„მერე რა…“ დამარცხებისა და მონობის ფორმულა

 

gerbi18თეთრების“ პოზიცია

ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება. ქვეყანას მართავენ „თავისუფლების ინსტიტუტი“, ყოფილი “მოქკავშირისა“ და “აღორძინების” ლიდერები, პარტიის რაიკომის ყოფილი მდივნების გასოროსებული შვილები – ეს მოაზროვნე ადამიანისთვის კატასტროფა უნდა იყოს!

ამ დროს კი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის განწყობაა – “მერე, რა?!”

მერე რა, რომ მთავარსარდალი და პრეზიდენტი მიწაზე ფორთხავდა…

მერე რა, რომ 7 ნოემბერს მშვიდობიან დემონსტრანტებს, 8 აგვისტოს კი მძინარე ქალაქს ესროლეს…

მერე რა, რომ ისტორიაში ჩაიწერა, ოლიმპიადის დაწყების დღეს საქართველოს პრეზიდენტმა იარაღით შეტევის დავალება გასცა…

მერე რა, რომ ტერიტორიებს ვკარგავთ და, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლების წყალობით, კიდევ დავკარგავთ…

მერე რა, რომ წინაურდებიან ისინი, ვინც ანგრევდა მართლმადიდებლურ ეკლესიას და იხსნებიან პატრიარქისადმი კეთილადგანწყობილნი…

მერე რა, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ხელისუფლებამ პოლიციის დღედ გამოაცხადა და 6 მაისს, გიორგობას, უკვე მეორედ ნიღბიანი პოლიციელები მშვიდობიან მოსახლეობას ტყვიას ესვრიან, არბევენ…

მერე რა, რომ პრეზიდენტის გატაცება მოგზაურობაა, საზღვარგარეთ ხალხმრავალი ამალით ყოფნა და უაზროდ ხალხის ფულის ფლანგვაა…

მერე რა, რომ უნივერსიტეტი დაიქცა, შენობები იყიდება, სტუდენტთა რაოდენობა ნახევრდება, რომ ხელისუფლება უმაღლეს განათლებაზე იმდენ ფულ ხარჯავს, რამდენსაც სამი სკვერის მოწყობაზე…

მერე რა, რომ ქართულ აკადემიას კლავენ, გაანადგურეს მწერალთა კავშირი, შემოქმედებითი კავშირები…

მერე რა, რომ უნივერსიტეტის ბედით შეწუხებულ პროფესორებს პოლიცია მიუქსიეს, წყალი გადაუკეტეს, ტუალეტები ჩაუკეტეს…

მერე რა, რომ პრემიერ-მინისტრი საეჭვო ვითარებაში მოკვდა, ჩახოცეს ახალგაზრდა ბიჭები…

მერე რა, რომ პრეზიდენტმა გასცა ბრძანება მესტიაში აფრასიძეების ოჯახის ჩახოცვაზე…

მერე რა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს და ქონებას ართმევენ…

მერე რა, რომ მესაკუთრეებს ქონებას ართმევენ…

მერე რა, რომ ბიზნესის 95 პროცენტს პრეზიდენტი, მისი ოჯახის კლანი, მისი მეგობრები აკონტროლებენ…

მერე რა, რომ არჩევნები გაყალბდა – პრეზიდენტმა სკამი მოიპარა, ხელისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა სხვის სკამზე ზის…

მერე რა, რომ ქართული ცნობიერება დაანაწევრეს…

მერე რა, რომ მათხოვრებად ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მათხოვრობით ცხოვრობს უცხოეთში…

მერე რა, რომ გაიყიდა მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც და მისი მეპატრონეები არაბები, ჩინელები, ეგვიპტელები, თურქები გახდნენ…

მერე რა, რომ საქართველოში ქართველები ვერაფერს ყიდულობენ იმიტომ, რომ ბანკში კრედიტი ყველაზე მაღალი და ყველაზე გამამწარებელია, ვიდრე სხვაგან…

მერე რა, რომ ერთი წლის განმავლობაში უცხოეთიდან შემოსული 4 თუ 6 მილიარდი დოლარი სწორედ არ დაიხარჯა…

მერე რა, რომ საქართველოს ბიუჯეტში შესული ყოველი ერთი ლარი მხოლოდ 20 თეთრის საქვეყნო საქმეს აკეთებს, 35-40 თეთრი კორუფციულია, 40-45 თეთრი კი პრეზიდენტის სკამს ემსახურება…

მერე რა, რომ საქართველო მისი ხალხისთვის ყველაზე ძვირი ქვეყანაა – ყველაზე დაბალი ხელფასებით, პენსიებით, სტიპენდიებით…

მერე რა, რომ ხელისუფლება ელექტროენერგიას თურქეთში 2 თეთრად, საკუთარ მოსახლეობაზე კი – 15-17 თეთრად ყიდის.

მერე რა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები ჯართად აქციეს, უცხოეთში გაყიდეს… საკუთარი მოსახლეობა საქართველოშიც და მის გარეთაც მსახურად აქციეს…

მერე რა, რომ ხალხი გაჭირვებისაგან გმინავს და პრეზიდენტი კი უცხოეთში გამოსვლებით „აყვავებულ“ და „დემოკრატიულ“ ქვეყანაზე ტყუილებით აბრუებს მტერსაც და მოყვარესაც…

მერე რა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზია არ არსებობს, „იმედიც’“ მოდელირებულია, და მოდელირებულია საპარლამენტო პოლიტიკური ძალების თანამშრომლობაც და დაპირისპირებაც…

სწორედ ამ “მერე რამ” დაგვღუპა…

მერე რა და, ღირსება დაიკარგა…

მერე რა, მონობის, უძლურების, ხელებჩამოშვებულობის… ქვეყნის ნგრევის და დამარცხების… ერთ მუშტად შეკრულ ბოროტებაზე დამორჩილების… სიკეთეზე ბოროტების გამარჯვების ფორმულაა…

მერე რა, ღირსებადაკარგულთა საყრდენი ფორმულაა...

მერე რას ღირსეულთა ბრძოლა ამარცხებს…

დავიბრუნოთ ღირსება, ვიბრძოლოთ ღირსებით და ვიცხოვროთ ღირსეულ საქართველოში!

ახალი პოლიტიკური ძალის „თეთრი მოძრაობა “ („თეთრები“) სახელით
თემურ შაშიაშვილი
11 მაისი, 2010 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *