“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს განცხადება (27.04.2012)

Baneri kreba

2012 წლის 26 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაკეთებული განცხადებით იმის შესახებ, რომ „ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიციისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის არც ერთი ფაქტი“ მისდაუნებურად დაადასტურა, რომ 26 მაისის აქცია იყო მშვიდობიანი და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, რომ „სახალხო კრების“ მომხრეებსა და აქციის სხვა მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მით უმეტეს არანაირი წინააღმდეგობა პოლიციისათვის არ გაუწევიათ.

მაშინ რითი შეიძლება აიხსნას ის სისასტიკე, რომელიც 26 მაისს სპეცდანიშნულების რაზმებმა და ზონდერ-ბრიგადებმა გამოიჩინეს სადამსჯელო სპეცოპერაციის მოწყობისას?

არ იყვნენ, მაშინ ვინ იყვნენ 26 მაისის ღამეს სპეცფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც გადამეტებული ენთუზიაზმით ასრულებდნენ დანაშაულებრივ ბრძანებას აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯისა და წამების შესახებ?

პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ბოლო ოთხი წლის მანძილზე დააპატიმრებულია ასეულობით ადამიანი, „სახალხო კრებას“ ჰყავს 42 პოლიტპატიმარი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოგონილი ბრალდებით, სწორედ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით იხდიან სასჯელს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინდელ გამოსვლაში გააკეთა კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ პოლიციელის ქმედების გამო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ გარდაცვლილა არც ერთი მოქალაქე. 26 მაისის ღამის დანაშაულებრივად დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. საზოგადოებას ნანახი აქვს ვიდეომასალა და თვითმხილველის პრესკონფერენციაც იმის შესახებ, თუ როგორ კლავენ სპეცრაზმელები ცემით „სახალხო კრების“ წევრს ბატონ ნოდარ ცხადაძეს, არავის გაუქარწყლებია ეჭვი, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სწორედ დარბევის დროს ცემით არიან გარდაცვლილები და შემდეგ დატოვებული სახურავზე.

თუ ბატონი მერაბიშვილი ამ ადამიანებს სათვალავში არ იღებს ისევე როგორც ბატონი თორდია, რომლისთვისაც 26 მაისის ღამეს მხოლოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რაც „სახალხო კრებას“ არაერთხელ განუცხადებია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისათვის მხოლოდ იმ ადამიანების სიცოცხლეა ღირებული ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრეა.

თუმცა ხელისუფლების უმაღლესი პირებისათვის ვეჭვობთ რაიმე ღირებულება ჰქონდეს მათი მომხრეების სიცოცხლესაც კი, ვინაიდან არსებობს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული საექსპერტო ბიუროს დასკვნა, რომელიც 26 მაისის ღამით ე.წ. ექსკორტის გასვლისას ადამიანთან შეჯახებას გამორიცხავს. შესაბამისად, წესით შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა გახდა იმ პოლიციელის გარდაცვალების რეალური მიზეზი, რომლის სიკვდილსაც უსაფუძვლოდ აბრალებდნენ ე.წ. „ბურჯანაძის ექსკორტს“.

2012 წლის 27 აპრილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *