სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

saxalxo_krebaaa-225x1502011 წლის 26 მაისს საქართველოს ავტორიტარულმა რეჟიმმა კიდვ ერთი ნაბიჯი გადადგა აბსოლუტური დიქტატურისკენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთა მოთხოვნას ქვეყანაში შერჩევითი სამართლის აღკვეთა, ხალხის კონსტიტუციური უფლებების აღდგენა, ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა და ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება წარმოადგენდა, ხელისუფლებამ ჩაატარა სადამსჯელო ოპერაცია. მიტინგის მონაწილეებს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს, გასაქცევი გზა არ დაუტოვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

ხელისუფლების მხრიდან სისასტიკე და გადამეტებული ძალის გამოყენება აღნიშნულია ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დასკვნებში.

რეჟიმის სადამსჯელო ოპერაციას დღეისათვის 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასობით ადამიანი დაზიანდა. პარალელურად ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით რეპრსიების ახალი ტალღა დაიწყო: უკანონოდ და შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე ასეულობით ადამიანი დააკავა. ამ ადამიანების მიმართ ფიზიკური და მორალური ძალადობა გაგრძელდა დაკავების შემდეგაც რაც ასევე აღნიშნულია უფლებათადამცველი ორგანიზაციების დასკვნებში.

დღევანდელი ავტორიტარული ხელისუფლების რეალური და არა ფასადური პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაშია თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან და ის ნეობოლშევიზმის მკვეთრ გამოვლინებას წარმოადგენს.

სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური, ფიზიკური, ფინანსური, მატერიალური და მორალური ტერორი, პოლიტიკური პოლიცია, ბიზნესის რეკეტი; ქვეყანაში არიან ასეულობით პოლიტიკური, უკანონო და სინდისის პატიმრები; კონტროლირებადი მედიის საშუალებით ტყუილი და სიყალბე სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, რაც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებასა და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებსა და დასკვნებში დაფიქსირდა. სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება.

ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია, გათელილია მოქალაქის ყველა კონსტიტუციური უფლება; დაკარგულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და რეალურად არსებობს საფრთხე ქვეყანა კვლავ იქნეს ჩართული პროვოკაციაში, რითაც საფრთხე შეექმნება არა მარტო საქართველოს, არამედ, რეგიონალურ სტაბილურობას. უმუშევრობა, სიღარიბე, შიმშილი საქართველოს ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა; , მუდმივად მზარდი ფასები და გადასახადები; ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ოჯახის გამოსაკვებად იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა; ჩვენი პენსიონერები და ვეტერანები ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაწირა; სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის გამო გაიზარდა დევნილთა რაოდენობა, მათ და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის მიმართ რეჟიმის დამოკიდებულება ცინიკური და არადამიანურია. ამ რეალობის ფონზე სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება; ყვავის ელიტარული კორუფცია, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის დასკვნაშიც აისახა.

26 მაისსის სისხლიანი ანგარიშგასწორების ძირითად მიზანს ქვეყანაში საპროტესტო მუხტის საბოლოო ჩაკვლა, საქართველოს მოსახლეობის დასჯა და ქვეყანაში ტოტალური ტერორისა და შიშის დათესვა წარმოადგენდა. სწორედ ამით არის განპირობებული სახალხო კრების მხარდამჭერების მასობრივი დაჭერა, ფიზიკური ანგარიშსწორება, მათი ოჯახების და ახლობლების ფსიქოლოგიური ტერორი.

მიუხედავად ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე არაერთგზის გაკეთებული დაპირებებისა, სააკაშვილის ხელისუფლებამ დემოკრატიის განითარების მიმართულებით არათუ წინ გადადგა ნაბიჯები, არამედ პირიქით, ქვეყანაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. შედეგად 26 მაისს საბოლოოდ დასამარდა მითი საქართველოში რაიმე სახის დემოკრატიის არსებობაზე. საერთშორისო თანამეგობრობამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჭეშმარიტი და მდგრადი სტაბილურობა შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გარეშე.

მხოლოდ საერთაშორისო რეაქციის დამსახურებით საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნა 1 თვის შემდეგ ოფიციალურად განეცხადებინა, რომ იწყებს 26 მაისს ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებას. სამწუხაროდ 2007, 2009, 2010 წლების გამოცდილებით დარწმუნებული ვართ როგორც გასულ წლებში, ხელისუფლების თუ მისი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაული გამოძიებული არ იქნება.

სწორედ ამიტომ მოგმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეიქნას მაისის მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო კომისია, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს და საქართველოს ხელისუფლებას არ მისცემს დანაშაულებათა დამალვის საშუალებას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *