სახალხო კრების“ დარბაზის გადაწყვეტილება

183719_1481689777149_1680987560_907160_6061931_n2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გზით ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი თანამოქალაქეების უპრეცენდენტო აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც „სახალხო კრება“ დაარსების დღიდან ამბობდა – ძალა ხალხშია!
საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით დაიწყო მოძალადე რეჟიმის დემონტაჟის პროცესი და გაჩნდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენის, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის რეალური პერსპექტივა.

“სახალხო კრება” კიდევ ერთხელ აღნიშნავს,რომ წინასაარჩევნო გარემო იყო უკიდურესად მძიმე და არადემოკრატიული, არჩევნები მიმდინარეობდა სერიოზული გაყალბებითა და ძალადობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებდა გამარჯვების გასაფორმებლად. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებულმა დანაშაულებრივმა პოლიტიკამ და წლების განმავლობაში ამ პოლიტიკის წინააღმდეგ უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა, მისი და მისი მხარდამჭერების ძალისხმევამ, სწორად გათვლილმა სტრატეგიამ, ხალხის ერთსულოვნებამ და ერთად დგომამ მაინც უზრუნველყო მშვიდობიანი გამარჯვება.
2012 წლის 1 ოქტომბერი არის დაგვირგვინება იმ მრავალწლიანი ბრძოლისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის შუპოვარი ნაწილი აწარმოებდა სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის შეურიგებელი ბრძოლის პროცესში საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა 2011 წლის 26 მაისს, რომელმაც ერთის მხრივ დაანახა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო არ შეეგუება ქვეყანაში ნეობოლშევიზმს და მეორეს მხრივ პოლიტიკურად წელში გატეხა ქვეყანაში გამეფებული „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატურა.
დაარსების პირველი დღიდან მოყოლებული ყოველთვის “სახალხო კრება“ სიტყვითაც და საქმითაც თანმიმდევრულად აქტიურად იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის არჩევნების პროცესშიც – ჩვენი რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად.
„სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურისტების, ადვოკატებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან უმოკლეს ვადაში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პოლიტიკური და უკანონო პატიმრებისა და დევნილების საკითხის ეფექტურად გადასაწყვეტად, რათა უდანაშაულო ადამიანები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
„სახალხო კრება“ მიმართავს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში შეიქმნას 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
„სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას. უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური რევანში და ანგარიშსწორება, თუმც აუცილებლად უნდა დადგეს ყველა იმ პირის სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ქვეყანაში უნდა დასრულდეს დაუსჯელობის სინდრომის არსებობა და დადგეს კანონის უზენაესობის ერა.
„სახალხო კრება“ თხოვნით მიმართავს „სახალხო კრების“ დარბაზის წევრებს , მხარდამჭერებს, ექსპერტებს, ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინონ მოსაზრებები „სახალხო კრების“ სამომავლო მოქმედების შესახებ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და განვითარების პროცესს.
„სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გატარებული ძალადობრივი და ანტიეროვნული პოლიტიკის გამო დადგეს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო მის უმაღლეს პირებს აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა მინიმუმ 10 წლის მანძილზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *