წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზის გადაწყვეტილება

saxalxo_krebaaa-225x150 ჩვენი ქვეყნის დღევანდელმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით უარყო და დაარღვია ყველა ის ფუნდამენტური ფასეულობები, რაც ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანას გამთლიანების უახლოესი პერსპექტივა დაუკარგა, გააღრმავა ბზარი ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს ხალხთან.

ქვეყანაში უგულვებელყოფილია კანონი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ხელისუფლება არაფრად აგდებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას.

არსებული რეჟიმი ავტორიტარული და ძალადობრივი ქმედებებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვირტუალურ რეალობაში და ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში ამყოფებს. სააკაშვილს უზურპირებული აქვს ხელისუფლება და საქართველო ტყვეობაში ჰყავს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო ფაქტობრივად გააუქმა, პარლამენტი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და მის რეჟიმს ემსახურება. ხელისუფლებას ქვეყანა ავტორიტარიზმის გზით სრული დიქტატურისკენ მიჰყავს, რაც არა მარტო ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ფასეულობებს უქმნის საფრთხეს, არამედ რეალური, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის წყაროა.

იმ ძალადობისა და განუკითხაობის მიმართ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, შემრიგებლური პოზიცია დაუშვებელია და ქვეყნისთვის დამღუპველი, გამოუსწორებელი შედეგების მომტანი.

ვაცნობიერებთ, რა, რომ ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვა, ერთმანეთის ღირსებაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა, მამულის აღორძინებისა და გაძლიერებისთვის ბრძოლაა, წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის სახელით ვაცხადებთ:

ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებით, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების წყაროა ხალხი და ვეყრდნობით საქრთველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ხალხის ძალაუფლების განხორციელების უშუალო დემოკრატიის პრინციპს.

1. არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფალი, რომელსაც დიქტატორის ყველა თვისება ახასიათებს, რომელის წყალობითაც ქვეყანას დღეს ტერიტორიის 20% აქვს დაკარგული, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ერის მმართველი! შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე დაისვას საკითხი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ.
2. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ სახელისუფლებო ორგანოს, არ ასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობებს.

3. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ.

4.დაევალოს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კრების გასამართად აუცილებელი საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება.

5. შექმნილ სამუშაო ჯგუფებს დაევალოთ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება, მათი ინფორმირება, თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა მობილიზება და მათი ჩართვის უზრუნველყოფა კრების მუშაობის პროცესში.

6. მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო დაპატიმრებულებს, ყველა უკანონო პატიმარს.

7.ხელისუფლებას, რომელმაც თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლება წაართვა საკუთარ მოსახლეობას არ აქვს უფლება 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე იზეიმოს და აღლუმი ჩაატაროს. ეს დღე, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა ავღნიშნოთ, ეს ჩვენი უფლებაა!

8.წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზი მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩაერთონ კრების ორგანიზებაში და მიიღონ მონაწილეობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში!

ჩვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ არ შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარულ მმართველობას.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ საქართველო სუვერენული, ერთიანი, დემოკრატიული, ღირსეული, სტაბილური ქვეყანა იყოს. ჩვენ ვიქნებით მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და საიმედო პარტნიორი.

2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *