მომავალს სისხლიან ნანგრევებზე არ აშენებენ…

222110_146438502091541_3385693_nვიფიქროთ მომავალზე!

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა – ტირანიაზე, ნეოფაშიზმზე, დიქტატურაზე.

გამარჯვება იმედისმომცემია, საქართველო 1 ოქტომბრიდან მომავლით ცხოვრობს.

თითოეული დეპუტატის მანდატს ჭეშმარიტად ოქროს ფასი დაედო. დეპუტატის ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს სულგანაბული ელოდება ქართველი ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ახლო და შორი მეზობელი, მოძმე და დაუძინებელი მტერი – შინაური თუ გარე.

დეპუტატთა კორპუსის ღირსეული ნაწილი სამ ათეულ ძალადდეპუტატთან ერთად თავის პირველ სხდომას გამართავს მათთვის შეუფერებელ შენობაში, რომელიც აგებულია უღირსი ხელისუფლების მიერ აფეთქებული ქართველთ გმირობის სადიდებელი მემორიალის ნანგრევებზე. ეს ნაგებობა, როგორც პარლამენტის შენობა ბევრი რამის გამო, ცოდვის მატარებელია.

ოჯახში სამი ნიკოლოზის დიდი პაპის, მამისა და შვილის პატრონმა – ნიკოლოზის წმიდა დღესასწაულზე, თავად ნიკოლოზის შვილმა და პატარა ნიკოლოზის მამამ, შვილის დაბადების დღეს, სხვისი შვილის სისხლი დაღვარა; ნგრევის ახირებული და მკრეხელური იდეით შეპყრობილმა დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა, რამაც ჩვენი დროის ცოცხალ კლასიკოსს სიმწრით ათქმევინა: „ფაშისტები ამათთან ანგელოზები არიან. ღმერთო, ამას რას მომასწარი!“

ქვეყანაში არ დარჩენილა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ცნობილი ხელოვანი თუ აღიარებული მეცნიერი, რომ პროტესტი არ გამოეთქვა ბატონ მერაბ ბერძენიშვილის „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული შედევრის ვანდალურად განადგურების გამო.

საქართველო დაისაჯა იმისათვის, რომ სატანური ხელისუფლება აიტანა, ეროვნული ღირსების და პატივის აყრა აიტანა, ქვეყანაში ნგრევის ცნობიერების დანერგვა აიტანა, კანონისა და საკანონმდებლო ორგანოს მოპარვა აიტანა.

პარლამენტი ვერ გააძლიერებს ქუთაისს, დაუპირისპირებს კი ქვეყნის საზოგადოებრივ აზრს.

ისევე, როგორც ყველა სხვა ქალაქს, ქუთაისს არ სჭირდება ის, რაც ოდნავ დაასუსტებს თბილისს, რადგან თბილისის დასუსტება საქართველოს დაუძლურება იქნება.

ძლიერი ქუთაისის გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება. ქუთაისს კი გააძლიერებს არა პარლამენტი, არამედ კულტურის, ბიზნესისა და აკადემიური მეცნიერების განვითარება -ქუთაისის გადაქცევა საუნივერსიტეტო ქალაქად.

პარლამენტის შენობა როგორც ჩანს, საბოლოოდ 300 მილიონამდე დაჯდება, პარლამენტის შენახვის ხარჯები კი ყოველწლიურად 50 მილიონით გაიზრდება. მიეცით ქუთაისს 300 მილიონი: 200 მილიონი ბიზნესის განვითარებისათვის და 100 მილიონი საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოსაყალიბებლად და ქუთაისი გახდება უძლიერესი ევროპული განწყობის თანამედრვე ქალაქი, ერთი ბურჯი და გარანტი თბილისის ძლიერებისა და სრულიად საქართველოს ერთიანობისა.

ახლადმშენებარე დაუმთავრებელი შენობა დაუთმეთ სტუდენტ-ახალგაზრდობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის საქმეში. მით უფრო, რომ თავის დროზე სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, კომუნისტების ეპოქაში, თუ თბილისში ქალაქის მთავარ პროსპექტზე მეფის ნაცვალის სასახლე მოსწავლე-ახალგაზრდობას გადასცეს, რატომ უნდა გაჭირდეს თავისუფალ და დამეოკრატიულ ქვეყანაში ამ შენობის დათმობა საქართევლოს მომავალი თაობისათვის.

მხოლოდ, ერთი აუცილებელი დათქმა – ძალიან ბევრს საუბრობენ შენობის კონსტრუქციის არა უბრალო ავკარგიანობაზე, არამედ – არამდგრადობაზე. არადა, ვიდრე გადაეცემა უნივერსიტეტს, ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს შენობა. თუ მეცნიერ-სპეციალისტთა მიერ ჩაითვლება საშიშად, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ხოლო მის ადგილზე აშენდეს საყდარი.

პარალმენტი კი, როგორც წესი და რიგია, დაუბრუნეთ დედაქალაქს. დაუბრუნეთ იმ შენობას, რომლის კოლონადა და თაღები შემკულია მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრების – ქართული ისტორიული ძეგლების ორნამენტებით. შენობას, რომლის წინ იჭედებოდა საქართველოს უახლესი ისტორია.

ეს ნაბიჯი სწორი იქნება ისტორიულად
ეს ნაბიჯი სწორი იქნება პოლიტიკურად
ეს ნაბიჯი სწორი იქნება სამართლებრივად

ამ ნაბიჯის სისწორეში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი პარლამენტს – „პლაკატი-მხილება“ და თითოეულ დეპუტატს წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“ – რომელიც ეძღვნება ძეგლად ქცეული ქართული სულის ერთ-ერთი სიმბოლოს აფეთქებას, განადგურებას. პლაკატი და წიგნი გამოსცა „თეთრებმა“, უნიკალურია იმით, რომ მათი ავტორია 21-ე საუკუნის საქართველოს ათობით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა, ასობით ღირსეული შვილი, ქართული მეცნიერების, მწერლობის, თეატრისა და კინოს უკლებლივ ყველა კორიფე.

გთხოვთ მიიღოთ პოლიტიკურად სამართლიანი ისტორიული გადაწყვეტილება.

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით
თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 19 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *