წერილი საქართველოს პატრიარქს

osuri_misiaთქვენო უწმიდესობავ,

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით, რწმენით და იმედით და გვინდა გაცნობოთ ერთი ქართული წამოწყების თაობაზე.

ჩვენ, ქართულ-ოსური მეგობრობის მისიით, “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” და მისი ხელმძღვანელის, ბატონი გოჩა ძასოხოვის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 25-26 მაისს ვიმყოფებოდით ჩრდილოეთ ოსეთში, ძირითადში მის დედაქალაქ ვლადიკავკაზში.

ეს იყო პრაქტიკულად პირველი დელეგაცია, რომელიც ტრაგიკული 8 აგვისტოს შემდგომ ეწვია ჩრდილოეთ ოსეთს, მოაწყო დიდი შეხვედრები, როგორც ოსებთან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ქართველებთან.

ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვნახეთ სახლი, სადაც თქვენ დაიბადეთ, სკოლა, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა გქონდათ… ვილოცეთ ეკლესიაში, რომელშიაც თქვენ მოინათლეთ… დიდი რელიგიური დღესასწაული “ლომისობა” აღვნიშნეთ, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებთან ერთად, ასევე ყაზბეგში და ჩვენი მისია დავასრულეთ ამ რაიონის სოფელ სნოში, სადაც თქვენ ქართული კულტურის ცენტრი დააარსეთ.

თქვენო უწმიდესობავ,

ქართველთა და ოსთა შეხვედრებმა, ჩრდილოეთ ოსეთში ქართველებისადმი კეთილმა დამოკიდებულებამ, ქართული სკოლისადმი ადგილობრივი ხელისუფლების განწყობამ დაგვანახა, რომ ქართველთა და ოსთა ტრადიციული მეგობრობა ჩვენი ურთიერთობის დიდი მონაპოვარია, იგი უნდა გაგრძელდეს, მიეცეს მას ადამიანური სახე, რომელიც 8 აგვისტოს შემდგომ დაკარგული აქვს.

ჩვენ ვთვლით, რომ უნდა აღდგეს ქართული ეკლესია, გაძლიერდეს ქართული სკოლა…
სწორედ ამ განწყობით, 15 ივნისს, ვაყალიბებთ ქართულ-ოსურ მისიას.

თქვენო უწმიდესობავ,

ჩვენი წამოწყების თქვენგან კურთხევას უდიდესი ძალა ექნება. თუ თქვენ შესაძლებლად ჩათვლით მიგვიღოთ ამ მისიის წევრები და დალოცოთ ეს მისია _ ეს ჩვენთვის დიდი პატივი იქნება და გეახლებით თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

რწმენით და იმედით,

ქართულ-ოსური მისიის წევრები:

მონა ღვთისა დიმიტრი ჯაიანი

მონა ღვთისა გია ფაცურია

მონა ღვთისა ვასილ კადენეცი

მხევალი ღვთისა ინესა იამანიძე

მხევალი ღვთისა ნათია ავსაჯანიშვილი

მხევალი ღვთისა ლილი ხურითი

მხევალი ღვთისა ნარგიზა ლომთაძე

მონა ღვთისა შალვა წიკლაური

მონა ღვთისა სანდრო კავსაძე

მონა ღვთისა ფერდინანდ ლორთქიფანიძე

მონა ღვთისა თეიმურაზ შაშიაშვილი

2010 წლის 14 ივნისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *