“სახალხო წარმომადგენლობითი კრების” რეზოლუცია

183719_1481689777149_1680987560_907160_6061931_n“სახალხო წარმომადგენლობითი კრება”, როგორც საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი ლეგიტიმური ორგანო, წარმოადგენს ქართველი ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმურ ფორმას.

მის აქტუალიზაციას განაპირობებს ქვეყნის ხელისუფლების არადემოკრატიული, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკა.
2010 წლის 25 ნოემბერს, “სახალხო წარმომადგენლობითი კრება” – წარმოდგენილი 13 926 დელეგატით და 850 000 მეტი მხარდამჭერით – გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა “სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე” მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეგუება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს.

სახალხო კრება მზად არის რეჟიმის შესაცვლელად იბრძოლოს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმით.
ჩვენი ქმედებების მიზანია:

• საქართველო გახდეს დემოკრატიული ქვეყანა;
• ახალი კონსტიტუციის მიღება, საზოგადოებრივი კონსენსუსისა და საერთო სახალხო განხილვის გზით;
• საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით; აფხაზ და ოს ხალხთა ნდობის დაბრუნება პირდაპირი დიალოგით;
• ქვეყნის მართვა ხელისუფლების რეალური დანაწევრებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით;
• ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, კომპეტენტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი, ქმედითი სასამართლო, რომლის საშუალებითაც გადაიხედება ყველა უკანონოდ გამოტანილი განაჩენი, გამოძიებულ იქნება არსებული რეჟიმის მიერ დახოცილ უდანაშაულო პირთა საქმეები, აღდგება დაზარალებულთა უკანონოდ შელახული უფლებები, გათავისუფლდება ყველა უკანონო (მათ შორის, პოლიტკური) პატიმარი;
• თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული საარჩევნო გარემო;
• მედიასივრცის სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა;
• ქართული ჯარისა და პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
• რეალურად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნა, ბიზნესისა და კერძო საკუთრების დაცვა;
• სოციალური სამართლიანობა; უფლება საარსებო მინიმუმზე და სოციალური დაცვის გარანტიების შექმნა;
• თანამდებობებზე დანიშვნა კომპეტენციის საფუძველზე და არა პირადი ერთგულების ან პარტიული კუთვნილების ნიშნით;
• მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე;
• დაბალანსებული, გაწონასწორებული პოლიტიკა სამეზობლო, რეგიონალური პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით;
• სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების უზრუნველყოფა;
• ქართული ენის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაცვა.

ვინაიდან, ყოველივე ზემოაღნიშნული შეუძლებელია სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, სახალხო კრებამ უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა სააკაშვილს და მის მთავრობას, ნდობის მანდატი გადასცა არჩეულ სტრუქტურებს, რათა მოხდეს კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება. კრების გადაწყვეტილება უნდა გაიგონოს და გაითვალისწინოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ! განსაკუთრებით იმათ, ვისაც აკმაყოფილებს საქართველოში არსებული ყალბი დემოკრატიის სავალალო სტანდარტები.

კრება უფლებამოსილია მოუწოდოს და გაუძღვეს მოსახლეობას ხელისუფლების უკანონო ქმედებების მიმართ შეურიგებლობისა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის მწვავე საპროტესტო პროცესებისკენ, რათა სამართლებრივი გზით შეიცვალოს არსებული ხელისუფლება.
ხმა ღვთისა და ხმა ერისა!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *