სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება (04.05.12)

Baneri kreba

„სახალხო კრების“ აღმასრულებელ საბჭოს არაერთხელ განუცხადებია, ნებისმიერი ბრალდება „სახალხო კრების“ რომელიმე წევრის მიმართ ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც ბრალდება საერთოდ „სახალხო კრებაზე“, თითოეულ ჩვენგანზე.

ჩვენთვის, ბიძინა ივანიშვილის წინა განცხადებების ფონზე, მით უფრო საზოგადოებისათვის ცნობილი შეხვედრის იმ რეალური შედეგიდან გამომდინარე, რომელიც შედგა „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის, მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც წავიკითხეთ 2012 წლის 1-2 მაისის გაზეთ „ალიაში“, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს ეჭვს ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებასთან გარიგების თაობაზე.

„სახალხო კრების“ წევრებმა დაარსების დღიდან ერთად გადავიტანეთ უპრეცედენტო ტერორი, რეპრესიები, ღალატი, ცილისწამება და ამ ყველაფერმა ერთმანეთისადმი ნდობა კიდევ უფრო გაგვიმყარა. გაზეთში დაბეჭდილი ბრალდება უმძიმესია როგორც პოლიტიკური, ისე მორალური თვალსაზრისით და ჩვენს მიერ აღიქმება როგორც განხეთქილების შეტანის მცდელობა ერთიან გუნდში, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენთვის და საზოგადოებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს ნამდვილად იქნა თუ არა გამოთქმული აღნიშნული ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. საზოგადოების ინტერესშია, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი უმოკლეს ვადებში იქნეს გაცემული, ვინაიდან ამ ტიპის განცხადებები ბუნებრივად აღიქმება როგორც დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში. ბიძინა ივანიშვილის ფიგურიდან გამომდინარე კი, საზოგადოება ინფორმაციას მის ზუსტ პოზიციასთან დაკავშირებით სწორედ მისგან – ბიძინა ივანიშვილისაგან მოელის.
ჩვენ არა ერთხელ გავჩუმდით, როდესაც „ქართული ოცნების“ ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციური ერთობის ან თუნდაც მინიმალური სოლიდარობისათვის ხელისშემშლელი განცხადებები კეთდებოდა. გავჩუმდით მაშინაც კი, როდესაც მორალს გვიკითხავდნენ ის ძალები, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შორიდან ყურება და საუკეთესო შემთხვევაში დუმილი არჩიეს. გავჩუმდით არა იმიტომ, რომ საპასუხო არგუმენტები არ გვქონდა, არამედ იმიტომ რომ მიგვაჩნია – ოპოზიცია უნდა ებრძოდეს არსებულ რეჟიმს და არა ერთმანეთს!

მიუხედავად ყველაფრისა, „სახალხო კრებას“ არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია რეალური ბრძოლა არსებული რეჟიმის შეცვლისა და სამშობლოს გადასარჩენად და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ.

თბილისი

2012 წელი 4 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *