აუცილებელია პროცესების ინტელექტუალური რადიკალიზაცია

 

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია. საქართველოში ღრმა სისტემური კრიზისია. ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა მკვდარია. პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი მიდის პოლიტიკური რადიკალიზაციის გზით, რასაც ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით უპირისპირდება. ასეთ სიტუაციაში წინ მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებაა და რაც დრო გავა, იგი გაცილებით მეტად იქნება გამოწვეული სოციალური მდგომარეობით, ვიდრე პოლიტიკურით.
დადგა სამოქალაქო, ეროვნული და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პერიოდი, უპირველესად – ხელისუფლებისათვის, პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსებისათვის.

ხალხის უდიდეს ნაწილში გაცნობიერებულია პრეზიდენტის გადადგომის აუცილებლობაც და გარდუვალობაც, მაგრამ არ არის იმის იმედი, რომ ამით მგომარეობა განიმუხტება. ამ უიმედობას ვერ აქარწყლებს პოლიტიკოსთა და, საერთოდ, მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართულ საზოგადო მოღვაწეთა ზეპირი და ზოგადი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავარია სააკაშვილი გადადგეს და ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები თვლიან და რეალობაც ადასტურებს, რომ დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს შესაძლებლობა, ასეთ დაძაბულ მომენტში დამოუკიდებლად მართოს ქვეყანა და გამოიყვანოს იგი სისტემური კრიზისიდან.

რეალობა იმასაც ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში ჭეშმარიტი ოპოზიცია არა რომელიმე პოლიტიკური ერთობა ან ალიანსი, არამედ ხალხია, ის ხალხი, ვისაც აღარ უნდა და აღარც შეუძლია ასე ცხოვრება. ეს ხალხი გაწბილებული დარჩება:

თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცის მონოპოლიზებას რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი (მით უფრო, გარედან მართვადი) მოახდენს;

თუ მოხდება ხელისუფლების მხოლოდ ჩანაცვლება (ანუ შეიცვლება კონკრეტული პიროვნება, მაგრამ სისტემა უცვლელი დარჩება);

თუ ქვეყანაში არ დამთავრდება მოღალატე სულის მქონე ქუჩის პოლიტიკოსთა მმართველობა. (ასეთია ,,ნაც.მოძრაობა” და არამარტო)
დღეს მოსახლეობის იმედები და საქართველოს მომავალი დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლტიკოსებთან, რომელთაც საქართველოს უცხოეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ ქვეყნის გარედან არ იმართებიან არც და უხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების მიერ ფინანსდებიან.

ახალი პოლიტიკური ძალა თეთრი მოძრაობა ,,თეთრები” არ ვუჭერთ მხარს ქვეყანაში პოლიტიკურ რადიკალიზაციას, მით უფრო ძალისმიერ რადიკალიზაციას, რა გზასაც ხელისუფლება ადგას. ჩვენ ვთვლით ამ სიტუაციაში გადამწყვეტია პროცესების ინტელექტუალური რადიკალიზაცია.

ჩვენი აზრით, აუცილებელია შეიქმნას ორი საზოგადოებრივი ინსტიტუტი:

• ნდობის დარბაზი “სახელმწიფო კაცების” (ი.ჭავჭავაძე) დარბაზი

•პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა

(ჩვენ ამის აუცილებლობაზე ორ თვეზე მეტია ვსაუბრობთ … )
ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ხალხის მიერ ხელისუფლების გასამართლების თაობაზე. მართლაც, დადგა დრო ხალხმა გაასამართლოს ხელისუფლება. ეს უნდა იყოს ”მოქ-კავშირისა” და მისი პოლიტიკური მემკვიდრე ”ნაც. მოძრაობა-დემოკრატების” პიოლიტიკური სასამართლო.

ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს – ვთქვათ უარი სახელისუფლებო სკამებზე, ხალხიც მეტად დაგვიჯერებს და ეს ხელისუფლებაც მალე დამთავრდება.

ჩვენ, ასევე ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ვიფიქროთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე – დარბაისელ, გაწონასწორებულ და სახელმწიფო აზროვნების პროფესიონალთა ხელისუფლებაზე.

ჩვენ სასიცოცხლოდ აუცილებლად მიგვაჩნია საინფორმაციო სივრცის განთავისუფლება, როგორც ხელისუფლების კლანჭებიდან, ასევე ოპოზიციის ზეწოლისაგან.

ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უნდა ხვდებოდნენ არა მარტო მათ მხარდამჭერებს, არამედ ხელისუფლების მომხრეებსაც, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თაობაზე და, თუ პოლიტიკოსები ვართ, მათთან ერთად ვიფიქროთ ქვეყანაში შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლაზე.

ჩვენ ამ შეხვედრებს უახლოეს 10 დღეში დავიწყებთ.

ჩვენ მიგვაჩნია რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, სახელმწიფო მოღვაწეებმა საზოგადოებასთან ერთად, გაერთიანებული ძალებით ვიფიქროთ:

მოძრაობაზე – ,,საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე”
• მოძრაობაზე – ,,თავისუფალი პროფკავშირებისათვის”
• მოძრაობაზე – ,,სტუდენტობა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის”
• მოძრაობაზე – ,,რეალური დემოკრატიისათვის”
მოძრაობაზე – ,,ძლიერი ეკნომიკისათვის – კონკურენტული გარემოსათვის”
• მოძრაობაზე- ,,საქართველოს რეგიონები ძლიერი სახელმწიფოსათვის”
• მოძრაობაზე – ,,ტერიტორიული მთლიანობისათვის – ერთიანი საქართველოსათვის”
• მოძრაობაზე – ,,პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ”
• მოძრაობაზე – ,,სიცოცხლისა არსებობისათვის”
• მოძრაობაზე – ,,სიტყვის თავისუფლებისათვის”

ჩვენი მიზანია : მოიძებნოს ქვეყნის განვითარების ახალი გზა, რომელიც საქართველოს გამოიყვანს უძლიერესი კრზისიდან და მოიშორებს განვითარებადი ქვეყნის დამამცირებელ და დამღუპველ სტატუსს.

28 მაისი, 2009 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *