(ჯი-ეიჩ ენი)რამ აღაშფოთა ჩეხეთის ელჩი საქართველოში და როგორ ესმის პროფესიონალიზმი?!

logoსააგენტო ჯი-ეიჩ-ენის დირექტორის, ბატონი გოჩა მირცხულავას წერილი გამოხატავს სააგენტოს პოზიციას, რომელიც საინტერესოდ ჩავთვალეთ. ამიტომ უცვლელად ვაქვეყნებთ ჩვენს საიტზე.

“21 თებერვლის დილა იმით დაიწყო, რომ რედაქციაში დარეკა აღშფოთებულმა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ივან იესტრჟაბმა. აღშფოთების მიზეზი კი “ჯი-ეიჩ-ენის” ვეგბვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია აღმოჩნდა – ” სააკაშვილის “ჩაშვება” მისმა თანაგუნდელებმა დაიწყეს” (http://www.ghn.ge/news-83826.html ) .
პირველი და უმთავრესი – ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს მართლაც გააცნეს უწყებაში მიმდინარე გამოძიების ცალკეული საქმეები. ჩეხეთის ელჩმა თავის თავზე აიღო და სრულიად დიპკორუპისის სახელით განაცხადა, რომ “დიპლომატიური კორპუსი აღშფოთებულია ნიუსში ნათქვამი ფრაზის გამო – “პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უცხოელებმა ახალმა ხელისუფლებას უგულავას და სააკაშვილის დაჭერაზე მწვანე აუნთეს”. მან ასევე აღნიშნა, რომ არასწორია, თითქოს “დიპლომატებს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენიათ”. (როგორც ჩანს გაუჩნდათ და ვითომ კარგია? გ.მ.)

ბატონი ელჩი მეკითხება თუ საიდან მაქვს ეს ინფორმაცია. ვპასუხობ რომ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილისგან, თუმცა არ ვუკონკრეტებ რომ ეს ერთ-ერთი მონაწილეც, ასევე უცხოელია. მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო დისკუსია და არავითარი თანხმობა ვინმეს დაჭერაზე არ გაცემულა.

რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი არაა არც პროკურატურა და არც სასამართლო და იმდენი ნამდვილად ვიცით და გვესმის, რომ ვინმეს დაჭერაზე სანქციას ვერ გასცემდნენ. თუმცა მომიწევს დაკონკრეტება და ვიტყვით, რომ იმ არგუმენტებზე, რომელიც პროკურატურამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დიპლომატიურ კორპუსს წარუდგინა, ზოგიერთი “მისი აღმატებულების” სახეზე აშკარად იყო აღბეჭდილი სიანანული. დიახ, იყო კითხვები, მაგრამ გამოცდილ დიპლომატებს ალბათ ისიც უნდა ახსოვდეთ როგორ დასრულდა შეხვედრა. ეს არ იყო შეხვედრა, როდესაც პროკურატურა მიაყენეს კედელთან. ცალკეულ ფრაზებს აქ ნამდვილად არ მოვიყავნ მხოლოდ იმის გამო, რომ მართლაც არ გამოვიწვიო დიპლომატიური სკანდალი.

არც გვიფიქრია , რომ ჩვენი ვარაუდები დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმიკის, რეაქციის, დასმული კითხვებისა და რაც მთავარია, გამოცდილი დიპლომატის მიერ ჩვენთან ინკოგნიტოდ გაკეთებული შეფასების საფუძველზე გამოტანილი დასკვნა – “მწვანე შუქის ანთება”, რომელიმე ელჩისთვის უნდა შეგვეთანხმებინა. ეს ადამიანები მგონი მართლაც ველურებად განგვიხილავენ და საკუთარ თავს იმის უფლებასაც აძლევენ, რომ გვიკარნახონ როგორ ვიფიქროთ.

ისე სადაა იმის გარანტია, რომ ზოგიერთმა დიპლომატმა საქმის მასალები უკვე არ გააცნო თუნდაც იმავე სააკაშვილს ან უგულავას და არ დაუსახელა ის ექს-თანაგუნდელები, რომლებმაც მათ წინააღმდეგ ჩვენება მიცეს?

ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ჩვენი “ნახელავი” არის არაპროფესიონალიზმი. უნდა დავეთანხმო, ნამდვილად არაპროფესიანალიზმია, როდესაც “კოჰაბიტაციას” სთხოვ გაუბედურებულ ათასობით მოქალაქეს. დიახ, მოქალაქეს, რადგან სწორედ მოქალაქეებმა აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც ახლა მართავს ქვეყანას.

კიდევ ჩამოვთვლი სხვა არაპროფესიონალიზმის რამდენიმე ფაქტს. არაპროფესიაონალიზმია 2007 წლის 7 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალებაში დარწმუნებული დიპლომატიური კორპუსი. არაპროფესიონალიზმია 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო “გაპრავება”. არაპროფესიონალიზმი და უზნეობაა სისხლით მორწყულ და სახელდახელოდ “გარეცხილ” რუსთაველზე 26 მაისის გამართულ აღლუმზე დგომა. არაპროფესიაონალიზმია ქართველი სამართალდამცავების მიერ იმავე დიპკორპუსისთვის გაცნობილი “ენვერის” და “ფოტოგრაფების” საქმე და საკუთარ საგარეო უწყებებში გაგზავნილი რაპორტები ამ საქმეებზე. არაპროფესიონალიზმია თუნდაც ერთი პოლტპატიმრის დაუნახავობა, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 200-მდე პოლიტპატიმარზე საუბრობს. არაპროფესიონალიზმია “ცოცხების კადრებზე” დუმილი და არასათანადო შეფასება.

თქვენო აღმატებულებავ, ივან იესტრჟაბ, თქვენ და თქვენს კოლეგებს არც 7 ნოემბერს, არც 26 მაისს გაგიციათ ადამიანების დარბევის ვერდიქტი. ღიად არ გაგიციათ. თუმცა ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ კი გააკეთა ეს “შეფარვით”, მაგრამ მთელი მსოფლიოს დასანახად. დიახ, არც ახლა არ გიბრძანებით ღიად, რომ სააკაშვილი ან უგულავა დაიჭიროთო. უბრალოდ “დისკუსიის” გარდა ვერ შეეწინააღმდეგეთ პროკურატურის მიერ მოკვლეულ და გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცბულებებს, სააკაშვილის თანაგუნდელების მიერ მიცეულ ჩვენებებს.

მართალია, დიპლომატიაში დუმილი ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას, თორემ იმის მტკიცებაც მომიწევს რომ დიპლომატიურმა კორპუსმა გასცა “იმედის” დარბევის ბრძანებაც და ეს ნამდვილად არ შემატებს ღირსებას “მის აღმატებულებებს”. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი და ძალიან ბევრი ჩამოუთვლელი შემთხვევის დროს არ გაუცია დიპკორუსს ღიად ვერდიქტი. თუ ახლა რანგია სხვა? პრეზიდენტზეა საუბარი? ისე მიხეილ საკაშვილი რომ ურჩევნია ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს ორმაგი სტანდარტის მქონე – “დუმილითა თუ დისკუსიით “მწვანე შუქის” მიმცემ “ამღატებულებებს” ამის გაგებაც გაუჭირდება ალბათ აღშფოთებულ დიპკორპუსს.

ისე ახლა ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ისაა, ამ შეხვედრების შემდეგ ელჩებმა, რომ საკუთარ საგარეო უწყებებს რაპორტები გაუგზავნეს რა დირექტივებს მიიღებენ?

სააკაშვილი და უგულავა რომ ნაკლებას აღელვებს დიპლომატიურ კორპუსს ეს გასაგებია. დასავლეთი ახლა სხვა რამეზე ფიქრობს და ეს საფიქრალი მას ივანიშვილის ხელისუფლების ზოგერთმა გაურკვეველმ ნაბიჯმა გაუჩინა. როცა ისინი მყარად დარწმუნდებიან “რაღაც- რაღაცეებში” საფიქრალიც და აღსაშფოთებელიც არაფერი იქნება.

ისე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ სააკაშვილის ჩაშვება მისმა თანაგუნდელებმა დაიწყეს. მიუხედავად გარეგნული სიმტკიცისა, გუნდი ყოველთვის იყო სააკაშვილის აქილევსის ქუსლი. რაც შეხება “კორპუსს” ვნახოთ სადამდე ჩაყვებიან ისინი პრეზიდენტს.

და, საერთოდ, პროფესიონალიზმია აღშოთებული ელჩი რედაქციებში რეაკვდეს და შენიშვნებს აძლევდეს?

P.S. როგორც დაგვპირდა უახლოეს საათებში ჩეხეთის ელჩი “მწვანე შუქზე” და არაპროფესიანალიზმზე წერილს გამოგვიგზავნის. ცუდი არ იქნება თუ იმავე წერილში იმ “დისკუსიისა” და “მწვანე შუქის” შესახებაც ისაუბრებს, რომელიც 7 ნომებერს და 26 მაისს, თუნდაც “ენვერისა” და “ჯაშუში ფოტოგრაფების” საქმეებს ეხება.

გოჩა მირცხულავა,
“ჯი-ეიჩ-ენის” დირექტორი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *