დაფუძნდა სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერი დარბაზი

Baneri krebaსასტუმრო ”რედისონში” სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერი დარბაზი დაფუძნდა.

მხარდამჭერ დარბაზში შედიან როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გოგი ქავთრაძე, დათო მაღრაძე, ”უცნობი”, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი და სხვები. შეხვედრაზე წაიკითხეს ჭაბუა ამირეჯიბის წერილიც.

”ქართველმა ერმა თვითონ უნდა გამონახოს გადარჩენის გზები. უნდა გავერთიანდეთ, ყველამ ერთი მიზანი უნდა დავისახოთ, ვისაც ქართველი ერი და ნაკუწებად ქცეული საქართველო უყვარს. ჭკუით, ქართველებო!”, – ნათქვამია ჭაბუა ამირეჯიბის წერილში, რომელიც სახალხო წარმომადგენლობითი კრების დაფუძნების იდეის ავტორია.

სახალხო წარმომადგენლობითი კრების მხარდამჭერმა დარბაზმა კრების სამოქმედო გეგმას ერთხმად დაუჭირა მხარი.

”ჩვენი ქვეყნის დღევანდელმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, უარყო და დაარღვია ყველა ის ფუნდამენტური ფასეულობა, რაც ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანას გამთლიანების უახლოესი პერსპექტივა დაუკარგა, გააღრმავა ბზარი ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს ხალხებთან. ხელისუფლება აღარაფრად აგდებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას. საქართველოს პრეზიდენტმა ქყვენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, ფაქტობრივად, გააუქმა. პარლამენტი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და მის რეჟიმს ემსახურება~ – ნათქვამია კრების განცხადებაში.

წარმომადგენლობითი სახალხო კრების სამოქმედო გეგმა 7 შვიდი პუნქტისგან შედგება:

1. არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ხელისუფალი, რომელსაც დიქტატორის ყველა თვისება ახასიათებს, რომლის წყალობითაც ქვეყანას დღეს ტერიტორიების 20% აქვს დაკარგული, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ერის მმართველი. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე დაისვას საკითხი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ.

2. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველ სახელისუფლებო ორგანოს, არ ასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე უნდა დაისვას საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში ჩატარების შესახებ.

3. დაევალოს წარმომადგენლობით სახალხო კრების საორგანიზაციო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კრების გასამართად აუცილებელი საორგანიზაციო საქმიანობა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება.

4. შექმნილ სამუშაო ჯგუფებს დაევალოს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება, მათი ინფორმირება, თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა მობილიზება, მათი ჩართვის უზრუნველყოფა კრების მუშაობის პროცესში;

5. მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო დაპატიმრებულ პირებს, ყველა უკანონო პატიმარს.

6. ხელისუფლებას, რომელმაც თავისუფლების, დამოუკიდებლობის უფლება წაართვა საკუთარ მოსახლეობას, არა აქვს უფლება, 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობა იზეიმოს და აღლუმი ჩაატაროს. ეს დღე ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა აღვნიშნოთ, ეს ჩვენი უფლებაა.

7. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა დარბაზი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ჩაერთონ კრების ორგანიზებაში და მიიღონ მონაწილეობა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *