჯგუფს – დაღუპულია, მეწარმე – მონა კი წარმატებული. 2003 წლის ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ მისმა ავტორებმა 50-ზე მეტი წარმატებული მეწარმე – 100 000-ზე მეტი დასაქმებულით მიწასთან გაასწორა მხოლოდ იმის გამო რომ მის (პრეზიდენტის) დაკრულზე არ იცეკვეს.

ქიბარ ხალვაშის ბიზნესი მიწასთან გაასწორეს… გოჩა ზასუხოვს, კაცს რომელსაც სააკაშვილი გმირს ეძახდა, ყველაფერი წაართვეს, მისი ბიზნესი გაანადგურეს… ბადრი პატარკაციშვილი ცოცხალი აღარ არის – საქართველოში მისი ბიზნესი მოსპეს. ყველაფერი ეს პიროვნული დამოკიდებულების გამო ხდება – პრეზიდენტს ასე სურს.

ებრძვიან ეროვნულ კაცსა და მეწარმეს გოგი თოფაძეს – ყვავის პრეზიდენტის მეგობრის დავით ბეჟუაშვილის ბიზნესი.

ბენზინის ბიზნესის ყველა ქართული წარმომადგენელი განადგურებულია – ყვავის ,,ვისოლი”, რომელსაც პრეზიდენტის ძმა პატრონობს.

დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აკეთებს იმას, რასაც ებრძვოდა იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი. პრეზიდენტი სააკაშვილი ეროვნულს უწოდებს იმას რასაც ანტიეროვნულს ეძახდა მინისტრი სააკაშვილი. ამ უკანასკნელის მაგალითია სომხეთისათვის გოდერძის უღელტეხილით შავ ზღვაზე გასასვლელი გზის მშენებლობის დაწყება. ეს ცალკე განხილვის საგანია. ამის შესახებ სხვა დროს… ამჯერად კი ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან დაკავშირებულ პრეზიდენტ სააკაშვილისია და მინისტრ სააკაშვილის დიამეტრულად საწინააღმდეგო ორ პოზიციას შევეხები.

2001 წლის 14 იანვარს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში პირადად ჩემს მიერ მოწვეულ პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს წარვუდგინე ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ბაზაზე ინდუსტრიული ზონის (მაღალი ტექნოლოგიების პარკი) შექმნის პროგრამა. იგი ეყრდნობოდა ევროპის გამოდცდილებას, რომელიც პირადად შევისწავლე სპეციალსტებთან ერთად. ქარხანაში ჩამოსულები დაეთანხმნენ ჩვენს პროგრამას, მას ,,ქვეყნის გადარჩენის პროგრამაც” კი უწოდეს (ვთხოვ გაზეთებსა და ტელევიზიებს ამოიღონ არქივიდან ამ პერიოდში გამოქვეყნებლი მასალები, გადაცემული სიუჟეტები…). თბილისში დაბრუნებულმა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს კატეგორიული მოთხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა, პირველი გადაწყვეტილება შეცვალა შევარდნაძემაც და მისი ბრძანებულებით ქარხანა აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. ,,მოქ-კავშირის” მმართველი გუნდის (დღევანდელი ,,ნაც-მოძრაობის” მართველი გუნდი) დახმარებით იგი სახელმწიფო ქურდებმა და ე.წ. კანონიერმა ქურდებმა იყიდეს. სარჩელი შევიტანე სასამართლოში პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების გაუქმების მიზნით. გუბერნატორმა პრეზიდენტს სასამართლო პროცესი მოვუგე – ქუთაისის საავტომობილო ქარხანა სახელმწიფოს დაუბრუნდა. ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ უკვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საავტომობილო ქარხანა, მართლაც, ქვეყნის დიდი სიმდიდრე, სადაც 100 მილონზე მეტი დოლარის ჯართი დევს, მის მეგობარ დავით ბეჟუაშვილს გადაუფორმა საკუთრებაში რამდენიმე ათას დოლარად. კიდევ უფრო მეტი, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო პირის – დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას აცხადებს ინდუსტრიულ ზონად – განსაკუთრებული საგადასახადო შეაღავათებით. პრეზიდენტის განცხადებით აქ შემოდის ეგვიპტური კომპანია რომელიც რამდენიმე მილიარდს ჩადებს ინდუსტრიულ ზონაში. მილიარდებს ,,დებს” კომპანია რომელსაც ეგვიპტეში არავინ იცნობს, რომლის წლიური მოგება 100000 ფარგლებშია. ცივილურმა მსოფლიომ მსგავსი ფაქტი არც იცის და ვერც დაიჯერებს რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ფაქტია, ხელისუფლება ქვეყანას ტოტალურ ტყუილებში აცხოვრებს.

ამ დღეებში სააკაშვილი საუბრობს ცემენტის ქარხნებზე, იყო კასპის ცემენტის ქარხანაში. ცემენტის ბიზნესი ბეჟუაშვილს ეკუთვნის და ქარხნებიც მუშაობენ იმის გამო, რომ მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხებით შენდება ავტობანი. დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსოფლიო ბანკიდან აღებული სესხები დიდ ფინანსურ სიმძიმედ ედება საქართველოს, ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, დღეს კი ამ ფულებით სააკაშვილის მეგობრები და კლანი მდიდრდება და ძლიერდება.

პირადად ჩემთვის კასპის ქარხანაში სააკაშვილის სტუმრობა ერთი რამითაც არის მნიშვნელოვანი. თავის დროზე ყველა ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე რომ ჩეხი ბიზნესმენების სახელით ჭიათურმანგანუმში შემოსული გუნდის უკან ბეჟუაშვილი იდგა. დღეს კასპის ცემენტის ქარხანას და ჭიათურმანგანუმსაც იგივე გუნდი ხელმძღვანელობს დირექტორის ჩათვლით. ესეც ცალკე საუბრის თემაა…

უზნოებას, როგორც ჩანს, საზღვარი არა აქვს. საქართველოში ბიზნესი სააკაშვილის კლანის ხელშია. მარტო მისი მეგობარი პარლამენტარი ბეჟუაშვილი ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს დაწყებული ოქროს, მარგანეცის, ნახშირის საბადოებით -საავტომობილო, ცემენტის, ნავთობის, სატელევიზიო და სხვა მრავალი ბიზნესით.

დადგება დრო და ქართველი ხალხი დეტალურად გაიგებს იმ უბედურების შესახებ რაც არაქართული ცნობიერების სააკაშვილის კლანმა მოუტანა საქართველოს ეკონომიკას და მთლიანად საქართველოს

თემურ შაშიაშვილი

2009 წლის 9 აპრილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *