“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

Baneri kreba2011 წლის 26 მაისმა და „სახალხო კრების“ ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეიძლება გააჩუმო მრავალი, მაგრამ ვერ გააჩუმებ ყველას. შეიძლება დააშინო საზოგადოების ნაწილი, მაგრამ სრულიად საზოგადოებას ვერ დააშინებ. შეიძლება უიმედობა ჩაუნერგო მრავალს, მაგრამ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც დადგებიან ერთმანეთის გვერდით, დაიცავენ ღირსებას, სიმართლეს, ქვეყნის ინტერესებს და თავგანწირვით შეგვახსენებენ, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და ჩვენ გავიმარჯვებთ უსამართლობასთან შერკინებაში.

2012 წელს ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სახელდობრ, გადაწყდება – დარჩება არსებული რეჟიმი, მოხდება მისი ჩანაცვლება, თუ გაიმარჯვებს საღი აზრი და ეროვნული თვითშეგნება.

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ხელისუფლების სისტემა, რომელიც ისაკუთრებს ძალაუფლებას და თავის ნებაზე წარმართავს ქართველი ხალხის ბედს. მხოლოდ კონკურენცია, შეჯიბრება და ხელისუფლების კონტროლი არის ქვეყნის მართებული განვითარების საწინდარი.

ჩვენი სამშობლოსათვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე „სახალხო კრება“ მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ არსებულ უმძიმეს საარჩევნო გარემოში, რეალურმა ოპოზიციამ შეძლოს არჩევნებში მონაწილეთა მაქსიმალური მხარდაჭერა და მიღებული ხმების დაცვა.

„სახალხო კრება“ ითავებს საზოგადოებრივი დამკვირვებლის ფუნქციას და იბრძოლებს იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას აღიკვეთოს გაყალბების ყოველი მცდელობა, რადგან არსებულ რეჟიმს ყველაზე მეტად ხალხის ერთობისა და ძალის ეშინია, ჩვენი ყველა ქმედება მიმართული იყო, არის და იქნება რეალურად ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისკენ.

ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ოპოზიციურ ძალთა ერთიან ფრონტად ჩამოყალიბება და უპრიანია რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარმოდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა, „სახალხო კრება“ მოუწოდებს კრებაში შემავალ ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს დაიწყონ კონსულტაციები წინასაარჩევნო პოლიტიკური ერთობის შესაქმნელად.

იმავდროულად, ყველა რეალურ ოპოზიციურ ძალას მოვუწოდებთ შევთანხმდეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომელზედაც უნდა აიგოს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შეიქმნას მუდმივმომქმედი საკოორდინაციო საბჭო, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება:

-საერთო ძალისხმევით ოპოზიციონერი აქტივისტების დევნის, შევიწროვებისა და დატერორების პრევენცია;

-პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად პოლიტიკური პატიმრების პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა;

-მჭიდრო კოორდინაცია საერთაშორისო მისიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან;

-უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებისა და აქტივობების შეჯერება;

-გამოირიცხოს რეალური ოპოზიციური ძალების ურთიერთდაპირისპირება, გამოცხადდეს მორატორიუმი, რათა ყველა ოპოზიციურ ძალთა სამიზნედ იქცეს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმი.

ეს არის ოპოზიციური ძალების გამარჯვების საწინდარი და აუცილებელი პირობა, რათა სხვადასხვა ოპოზიციური ფლანგის ძალისხმევა ეფექტურად იქნას გამოყენებული საპარლამენტო არჩევნებში დამნაშავე და ანტიეროვნული რეჟიმის დასამარცხებლად და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გასამარჯვებლად.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *