მადლობის სიტყვა ფილა-ს სენატორთა კლუბს, მის პრეზიდენტს, მოჭიდავეთა დიდ ოჯახს
ეს არ არის ჯილდო ჩემი ჭიდაობაში წარმატებების გამო…
გუშინ, 21 მარტს ჩემი ბიოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილა) სენატორთა კლუბმა და მისმა პრეზიდენტმა ვერცხლის მედლით დამაჯილდოვა. ეს გაცხადდა სპორტის სასახლეში, სადაც მიმდინარეობს ევროპის პირველობა თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ჯილდოც იქ გადმომეცა და იგი ლეგენდალური რომან რურუასა და ბორის სიუკაევისაგან მივიღე.
ეს არ არის ჯილდო ჩემი ჭიდაობაში წარმატებების გამო. მე იმ ქალაქის მერი და იმ მხარის გუბერნატორი ვიყავი, სადაც ცხოვრობდნენ და რომელთა სახელითაც მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ – ენდი გოგლიჩიძე, თემურ აფხაზავა, დავით ხახალეიშვილი, აკაკი კიბორძალიძე, ირაკლი ცირეკიძე, გოგი კოღუაშვილი. როგორც ჩანს, დაფასდა მთელს ქუთაისთან და იმერეთთან ერთად ჩემი წვლილიც მათ წარმატებაში.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ლეგენდარულ პიროვნებებს ვიცნობ, მათთან ვმეგობრობ, მათი წარმატებებით ვამაყობ. ღმერთმა გაანათლოს დიდი სპორტსმენის და მამულიშვილის, აკაკი კიბორძალიძის სული. ნათელი დაადგეს დიდი მწვრთნელის, უკეთილშობილესი ადამიანის, ილია ბობოხიძის ხსოვნას. მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი მოჭიდავის მსოფლიო სახელი. მეც მან ჩამინერგა ჭიდაობის დიდი სიყვარული.
გუშინდელი ჩემი ჯილდოც მათ ეკუთვნის. დიდი მადლობა, რომ მათ გამო ფილა-ს სენატორთა კლუბის მაღალი ჯილდოს ღირსი გავხდი ლეგენდარულ მოჭიდავეებთან და დიდ მამულიშვილებთან: რომან რურუასთან, ლევან თედიაშვილთან, გურამ საღარაძესთან, ვახტანგ ბლაგიძესთან, დავით გობეჯიშვილთან, მიშა სალაძესთან, ნოდარ მოდებაძესთან, ზარიბეგ ბეგიაშვილთან, დიმიტრი მინდიაშვილთან, ომარ ეგაძესთან ერთად.
მე ეს განწყობა სწორედ ასე გამოვხატე გუშინ, საზეიმო მიღებაზე, რომელიც ფილა-ს სენატორთა კლუბის და ბატონი გოჩა ძასოხოვის სახელით მოაწყვეს ბატონებმა: ბორის სიუკაევმა, რომან რურუამ, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ და რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიოს 47 სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები… ვთქვი შეხვედრაზე რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოსა და ბულგარეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები.
თემურ შაშიაშვილი
22.03.2013წ.
FILA-ს დაჯილდოვება (21.04.2013წ)