(ინტერპრესნიუსი) მინდია უგრეხელიძე: ყველაზე სწრაფი გზა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის აღძვრაა!

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე ხელისუფლებას ურჩევს, პრეზიდენტის “გაუთვალისწინებელი ქმედებების თავიდან ასაცილებლად”, სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.
“არ არის საჭირო ამდენი ამბავი და საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება, რათა რამენაირად თავიდან აიცილონ პრეზიდენტის მხრიდან გაუთვალისწინებელი ქმედებანი. კონსტიტუცია უნდა გააკეთო ფუნდამენტურად და არ შეიძლება კონიუნქტურულ საჭიროებებს მოარგო, მით უმეტეს, როცა არც არის საჭირო ეს – არსებობს საამისო სხვა მექანიზმი. კერძოდ, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ექვემდებარება იმპიჩმენტს, ამის საფუძველი კი საკმარისზე მეტია. ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, თუკი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრება, ასეთ შემთხვევაში ის კარგავს უფლებამოსილებას, განახორციელოს პარლამენტის და მთავრობის დაშლა. ეს არის უმარტივესი რამ, რომელსაც არ სჭირდება ზედმეტი გართულებები”, – განუცხადა უგრეხელიძემ “ინტერპრესნიუსს”.
მისივე განმარტებით, გაურკვეველია, რის გამო ამბობს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელისუფლება უარს.
“მე მიკვირს, რატომ არასდროს უმსჯელია ხელისუფლებას ამის თაობაზე ან რატომ არ იყენებს ამ მექანიზმს? ვაითუ რამე ისეთია, რაც მათ აიძულებს, რომ ასე არ მოიქცნენ, არადა იმპიჩმენტი არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, ისეთივე დემოკრატიული ინსტიტუტი, როგორიც საპრეზიდენტო ვეტო. ვინ ამიკრძალა მე დემოკრატიული ინსტიტუტის გამოყენება მაშინ, როცა ამერიკაში ის უამრავჯერ არის გამოყენეული პრეზიდენტებისა და მოსამართლეების მიმართ”, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
ამასთან, მისივე განმარტებით, იმ პირობებში, როცა პარლამენტში უმრავლესობას “ქართული ოცნება” ფლობს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარმატებით დასრულება სავსებით შესაძლებელია.
“წინათ, როცა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება, რასაც “ლეიბორისტები” გვთავაზობდნენ, უაზრობა იყო და, პირიქით, ეს იქნებოდა კონტრპროდუქტიული, რადგან თუ პროცედურა დაიწყებოდა, ეს საკითხი ჩავარდებოდა და დოკუმენტი შეიქმებოდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს. დღეს, როცა “ქართული ოცნების” ხელშია უმრავლესობა, გაუგებარია, რატომ უნდა შეიკავო თავი ამისგან, როცა საბოლოო კენჭისყრაზე ხმების 2/3-ია საჭირო”, – განაცხადა მან.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *