სახალხო კრების გადაწყვეტილება

 

saxalxo_krebaaa-225x150თანამემამულენო,

თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი პრობლემის პირისპირ ვდგავართ:

• უმუშევრობა,
• სიღარიბე,
• შიმშილი,
• მუდმივად მზარდი ფასები და გადასახადები;
• ჩვენ შესაძლებლობა არ გავქვს საკუთარ შვილებს მივცეთ სრულყოფილი განათლება და შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები;
• შრომისუნარიან, გამოცდილ თაობას ხელისუფლებამ ღირსება შეულახა;
• ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ოჯახის გამოსაკვებად იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა;
• ჩვენი პენსიონერები და ვეტერანები ხელისუფლებამ საშიმშილოდ გაწირა;
• ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური ცხოვრება ლუკმა-პურისთვის ბრძოლად იქცა;
ამ რეალობის ფონზე სააკაშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება; ყვავის ელიტარული კორუფცია; ხალხის ხარჯზე ზღვარგადასული ფუფუნება და გართობა სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის ცხოვრების წესად იქცა.
სააკაშვილის და მისი დამნაშავე ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა:
• ხელიდან გვეცლება მამული,
• ილახება ქართული ენა;
• ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია,
• გათელილია მოქალაქის ყველა კონსტიტუციური უფლება;
• ქვეყანაში დამკვიდრებულია შერჩევითი სამართალი;
• რეჟიმი მფარველობს მკვლელებს, ამავდროულად პირობით მსჯავრს იყენებს პოლიტიკურ იარაღად;

დღევანდელი უგუნური და უპასუხისმგებლო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის სახელმწიფოებრიობას.

დაკარგულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და რეალურად არსებობს საფრთხე ისევ დაიკარგოს ქართული მიწა-წყალი;

რაც დრო გადის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივას, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, და აძლიერებს დაპირისპირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიის რეგიონში.

• გაიზარდა დევნილთა რაოდენობა, მათ მიმართ რეჟიმის დამოკიდებულება ცინიკური და არადამიანურია;
• განადგურებულია ეკონომიკა,
• ქვეყანა და ხალხი იხრჩობა ვალებში;
• მოშლილია განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემები,
• გაჩანაგებულია სოფელი და სოფლის მეურნეობა,
• განიავებულია სახელმწიფო ქონება,
• რეჟიმის შესანარჩუნებლად იყიდება ყველაფერი, იყიდება ჩვენი მიწა-წყალი;

სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმმა ქვეყანაში დაამკვიდრა პოლიტიკური, ფიზიკური, ფინანსური, მატერიალური და მორალური ტერორი, ბიზნესის რეკეტი; ქვეყანაში არიან პოლიტიკური, უკანონო და სინდისის პატიმრები; კონტროლირებადი მედიის საშუალებით ტყუილი და სიყალბე სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნა აყვანილი.
სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს, შვილიშვილებს ღირსეული მომავლის პერსპექტივა დაუკარგა.

ბოლო პერიოდში არაერთგზის ნათლად გამოჩნდა – მსოფლიო თანამეგობრობა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილმა ყალბი და ფასადური დემოკრატია შექმნა.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება, მაგრამ კაცობრიობის ისტორია და მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აშკარად ადასტურებს, რომ ავტოკრატი და დიქტატორი ხელისუფალნი დემოკრატიულ არჩევნებს არ ატარებენ და თავისი ნებით არ მიდიან.
სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება. ამიტომ, ხალხს დარჩა ერთადერთი გზა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მე-5 მუხლით გარანტირენული და მინიჭებული უფლება – თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების გამოყენებით.

მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

საქართველოს ხალხმა, როგორც თავისუფალმა და თავმოყვარე ერმა, რომელსაც ღრმად სწამს, რომ თვითონ არის და უნდა იყოს თავისი ბედის ბატონ-პატრონი და შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილს და მის დამნაშავე რეჟიმს საქვეყნოდ გამოუცხადა უნდობლობის ვერდიქტი.

დღეს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო ვაცხადებთ, სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟისათვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია.

მთელი საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი; მზადყოფნაშია ახალგაზრდული მოძრაობისა და შეფიცულთა ათასობით წევრი; მზადყოფნაშია „სახალხო კრების“ ათეულობით ათასი აქტივისტი და მხარდამჭერი;

„სახალხო კრება“ მოგმართავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

ვაცხადებთ საბოლოო ბრძოლას სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმისაგან ქვეყნის განთავისუფლების მიზნით!

• ბრძოლას სამშობლოსთვის!
• ბრძოლას დემოკრატიისთვის!
• ბრძოლას სიდუხჭირის დასაძლევად!
• ბრძოლას ღირსეული მომავლისთვის!

ვიწყებთ საერთო სახალხო გამოსვლებს, რომლის დროსაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებების აღსადგენად მივმართავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმას და მეთოდს.

აღმასრულებელი საბჭო ადგენს:

2011 წლის 21 მაისს:
თბილისის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება ფილარმონიის წინ

აღმოსავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება თბილისში ავლაბრის მოედანზე.
დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება თბილისში ვარდების მოედანზე.
თავშეყრის სამივე ადგილიდან გაიმართოს კოლონათა მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

2011 წლის 21 მაისს,15 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც რეალურად მზად არის იბრძოლოს სააკაშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.

პარალელურ რეჟიმში :
აჭარისა და გურიის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულმა კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება და აქციის გამართვა ბათუმში ერას მოედანზე.

სამტრედიის, ხაშურის, ხარაგაულის და ზესტაფონის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულმა კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება ადგილებზე.
შეფიცულთა ჯგუფებმა უზრუნველყონ კოლონების გადაადგილებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება.

სახალხო კრების შტაბმა უზრუნველყოს 2 მაისიდან 21 მაისამდე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ის პოლიტიკური ძალები, ვისაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რეალურად უნდათ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარ ხალხთან დადგებიან.

„სახალხო კრება“ არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას.
თითოეული ჩვენგანის აქტიურობა აიძულებს ხელისუფლებას სწრაფად და მშვიდობიანად დაემორჩილოს ხალხის ნებას.

საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება!
სააკაშვილი გადადგება და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების უფლებას და ჩვენ ერთად გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს!

ჩვენ სახლებში მხოლოდ გამარჯვებულები დავბრუნდებით!
ჩვენ დავიბრუნებთ ღირსებას და ვიცხოვრებთ უკეთესად!
ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას და დავამყარებთ წესრიგს ქვეყანაში!
ძალა ხალხშია!

თბილისი, 2011 წლის 2 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *