ფუძნდება ქართულ-ოსური მეგობრობის მისია

ადამიანთა შორის ურთიერთობა ყველა პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს

გუშინ „თეთრების“ ოფისში შედგა იმ ჯგუფის წევრთა შეხვედრა, ვინც 25-26 მაისს მონაწილეობდა ქართულ-ოსური მეგობრობის მისიის შემადგენლობაში და იმყოფებოდა ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.

მსახიობებმა ლილი ხურითმა და დიმა ჯაიანმა, პოეტმა ნათია ავსაჯანიშვილმა, ჩოხოსანმა ფერდინანდ ლორთქიფანიძემ,პედაგოგმა ინესა იამანიძემ, ჟურნალისტმა ნარგიზა ლომთაძემ, საქართველოს კაზაკთა ატამანმა  ვასილ კადენეცმა, საქართველოში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამჟამად გერმანიაში მცხოვრებმა შალვა წიკლაურმა, პოლიტიკოსმა თეიმურაზ შაშიაშვილმა – ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ქართველთა და ოსთა შეხვედრებზე, მოგზაურობაზე საერთოდ.

ყველამ გამოკვეთილად აღნიშნა, რომ ეს მოგზაურობა და შეხვედრების სითბო მისი ბიოგრაფიის ერთი ნათელი მოვლენა იყო. გულახდილ საუბარში ითქვა, რომ ბოლო პერიოდში ქართველთა და ოსთა ურთიერთობამ დაკარგა ადამიანური სახე და ეს პოლიტიკის და უგუნურ პოლიტიკოსთა შედეგია. მთავარია, ითქვა შეხვედრაზე, ჩვენს ურთიერთობებს დავუბრუნოთ ტრადიციული სითბო, წინაპართა კეთილი განწყობა, ანუ ადამიანური სახე. ითქვა იმის თაობაზე, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა ყველა პოლიტიკაზე მაღლა უნდა დადგეს და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ განწყობას ამკვიდრებენ. ამ კონტექსტში შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოხატა მადლიერება საქართველოს ხალხების ასამბლეის პრეზიდენტის ბატონი გოჩა ძასოხოვის მიმართ. ითქვა ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები და საქართველოზე შეყვარებული ყველა ადამიანის სირცხვილია, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ იმ ხალხს ებრძვის, ვინც კეთილ საქმეებს აკეთებს. სირცხვილია, რომ ბატონები გოჩა ძასოხოვი, ლერი ხაბელოვი, და ბევრი სხვა შერისხულია ამ ხელისუფლების მიერ და ჩვენ ამას წყნარად ვუყურებთ.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ 11 ათასზე მეტ ქართველს ოსებისაგან, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მხოლოდ კეთილ განწყობაზე შეუძლიათ საუბარი. ამის დასტური ქართული სკოლაა. ვლადიკავკაზის ცენტრში, კოსტა ხეთაგუროვის უნივერსიტეტის გვერდით, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, ბრწყინვალე შენობაში განთავსებულია აკაკი წერეთლის სახელობის ქართული სკოლა, რომელშიც ნაცვლად 600, მხოლოდ 70 ბავშვი სწავლობს და მათ მიმართ განწყობაგამოკვეთილად კეთილია.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველას მხარდაჭერა სჭირდება ქართული სკოლის კომპლექსის ქართულ ეკლესიას, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მოინათლა.

შეხვედრის მონაწილეებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ სკოლაში კედლებზე ნახეს ბევრი ცნობილი ქართველის სურათი, რომლებიც, როგორც ჩანს, სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ სკოლას და ქართულ ეკლესიას, დიდი დაპირებებიც დატოვეს და არაფერი გააკეთეს.

ჩვენი ღირსების საქმეა, ითქვა შეხვედრაზე, რომ, როგორც ეკლესია, ასევე სკოლა იყოს სანიმუშოდ მხარდაჭერილი. სწორედ ამიტომ, იმიტომ რომ ქართველ და ოს ხალხს შორის ურთიერთობას დავუბრუნოთ ადამიანური სახე.

შეკრების მონაწილეებმა გადაწყვიტეს ოფიციალურად დაფუძნდეს „ქართულ-ოსური მეგობრობის მისია“. გადაწყდა, რომ დაფუძნება შედგეს მომდევნო კვირის სამშაბათს, 15 ივნისს. დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლები ეახლებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილიაII-ს და მისი ლოცვა-კურთხევის შემდგომ ეს მისია სხვა განზომილებაში დაიწყებს მოღვაწეობას.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს ღრმა რწმენა, რომ ამ მისიას შემოუერთდება ქართულ-ოსური მეგობრობის იდეით გამსჭვალული უამრავი ადამიანი და ერთობით ბევრი კეთილი საქმეც გაკეთდება.
„თეთრების“ პრეს-ცენტრი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *