“სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს განცხადება (02.03.2012)

Baneri kreba

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო ტერორის და რეპრესიებისა და ოპოზიციური ძალების უმეტესობის მხრიდან ხელისუფლებასთან უნისონში დაუსრულებელი ცილისწამებებისა, „სახალხო კრება“ კვლავ რჩება ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმთან შეურიგებელ ძალად, რომელიც ბოლომდე იბრძვის და იბრძოლებს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის.

„სახალხო კრება“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენ ვართ საზოგაროებრივ-პოლიტიკური, დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული ეროვნული მსოფლმხედველობის მატარებელი ძალა. ჩვენ, ჩვენი პოზიციითა და ყველა ქმედებით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის უზენაესი ჩვენი სამშობლოს ინტერესებია. ჩვენ არა თუ ხელი არ შეგვიშლია არც ერთი პროცესისათვის, რომელიც სიტყვით ან, მით უფრო, საქმით რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ მეტიც, ყოველთვის ვცდილობდით ხელი შეგვეწყო ამ პროცესებისათვის, იმისდა მიუხედავად თუ როგორი იყო „სახალხო კრებისადმი“ დამოკიდებულება ამა თუ იმ ძალის მხრიდან. ჩვენი პოზიცია დღესაც ურყევია: ჩვენ ვითანამშრომლებთ და ხელს შევუწყობთ ნებისმიერ იმ ძალას, რომელიც რეალურად შეებრძოლება რეჟიმს და იბრძოლებს იმისათვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული, სტაბილური და ეროვნული ინტერესების შესატყვის განვითარების გზას დაადგეს. ამ ფონზე მით უფრო მიუღებელია იმ უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი რომელიც მოდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით ქალბატონი ნინო ბურჯანაძის და შესაბამისად „სახალხო კრების“ მიმართ. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს უსაფუძვლო კრიტიკა, ჩვენს მიერ იგი აღიქმება, როგორც დარტყმა მთლიანად „სახალხო კრებაზე“, მის მიერ დეკლარირებულ მიზნებსა და პრინციპებზე.

„სახალხო კრება“ დღესაც, ისევე როგორც დაარსების პირველი დღიდან თვლის, რომ არსებულ რეალობაში ხალხის გამარჯვების ერთადერთი რეალური გზა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნაა. ფრონტისა, რომელიც თავისი ძალისხმევით უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისათვის საჭირო წინაპირობების შექმნას და რეალურად კონკურენტულ გარემოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

არავის აქვს უფლება, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, ჭეშმარიტების მონოპოლიზებისა.“სახალხო კრება“ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებმაც 26 მაისს მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან ღირსების შელახვას, სამშობლოს დანაწევრებას და ქვეყნის დიქტატურისაკენ სვლას, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა განთავისუფლდეს და ის რეალობა ჩამოყალიბდეს, რომელიც მომავალში ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმისა და ხელისუფლების მონოპოლიზმის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებას და დამკვიდრებას გამორიცხავს.

„სახალხო კრება“ იბრძოლებს და აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ თავისუფალი არჩევნების გზით ისეთი ხელისუფლება იქნას არჩეული, რომელიც გაატარებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მოემსახურება საკუთარ ხალხს და არა საკუთარ ინტერესებს.

თბილისი
1 მარტი, 2012 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *